ოქსფორდის წლის სიტყვა ცნობილია — 2023 წლის მიწურულს, ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ დაასახელა ტერმინი, რომელიც ბოლო თორმეტი თვის განწყობას საუკეთესოდ ასახავს. ეს გახლავთ საუბრულ ინგლისურში გამოყენებული სიტყვა Rizz, რომელიც ლექსიკონით განისაზღვრება, როგორც "პეწი, მიმზიდველობა ან ეშხი". უფრო ზუსტად, ეს არის სასიყვარულო ან სექსუალური პარტნიორის მოხიბვლის უნარი. ტერმინი ინტერნეტსივრცეში გაჩნდა რამდენიმე წლის წინ და ფიქრობენ, რომ ის სიტყვა "ქარიზმის" შემოკლებული ვარიანტია.
წლის სიტყვის შერჩევაში საწყის ეტაპზე 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ მიერ დასახელებული ტერმინებით მოკლე სია შედგა, რომელიც მოგვიანებით ოთხ ფინალისტამდე შეიკვეცა. ფინალში Rizz-თან ერთად მოხვდნენ:
Swiftie — ტეილორ სვიფტის ფანების მეტსახელი;
Prompt — პირდაპირი მნიშვნელობით, "ბიძგის მიცემა". წელს კი განიმარტა, როგორც ხელოვნური ინტელექტის პროგრამისთვის ბრძანების მიცემა, რომლის მიხედვითაც ის სხვადასხვა მასალას (ტექსტს, სურათს) აგენერირებს;
Situationship — ორი სიტყვის შეერთება: Situation ("სიტუაცია") და Relationship ("ურთიერთობა"). თანამედროვე სლენგზე აღნიშნავს არაოფიციალურ ან ჩამოუყალიბებელ სასიყვარულო/სექსუალურ ურთიერთობას.
თუმცა, საბოლოოდ, წლის სიტყვად Rizz დასახელდა, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ახალ თაობაში სარგებლობს.
"შარშანდელი წლის სიტყვა 'გობლინის რეჟიმი' იყო, რომელიც პანდემიის შემდეგ ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობი მდგომარეობა გახლდათ", — აღნიშნავს ოქსფორდის ენების განყოფილების ხელმძღვანელი, კასპერ გრეთუოლი, — "საინტერესოა, რომ წელს ამ სიტყვისგან სრულიად განსხვავებული მნიშვნელობის ტერმინმა წამოიწია წინ. ის ალბათ კარგად გამოხატავს 2023-ის განწყობას, როცა რთული ბოლო წლების შემდეგ თავდაჯერებულობას ვიკრებთ".
როგორც წესი, ოქსფორდის წლის სიტყვად ისეთი ტერმინი ირჩევა, რომელსაც "კულტურულ ცხოვრებაზე ხანგრძლივი ზეგავლენის მოხდენის პოტენციალი" აქვს, ან ისტორიის კონკრეტულ მომენტს იჭერს და საუკეთესოდ ასახავს. სხვადასხვა დროს ოქსფორდის წლის სიტყვა გამხდარა "ვაქცინა" (2021), "კლიმატის კრიტიკული მდგომარეობა" (2019) და "სელფი" (2013).