ანჯელინა ჯოლიმ ინტერვიუში ბრედ პიტის დაშორების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ როცა განქორწინების საქმე დასრულდება, ლოს-ანჯელესის დატოვებას და საცხოვრებლად კამბოჯაში გადასვლას აპირებს.
ჯოლიმ თავისი პირველი შვილი, მედოქსი, სწორედ კამბოჯაში იშვილა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციაც დააარსა, რის გამოც მსახიობს 2005 წელს კამბოჯას მოქალაქეობა მიენიჭა და იქ სახლიც აქვს.
მსახიობები ერთმანეთს 2016 წელს ცნობილი ინციდენტის შემდეგ დაშორდნენ, როდესაც ანჯელინას თქმით, პიტმა მასზე და მათ უფროს შვილ მედოქსზე ფიზიკურად იძალადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. წყვილის სასამართლო პროცესი ბავშვებზე მეურვეობისა და ქონების გაყოფისთვის დღემდე გრძელდება. ამჟამად მსახიობებს შვილებზე თანაბარი უფლებები აქვთ.
ანჯელინამ ახსენა ისიც, რომ 2016 წლის შემდეგ მხოლოდ იმ გადაღებებს თანხმდებოდა, რომელიც დიდხანს არ გაგრძელდებოდა, რადგან განქორწინების პროცესის დაწყების შემდეგ მას და მის შვილებს უკეთ გახდომისთვის დრო სჭირდებოდათ. მსახიობის თქმით, შვილები მისი საუკეთესო მეგობრები და უახლოესი ადამიანები არიან.
"თავს კარგად არ ვგრძნობ. ასე მგონია, რომ უკვე წლებია, საკუთარი თავი დავკარგე. განქორწინების შემდეგ ბავშვების მეურვეობის გაყოფის გამო იმდენად თავისუფლად ვეღარ ვმოგზაურობ და ვცხოვრობ, მაგრამ ვგეგმავ, რომ როგორც კი შევძლებ, საცხოვრებლად კამბოჯაში გადავიდე", — აღნიშნავს მსახიობი.
ჯოლი ამბობს, რომ ლოს-ანჯელესში სოციალური ცხოვრება ფაქტობრივად არ აქვს, რადგან მედიამ მისი ყოველი ნაბიჯი იცის. მისი თქმით, დღესდღეობით ცნობილი ადამიანების ცხოვრება მთლიანად საჯაროა და პირადი სივრცის ქონის უფლებას არ გიტოვებს, რის გამოც, კარიერას ახლა რომ იწყებდეს, მსახიობი არ გახდებოდა.
ანჯელინა იმასაც ამატებს, რომ რადგან მსახიობების ოჯახში გაიზარდა, ჰოლივუდი მისთვის განსაკუთრებული ადგილი არასდროს ყოფილა, პირიქით, იქ ცხოვრება ყალბად ეჩვენება.
"ჰოლივუდი ბავშვის გასაზრდელად არც ისე კარგი ადგილია და იმის გამო, რომ ჩემი ცხოვრება ლოს-ანჯელესში გავატარე, ბავშვობიდან რაღაც ავთენტურს ვეძებდი, რაც ამ ზედაპირული ყოველდღიურობისგან განსხვავდებოდა.
რატომ მიყვარს დროის ომგამოვლილ ადამიანებთან გატარება? იმიტომ, რომ მათ იმდენი რამ გამოიარეს, რომ არამხოლოდ მამაცები გახდნენ, არამედ უფრო მეტად ადამიანურები და ბუნებრივები. გავიაზრე, რომ ჩემი უახლოესი ექვსი მეგობრიდან ოთხი ლტოლვილია", — ამბობს ჯოლი.
ანჯელინა წლების განმავლობაში აქტიურად ეხმარება ლტოლვილებს და გაეროსთან თანამშრომლობს. წინა წელს ის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ჩავიდა და ქალაქ კრამატორსკის დაბომბვის შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა.
ამჟამად ჯოლი მარია კალასის როლზე მუშაობს. ფილმის, სახელად Maria, გადაღებები უკვე დაიწყო, მისი რეჟისორი კი პაბლო ლარაინია. ფილმი მარია კალასის მსოფლიო აღიარებისა და ამავდროულად, მომღერლის ტრაგიკული ისტორიის შესახებაც გვიამბობს. ცოტა ხნის წინ მსახიობმა ნიუ-იორკში მოდის სახლი Atelier Jolie გახსნა.