ცნობილ კოლუმბიელ მსახიობსა და მოდელს სოფია ვერგარას მალე ძალიან უჩვეულო როლით გავიცნობთ. ვერგარა, რომელმაც სახელი კომედიებში მონაწილეობით გაითქვა, ნეტფლიქსის ახალ მინისერიალში ნარკობარონესას განასახიერებს.
სერიალი Griselda ნამდვილი ნარკომოვაჭრის, "შავ ქვრივად" და "კოკაინის ნათლიად" წოდებული გრისელდა ბლანკოს ცხოვრებას ეფუძნება. ბლანკო 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ნიუ-იორკისა და მაიამის ნარკოვაჭრობის უდიდეს ქსელებს ედგა სათავეში. 1985 წელს იგი დააპატიმრეს. ბლანკო ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც დანაშაულებრივი საქმიანობით მილიარდერი გახდა. "შავი ქვრივი" მშობლიურ კოლუმბიაში 2012 წელს მოკლეს.
გრისელდა ბლანკოს ამბავი აქამდეც არაერთი ცნობილი ფილმისა თუ სერიალის შთაგონების წყაროდ ქცეულა. ნეტფლიქსის ახალ სერიალში კი მისი ცხოვრების ორ განსხვავებულ მხარეს ვიხილავთ: როგორ აშენებდა ის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ნარკოიმპერიას და პარალელურად როგორ ზრდიდა სამ შვილს.
მინისერიალის რეჟისორი ანდრეს ბაისია, ერთ-ერთ პროდიუსერად კი თავად სოფია ვერგარაც გვევლინება. როგორც ცნობილია, ვერგარა და კიდევ ერთი პროდიუსერი ლუის ბალაგერი პროექტზე რვა წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
გრისელდას პრემიერამდე კი თვეზე ოდნავ მეტი რჩება. სერიალის ექვსივე ეპიზოდი ნეტფლიქსზე მომავალი წლის 25 იანვარს განთავსდება.