ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმად საქართველოს მთავრობა მათთვის მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობების შესუსტებას მიიჩნევს. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიაშია“ ნათქვამი.
როგორც For.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიაში გათვალისწინებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა. ეს კი მნიშვნელოვანია ამ ტიპის დამნაშავეების გავლენის შესამცირებლად.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52–ე მუხლი ითვალისწინებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას, რაც გულისხმობს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების, აგრეთვე, ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების, ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. აღსანიშნავია, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ინიშნება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულისთვის იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული“, - განგვიმარტეს შს სამინისტროში.
ამასთან, გვაცნობეს, რომ მკაცრად მიექცევა ყურადღება, რათა არ მოხდეს იმ ქონების გამიზნულად ჩამორთმევა, რომელიც დანაშაულებრივი გზით არ არის მოპოვებული.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით ყოფილი ხელისუფლება თავს იწონებდა, თუმცა რეალობა სხვაგვარი იყო. დღეს უკვე ექსპერტები თანხმდებიან, რომ კრიმინალები და ორგანიზებული დანაშაულის წევრები სწორედ ყოფილმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლა და განურჩევლად იმისა, დამნაშავე იყო თუ არა ადამიანი, მას ერთნაირი წარმატებით ართმევდნენ ქონებას. ასე მოხდა ბიზნესმენების, ცალკეული მოქალაქეების შემთხვევაში, როცა მათ ქონებას ნაციონალები „ორგანიზებული წესით“ დაეპატრონენ.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2006 წელს, სააკაშვილმა კანონიერ ქურდს, შაქრო კალაშოვს წყნეთში არსებული მდიდრული ვილა პომპეზურად ჩამოართვა. ყოფილი ხელისუფლება იმასაც ირწმუნებოდა, რომ 2009 წელს მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციებში სწორედ დამნაშავეთა ძლიერმა კარტელებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი და ისინი სააკაშვილის დამხობას ცდილობდნენ.
თუმცა პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შაქრო კალაშოვს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სწორედ მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა კალაშოვისავე „რეზიდენციაში“, წყნეთში და როცა ნაციონალები ოპოზიციას ადანაშაულებდნენ კრიმინალებთან ურთიერთობისთვის, სწორედ საკუთარი მაგალითით უნდა ეხელმძღვანელათ.
ეჭვებს ისიც ამყარებდა, რომ 2009 წელს მადრიდში გამართულ სასამართლო პროცესზე, კალაშოვის წინააღმდეგ დაპირებული ჩვენების მისაცემად, საქართველოს სოდ-ის წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ და კალაშოვთან დაპირისპირებას მოერიდნენ. მიზეზად კი იშველიებდნენ, რომ თურმე მოწმეებად გასაგზავნი სოდ-ის ორი ჩინოსანი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან სპეციალურ ოპერაციებში იყო ჩართული და მათი საქმისგან მოწყვეტა არ შეიძლებოდა.
ეს წარსულში ხდებოდა... დღესდღეობით კი საინტერესოა, რას შეცვლის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია? რა სქემას მიუყენებენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც, მართალია, ორგანიზებული დანაშაულის წევრებად არ მოიაზრებიან, მაგრამ ზუსტად ამ სქემასთან მიახლოებული წესით ერთობლივად მოქმედებდნენ და ართმევდნენ ქონებას ბიზნესმენებსა თუ მოქალაქეებს?!
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია“ ამ ტიპის დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი აუცილებელი მცდელობა იქნება და დამნაშავეებს სასამართლოს მეშვეობით დაუმტკიცდებათ დანაშაული. მართალია, კანონიერი ქურდებისა და ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ ანალოგიური პრაქტიკა წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა, მაგრამ ახალი ხელისუფლების პირობებში, სავარაუდოდ, დამატებითი სასჯელზე გადაიტანენ აქცენტს და სწორედ დანაშაულის ჩადენის პერიოდში შეძენილ ქონებაზე იქნება საუბარი.
რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებულად ჩადენილ დანაშაულს, თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს. თუმცა საეჭვოა, ორგანიზებული დანაშაულის მუხლმა უფრო ფართო გავრცელების პრაქტიკა ჰპოვოს. ექსპერტის თქმით, დღევანდელი სასამართლო პროკურატურის ზეწოლისგან ბევრად უფრო თავისუფალია და მათ ობიექტურობის მეტი შანსი აქვთ.
„როცა საუბარია ყოფილი ხელისუფლებისთვის უკანონოდ მოპოვებული ქონების ჩამორთმევაზე, რა თქმა უნდა, ასეთი არაერთი ფაქტი იყო განსაჯაროებული, თუ როგორ ხდებოდა ყოფილი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში საკუთრების უფლების ხელყოფა, მაგრამ ამ ეტაპზე, ახალი ხელისუფლების მხრიდად, რაიმე მზა რეცეპტი არ არსებობს, რათა მოხდეს ამ ქონების დაბრუნება პირველადი მეპატრონისთვის“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ, როგორც წესი, ორგანიზებული დანაშაული არ იკეტება კონკრეტული ქვეყნის ფარგლებში და ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამოწვევა და შავი ჭირია. ამიტომ ამას სასტიკი ბრძოლა სჭირდება, მაგრამ სულ სხვაა ლოკალურ, ყოფით დანაშაულთან ბრძოლა და გაცილებით რთულია იმ დიდ უბედურებასთან ბრძოლა, რასაც საერთაშორისო დონეზე მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებები ჰქვია და, რომელთა ინტერესებიც საქართველოზე გადის.
„როცა ასეთ მასშტაბურ და საქართველოსთვის ძალზე საშიშ მოვლენაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, ამ ორგანიზებულ დამნაშავე ჯგუფზე პასუხი მხოლოდ შს მინისტრს მოეთხოვოს და მხოლოდ მან დაამტკიცოს ასეთი პროგრამა. ეს დიდი უპატივცემულობა იქნება ამ ძალიან კარგი ადამიანის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. ამით პროფანაციას გავუკეთებთ ამ უდიდეს პრობლემას. ამ პრობლემის გამარტივება, რომ, თუ ქართველი ენერგიული და ყოჩაღი ბიჭები დაიჭერენ ორგანიზებულ ჯგუფს, მას ჩამოართმევენ ქონებას და ამ შიშით ორგანიზებული ჯგუფები რაიმე საქმიანობაზე უარს იტყვიან, არ იქნება საკმარისი. თუ ბანდიტურ ჯგუფებში ვიგულისხმებთ ცალკეულ ჯგუფებს, რომლებიც სხვადასხვა სოფლებში ყაჩაღობენ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ, ათასჯერ უფრო დიდი ბანდიტური ჯგუფები მოქმედებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც და ისინი ჩართულნი არიან დიდ საერთაშორისო ქსელში - ნარკოტიკების ტრანზიტში, ტრეფიკინგში, იარაღით ვაჭრობაში“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.
რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ერთობლივად ჩადენილ დანაშაულს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ დანაშაულის გამოკვლევა და დადასტურება აუცილებელია. უფრო მეტიც, არსებობს რესპუბლიკანიზმის ცენტრალური პრინციპი, რაც იკავებს დასავლურ ცივილიზაციას. კერძოდ, დასავლეთში, ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა იციან, რომ მოვა ახალი ხელისუფლება და მათ მიერ გაკეთებულ ყველა საქმეს გამოამზიურებს. ამიტომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს არის უდიდესი შემაკავებელი ფაქტორი, რათა მათ დანაშაული არ ჩაიდინონ. ექსპერტის თქმით, ამ პრინციპის დანერგვა საქართველოსთვისაც აუცილებელია და ახალი ხელისუფლების ვალია, ყველაფერი დაფარული საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
ამდენად, თუ რაიმე დანაშაული აქვს ყოფილ ხელისუფლებას ჩადენილი, მათ პასუხი უნდა აგონ სასამართლოს წინაშე. უფრო მეტიც, დემურ გიორხელიძის აზრით, ჩვენ რომ დასავლური ტიპის სახელმწიფო ვიყოთ, კანონი აქ რაიმეს წარმოადგენდეს და საზოგადოება სხვის ხელს მიჩერებული არ იყოს, უკვე სერიოზული საქმეები იქნებოდა აღძრული.
„მართლაც არსებობს სერიოზული ეჭვები წინა ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ამას იურიდიული შეფასება უნდა მიეცეს. მოხდება თუ არა მათი ქონების ექსპროპრიაცია, ესეც სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს“, - მიიჩნევს ექსპერტი.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე თვლის, რომ საქართველოში მაფიოზური დაჯგუფებები არ არსებობს და ორგანიზებული დანაშაულის პრინციპით ებრძოდნენ მაფიას იტალიაში. ამდენად, უცხოეთში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გამოყენებულ იქნა კონკრეტული დროის განმავლობაში კონკრეტული დანაშაულებრივი ჯგუფების შესასუსტებლად. ჩვენ კი ასეთი პრობლემა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არიან ცალკეული პირები, რომელთაც დანაშაულებრივი ხერხებით აქვთ გარკვეული ქონება დაგროვილი. თუმცა ეს არის კონკრეტული დანაშაული და ამას არ სჭირდება მაინცდამაინც რაღაც საკანონმდებლო უზრუნველყოფა.
„მაფიოზური დაჯგუფებები საქართველოში არ არსებობს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, საზოგადოებას ბევრი მოთხოვნა აქვს და, მათ შორის, ერთ-ერთია „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯა. თუმცა არის კონკრეტული დანაშაული, არსებობს სასამართლო, არსებობს გამოძიება და, შესაბამისად, თუ ვინმეს რაიმე უმტკიცდება, ამისთვის უნდა დაისაჯოს და ამას არ სჭირდება, არც კამპანიური ხასიათი, არც სტრატეგიის შემუშავება. მეტიც, ამისთვის არსებობს ქართული კანონმდებლობა, რომელიც საკმაოდ დახვეწილია და დამნაშავის დასასჯელად თავისუფლად შეიძლება გამოიყენონ“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
მისივე თქმით, დანაშაულებრივი დაჯგუფების შესასუსტებლად ფინანსური სანქციების დაწესება პრობლემური იქნება და გაცილებით უფრო გაართულებს ჩვენს საკანონმდებლო ბაზას. ექსპერტი იხსენებს, რომ თავის დროზე, ზუსტად ასეთი პრინციპი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შესაშინებლად, მიუხედავად იმისა, რომ არ მოუხდენია ამის დეკლარირება. პირველ ეტაპზე, ეს მოწინააღმდეგეები იყვნენ შევარდნაძის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებისგანაც მოხდა ფულის ექსპროპრიაცია, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩამორთმეული ფული სახელმწიფოს გასაძლიერებლად კი არ იქნა გამოყენებული, არამედ ცალკეულ ფონდებში გადაირიცხა და შემდეგ საერთოდ გაქრა.