ნეტფლიქსის რეალითი შოუ Squid Game: The Challenge-ის გამარჯვებული 55 წლის მაი ვეილენი გახდა და $4.56 მილიონი მოიგო. ნოემბერში ნეტფლიქსმა პოპულარული სერიალ Squid Game-ის მიხედვით გადაღებული რეალითი შოუ გამოუშვა.
გადაცემაში 456 მოთამაშე ერთმანეთს $4,56 მილიონის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდა. Squid Game: The Challenge რეალითი ტელეშოუების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროექტადაც მიიჩნევა. შოუში მონაწილეობის მსურველების ძიება 2022 წლის ზაფხულში, მთელ მსოფლიოში დაიწყო. ნეტფლიქსი რეალითი შოუს შემდეგ სეზონს 2024 წელს გამოუშვებს.
ბუნებრივია, შოუში, სერიალისგან განსხვავებით, არავინ მომკვდარა, თუმცა თამაშების სპეციფიკა, გადასაღები მოედანი, მოთამაშეების ჩაცმულობა და მსგავსი დეტალები სწორედ კალმარის თამაშის ესთეტიკას იმეორებდა.
სერიალს უფრო საინტერესოს რეალური ადამიანების ისტორიები ხდიდა. თამაშებთან ერთად, მაყურებლებს მათი პიროვნებისა თუ წარსულის გაგების საშუალება ჰქონდა და იმასაც ხედავდა, როგორ აყალიბებდნენ მოთამაშეები სტრატეგიას, ქმნიდნენ ალიანსებს, ემშვიდობებოდნენ მეგობრებს და გამარჯვებისთვის იბრძოდნენ.
კალმარის თამაშმა 2021 წლის შემოდგომაზე, გამოსვლიდან 25 დღეში, რეკორდი დაამყარა და 111 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა. სერიალში სიუჟეტი იმ ადამიანების გარშემო ვითარდება, რომლებიც უფულობის გამო სასიკვდილო თამაშში ერთვებიან.
კალმარის თამაშის რეჟისორს მისი შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2008 წელს გაუჩნდა, თუმცა, სანამ შეთავაზებას ნეტფლიქსი დათანხმდებოდა, სერიალის გადაღებაზე მას უარს 10 წლის განმავლობაში ეუბნებოდნენ. Squid Game-ის მეორე სეზონს 2024 წელს ვიხილავთ.