თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულება საქართველოს ხელისუფლებას ჩიხში შეჰყავს

თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულება საქართველოს ხელისუფლებას ჩიხში შეჰყავს

შექმნილმა სიტუაციამ შესაძლოა ჩაშალოს ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ოთხი ქართული ტაძრის აღდგენას და აქ არსებული მუსულმანური ძეგლების რესტავრაციას და ერთი მეჩეთის აშენებას ითვალისწინებს.

 

ადვილად დასაშვებია მეზობელი რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხრან - ჯერ თქვენ შეთანხმდით და ერთმანეთში გაარკვიეთ, რის გაკეთების საშუალებას მოგვცემთ მანდ, საქართველოში და ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ გველაპარაკეთო. ხელისუფლება ხელშეკრულების შინაარსს უკანასკნელ პერიოდამდე საგულდაგულოდ მალავდა, თუ არ ჩავთვლით თითზე ჩამოსათვლელ საგაზეთო ინტერვიუებს, მაგრამ სად საგაზეთო ინტერვიუს ეფექტი და სად ცენტრალური ტელეარხებით მომზადებული სიუჟეტები, გადაცემები, რომლებშიც მხოლოდ და მხოლოდ ისტორიულ ტაოში არსებული ქართული ძეგლების მძიმე მდგომარეობაზე იყო საუბარი და არაფერი იყო ნათქვამი, რას მოითხოვდა თურქეთი ქართული ტაძრების აღდგენის სანაცვლოდ.

 

რამდენად პარიტეტულია ხელშეკრულების პროექტი და რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს თან მის გაფორმებას, ეს ცალკე მსჯელობის საგანია. ახლა ყველაზე ცუდი ისაა, რომ ოფიციალურ შეხვედრებზე, ან კონფერენციებზე რაზეც შეიძლება ისაუბრონ, ის ირჩევა ცენტრალური ტელეარხებით, საგაზეთო ინტერვიუებით და თან ძალიან ცუდი ფორმით - გამომწვევად.

 

საპატრიარქოს 18 იანვარს გავრცელებულ ოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, მოლაპარაკების არც ერთ ეტაპზე, ხელისუფლებას საპატრიარქოსთან არ შეუთანხმებია წარდგენილი ტაძრების სია და მოლაპარაკების პირობები. ამასთან, საპატრიარქომ გარკვეული წინადადება წამოაყენა და ისტორიულ ლაზეთში არდაშენის მონასტრის აღდგენა და ხახულიდან მეჩეთის გამოტანა და მნახველებისთვის გახსნა მოითხოვა.

 

ცენტრალური ტელეარხების წამყვანები (და არა მარტო ისინი) კი დაჟინებით ცდილობენ ვითარების ისე წარმოჩენას, რომ საპატრიარქო და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხელშეკრულების გაფორმებას და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულ მიწაზე ჩვენი ტაძრების აღდგენის ეწინააღმდეგება. ახლა რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებს იმას, რომ ტაძრების ნგრევით სახელგანთქმულ ხელისუფლებას საპატრიარქოზე და საზოგადოებაზე უფრო მეტად შესტკივა გული ოშკზე, ხანძთაზე, იშხანზე და ოთხთაზე?!

 

გასულ წლებში ჩაშლილი მოლაპარაკების გამო დღეს სინანულს გამოხატავს კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა ვაჩეიშვილი, რომელიც ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორია; 21 იანვარს, ჟურნალ “ლიბერალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იგი თავის პირად დანაშაულზე საუბრობს - საპატრიარქოს მეჩეთის აშენებაზე კურთხევას ვთხოვდით, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენეთო, მაგრამ დღეს კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში რომ აყენებს, თავის თანაგუნდელებთან ერთად, ამაზე ალბათ, ორი-სამი წლის შემდეგ გამოხატავს სინანულს. 2008-ში ხელშეკრულების ხელმოუწერლობის საქმეში საპატრიარქოს თავის როლზე ჯერ განცხადება არ გაუკეთებია და გამომდინარე აქედან, ტყულებითა და ცრუ დაპირებებით გამორჩეული ხელისუფლების წარმომადგენლის სინანულის სისწორე საეჭვოა.

 

კულტურის მინისტრს, ნიკა რურუას საზოგადოებისთვის ჯერ არ დაუდევს პატივი და ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ნიკა ვაჩეიშვილმა კი, რომელიც თურქეთთან მოლაპარაკების პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, ჯერ ბეჭდურ მედიას მისცა ინტერვიუ და ტელეეთერითაც (პირველი არხი, “აქცენტები“ - 30 იანვარი) გაიმეორა, რომ საპატრიარქო მოლაპარაკების ავანგარდში იქნება, ოღონდ - ტაძრების განახლების საქმეში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებსო. რა ჰქვია ამას, ძალიან მარტივ და გასაგებ ენაზე, მკითხველმა განსაჯოს.

 

თურქეთის რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები დროში რომ გაიწელა და ამ გზაზე გაუგებრობების კორიანტელი დადგა, ამაში ერთადერთი დამნაშავე საქართველოს ხელისუფლებაა თავისი უგუნური, წინდაუხედავი და სულსწრაფი პოლიტიკით. სხვისი მოსაზრების, ან სიტყვების ციტირება, რომ არ მოვიტანოთ მაგალითად, ისევ ნიკა ვაჩეიშვილის 30 იანვრის სატელევიზიო გამოსვლას მოვიშველიებთ - მაშინ მოლაპარაკება ისეთი ინტენსივობით მიდიოდა, რომ ამ პროცესის მიღმა დარჩა საპატრიარქო და საზოგადოება, რომელმაც რაღაც ნიუანსები ვერ გადახარშაო.

 

თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების პირობებზე პირველი საჯარო განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 26 იანვარს გააკეთა - სატელევიზიო პროექტში “პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს“ ისაუბრა ბათუმში მეჩეთის შესაძლო აშენებაზე, რისი საფუძველიც გახდა ხელოვნებათმცოდნე მარიამ დიდებულიძის თხოვნა - “თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, ამასთან დაკავშირებითო“.

 

სააკაშვილმა თავის ვრცელ პასუხში თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლები ფაქტობრივად თურქულად გამოაცხადა და საუბარი ისე წაიყვანა, თითქოს ამ ქვეყანაში ვინმე ეწინააღმდეგება მუსულმანი ქართველების არსებობას, მათ აღმსარებლობას და საქართველოში მეჩეთის აშენებას ანტიქართულ მოვლენად აცხადებს. არადა, რაც თურქეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულების საკითხი გააქტიურდა, არსად, არც ერთ მედია-საშუალებაში, არც ერთ შეხვედრაზე მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაკეთებულა.

 

ხელშეკრულების ამგვარი ფორმით ხელმოწერის მოწინააღმდეგეები გარკვევით ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია სხვა ქვეყნის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - თურქეთის მიერ ბათუმში მეჩეთის აშენება, თორემ, ქართველი მუსულმანები რომ მეჩეთებს აშენებენ და ლოცულობენ, ამაზე თავადაც საუბრობენ - 18 იანვარს, “ქართველ მუსულმანთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ, რეგიონალური ტელეარხ ტვ25-ის ეთერში, გადაცემა “დიალოგში“ განაცხადა, რომ არსებული საკანონმდებლო ბარიერების გამო, მეჩეთებს არეგისტრირებენ, როგორც თხილის საშრობებს, შემდეგ, აშენებულ შენობაში შედიან და ლოცულობენ. ამასთან, ნაკაიძემ თქვა ისიც, რომ ქობულეთის რაიონში, სოფელ მუხაესტატეში მეჩეთი დაანგრიეს და იმ ადგილას პოლიციის შენობა დადგეს!

 

აზიზიეს მეჩეთის აშენებაში პრობლემის ვერდამნახავები

თურქეთში ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ გარკვეული პირები, რომლებიც მას-მედიით გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ. ამ მხრივ, გამორჩეულია ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის პოზიცია - იმდენად მნიშვნელოვანია თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრების აღდგენა, რომ პირადად მე იმაზე ვარ თანახმა, რომ თქვან, იმ ოთხის აღდგენის სანაცვლოდ აქ ოთხი მეჩეთი აშენდებაო. ეს განცხადება ოთხმეზურმა 21 იანვარს, გადაცემა “ბარიერში“ გააკეთა, რომელიც ტელეკომპანია “კავკასიას“ ეთერში გადის.

 

ხელისუფლების მხრიდან ზემოაღნიშნულ საკითხზე ტრადიციულ ბრიფინგებზე დროდადრო საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძე, რომელიც მხოლოდ სიახლეების გახმოვანებით შემოიფარგლება და ხანდახან ამასაც არასწორად აკეთებს; მას-მედიის საშუალებებში დროდადრო ჩნდება ნიკა ვაჩეიშვილი, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს საკითხი; იანვრის დასაწყისიდან გააქტიურდა ხათუნა ოჩიაური, რომელიც საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

 

რაც შეეხება ხელოვნებათმცოდნეებს, რომლებიც ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებაში პრობლემას ვერ ხედავენ და ამაზე განცხადებებს მას-მედიით აკეთებენ, ესაა მარიამ დიდებულიძე, რომელიც ამავდროულად გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი და თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრია; ნესტან თათარაშვილი და ბოლოს, გოგი ხოშტარია, გამსახურდიასდროინდელი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამჟამად თავად მას არანაირი თანამდებობა არ უკავია, მაგრამ სამაგიეროდ, თანამდებობის პირის მამაა - მისი ქალიშვილი ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის მოადგილეა.

 

ისტორიკოსებიდან გიორგი ოთხმეზური და ჯაბა სამუშია აქტიურობენ. ეს უკანასკნელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ამასთან, მედია-სახლ “კვირის პალიტრაშიც“ მუშაობს - რადიო “პალიტრაში“ გადაცემა მიჰყავს და ჟურნალ “ისტორიანაშიც“ წერს. მას-მედიით ერთხელ გამოჩნდა და ისაუბრა, მაგრამ ხშირად ახსენებენ აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძეს.

 

30 იანვარს, პირველ არხზე, გადაცემა “აქცენტებში“ თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია გამოვიდა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ბუბა კუდავასთან ერთად. მათ მადლობა გადაუხადეს ხელისუფლებას ისტორიულ ტაოში არსებული ქართული ძეგლების მძიმე მდგომარეობით დაინტერესების გამო.

 

იუნესკოს ჩარევაზე ხელისუფლების პოზიცია და მოსალოდნელი ნგრევის საფრთხე

როცა ჟურნალისტები ხელისუფლების პოზიციის გამზიარებლებს უსვამენ შეკითხვებს იუნესკოს საშუალებით ქართული ტაძრების აღდგენის შესახებ, პასუხები ასეთია შინაარსისაა: დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ორი-სამი წლის მერე იუნესკო, რომ რამეს გადაწყვეტს, ოშკი აღარ იქნებაო.  იუნესკოს ეგიდით ქართული კულტურის ძეგლების შესაძლო გადარჩენის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც იყო ნათქვამი.

 

10 იანვარს, “კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნიკა ვაჩეიშვილი ჟურნალისტის კითხვაზე - არც ერთი ქართული ძეგლი არ შედის იუნესკოს სიაში და რამდენად შესაძლებელია ეს მოხდესო - ვაჩეიშვილი პასუხობს: “ამისთვის თურქეთმა უნდა წარუდგინოს იუნესკოს ეს ძეგლები“. ჟურნალისტი კითხვას უბრუნებს: ”თუ ყოფილა საუბარი ამის შესახებ თურქულ მხარესთან, ხომ არ მიგიმართავთ თხოვნით ან რჩევით?” პასუხი: “ჯერ ამ ძეგლებს აღდგენა და გადარჩენა სჭირდება. იუნესკოს მფარველობაში დანგრეული და უპატრონო, ყოფნა-არყოფნის პირას მყოფი ძეგლები არ შედის“. 

 

ამასთან, ხშირად მოჰყავთ მაგალითად 2007 წელს ხანძთის გუმბათის ჩამოშლის ამბავი; ეს გაწელილი მოლაპარაკების შედეგია და იგივე ბედი შეიძლება ოშკმაც გაიზიაროს, - ამბობენ და იქვე საპატრიარქოსკენ ათითებენ, მაგრამ ავიწყდებათ ის, რომ ხელშეკრულება ხელმოსაწერად 2008 წელს გამზადდა, ხოლო ხანძთის გუმბათი 2007-ში ჩამოიშალა.

 

საპატრიარქოს მხარდამჭერი განცხადებები

18 იანვარს, საღამოს, საპატრიარქოს განცხადებას, რომელიც მას-მედიის საშუალებების უმეტესობამ 19 იანვარს გაავრცელა, მოჰყვა გარკვეულ ორგანიზაციათა მხარდამჭერი განცხადებები. 20 იანვარს თბილისში განცხადება “ქართულმა პარტიამ“ გააკეთა - ხელისუფლება “საპატრიარქოს უფლებამოსილების იგნორირებაში“ დაადანაშაულა და ისტორიული ძეგლების აღდგენის თაობაზე თურქეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში საპატრიარქოს ჩართვა მოითხოვა. “ქართულ პარტიაში" მიიჩნევენ, რომ საპატრიარქოს განცხადებაში გამოთქმული უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ თურქეთისთვის წარდგენილი აღსადგენი ტაძრების სია და მოლაპარაკების პირობები ამ ტაძრების ისტორიულ მესაკუთრესთან - საქართველოს საპატრიარქოსთან არ შეთანხმდა, საფუძვლიანია.

 

21 იანვარს ბათუმში “სახალხო კრების“ აჭარის წარმომადგენლობამ გააპროტესტა ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრების აღდგენის საკითხის საპატრიარქოსთან შეუთანხმებლობა - საჯარო მოხელეები თურქულ მხარესთან მოლაპარაკებას საპატრიარქოს გვერდის ავლით ახორციელებენ. ეკლესიების მმართველი საქართველოს საპატრიარქოა და ამიტომ შეთანხმების პროცესში სასულიერო პირების ჩართვა აუცილებელიაო. “სახალხო კრებამ“ ტაო-კლარჯეთში ტაძრების განახლების სანაცვლოდ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენის გეგმაც გააპროტესტა.

 

24 იანვარს საზოგადოებრივი მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ გააკეთა საჯარო განცხადება, რომ თურქეთის ტერიტორიაზე  ქართული ტაძრების აღდგენის საქმეში საპატრიარქოს ჩართვა აუცილებელია და ამასთან, საპატრიარქოს პოზიციას, ხელშეკრულებაში სამართლიანობის და თანაბარუფლებიანობის დაცვასთან დაკავშირებით, მხარდაჭერას უცხადებს.

 

26 იანვარს “ხალხის პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია გარკვეული ინიციატივით გამოვიდა - ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ისტორიული ძეგლების აღდგენისა და მის სანაცვლოდ საქართველოში მეჩეთების აგების შემთხვევაში საქართველო-თურქეთს შორის ხელშეკრულებაში დამატებითი პუნქტი შეიტანონ, რომელიც ქართულ მხარეს თურქეთში, ქართველებით დასახლებულ სოფლებში საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საშუალებას მისცემს. “ხალხის პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ჯუმბერ თავართქილაძე ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენების შესახებ თურქეთის მოთხოვნას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ მსგავსი მოთხოვნის გამო თურქეთი მეგობარ ქვეყნად აღარ უნდა ჩაითვალოს.

 

თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გამორჩეულად აქტიურია “რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, მურმან დუმბაძე. 12 იანვარს მისი ინიციატივითა და ბათუმელი “რესპუბლიკელების“ ეგიდით მოეწყო შეხვედრა ბათუმის პრეს-კაფეში, რომელზეც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მიიწვიეს. 3-საათიან შეხვედრას დაახლოებით 50 ადამიანი ესწრებოდა (მათ შორის ჩვენც გახლდით) და აქედან მხოლოდ 2 ადამიანი იზიარებდა ხელისუფლების პოზიციას.

 

ბათუმში ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

13 იანვარს მურმან დუმბაძის ინიციატივით ბათუმში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელშიც აღნიშნულია:

 

“...მიგვაჩნია, რომ ხელმოსაწერად გამზადებული ხელშეკრულება პრაქტიკულად  სცილდება ორი ქვეყნის კულტურული თანამშრომლობისა და შეთანხმების ურთიერთობათა სფეროს და წარმოადგენს ბოლომდე გაუაზრებელი პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტს, რომელიც არ ითვალისწინებს ბათუმის მოსახლეობის, მათ შორის ქრისტიანი და მუსლიმი ქართველების განწყობათა რეალობებს.

 

გამომდინარე აქედან, ვურჩევთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ამ ნაჩქარევი დოკუმენტის აღნიშნული შინაარსით ხელმოწერაზე და გაითვალისწინოს საკითხის რელიგიურობიდანაც გამომდინარე საქართველოს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს კონსტიტუციური შეთანხმების მე-9-ე მუხლი. ამასთან, ვადასტურებთ, რა მეზობელი თურქეთის სახელმწიფოს მიმართ ჩვენს განსაკუთრებულ კეთილგანწყობას, ვთხოვთ თურქეთის ხელისუფლებას, გაგრძელოს კონსულტაციები, ამ მართლაც ისტორიული შეთანხმების მისაღწევად, ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით”.

 

14 იანვარს, ბათუმში “აჭარის მამულიშვილთა კავშირმა“ გააკეთა განცხადება;

 

ეს ორგანიზაცია ორი მოთხოვნით გამოვიდა - დროებით უნდა შეჩერდეს თურქეთსა და საქართველოს შორის ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღდგენაზე მოლაპარაკება და ჟურნალისტებმა არ უნდა გააშუქონ ორი სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანის დაპირისპირება. “აჭარის მამულიშვილთა კავშირს“ მიაჩნია, რომ ამ თემაზე, უნდა იმსჯელოს ერთმა გამოცდილმა სპეციალისტმა და რომ მედიაში ორი, განსხვავებული აზრი არ უნდა დაფიქსირდეს. ორგანიზაციის ლიდერის, ნიაზ ბოლქვაძის განცხადებით, “თურქეთიზაციის“ საბოლოო, დამაგვირგვინებელი ეტაპი იქნება აჭარაში აზიზიეს მეჩეთ-მუზეუმის მშენებლობა, რაც საქართველოს ერთიანობას უქმნის საფრთხეს და აჭარას ოსმალთა იმპერიაში დაბრუნებით ემუქრება.