ქართველი ჯარისკაცების მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ, სისტემატიური სახე მიიღო. ვინ დაგს ყოველივე ამის უკან, ამას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ექსპერტები კი მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბროებენ. თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისთვის მიუღებელია და დანაშაულად მიიჩნევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით მიზანმიმართულ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.
„დღეს საქართველოს ჰყავს შეიარაღებული ძალები, რომელსაც შეუძლია საკადრისი პასუხი გასცეს მოწინააღმდეგეს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს უფრო მეტი ხელფასი, აცვია უკეთესი ფორმა და აქვთ უკეთესი კვება და რაც მთავარია, არის აპოლიტიკური. ეს არის ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა. დარწმუნებული ვარ, ჯარშიც და საზოგადოებაშიც, ამ თემაზე ადეკვატური ინფორმაცია არსებობს“, - განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს უმაღლესი შეფასება, მათ შორის ნატოსა და ევროპისგან და მსგავსი პატარა ინფორმაციები საქართველოს სვლას ევროატლანტიკური მიმართულებით ვერ შეაჩერებს. ირაკლი ალასანიას თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ ემსახურება ადამიანებს ვინც საქართველოს იცავს. რაც შეეხება ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტს, ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაცია და ცრუ ინფორმაცია. რაც შეეხება ადრე დაფიქსირებულ ფაქტებს, მინისტრის განმარტებით, სამხედრო პოლიცია სწავლობს და უახლოეს მომავალში მასალებს პროკურატურას გადაუგზავნის.
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ ამ საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ დადების მიზანშეწონილობას ვერ ხედავს. იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ობიექტების დისლოკაციის, სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ კრებსითი მონაცემების და თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებული სხვა სახის ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, მითითებული საქმის მასალების ნაწილს, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საგამოძიებო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გახდეს.
„ჯარისკაცების მოწამვლის პირველი შემთხვევა რომ მოხდა, ალასანიამ თვითონ დამირეკა და განმიმარტა, რომ 7-8 კაცი იყო შეუძლოდ. ახლა მეორედ მოხდა იგივე, მაგრამ ალასანიას აღარ დაურეკავს. არ ვიცოდი, თუ საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ედო. რა ხდება, სააკაშვილის მთავრობაა? ვინ დაადო საიდუმლო? რა სახელმწიფო საიდუმლოებაა ჯარისკაცის მოწამვლა? ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს და, რა თქმა უნდა, მე ამ საკითხით დავინტერესდები“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
2013 წელს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის სულ 11 დიარეას ფაქტი დაფიქსირდა. ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდა აღნიშნული 11 შემთხვევისა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რიგი თანამდებობის პირების მიერ, თავდაცვის სამინისტროს ნაწილებში ინფრასტრუქტურის სფეროში გამოვლენილ და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევების ფაქტზე. ყველა ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით ერთ სისხლის სამართლის საქმედ გაერთიანდა.
ალასანიას უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით, ბოლო პერიოდში ფუნდამენტური ცვლილებები გატარდა.
„უახლოეს პერიოდში 11 ახალი სასადილოს მშენებლობა და რემონტი დასრულდება. თავდაცვის სამინისტრომ სრულად განაახლა სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებისათვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი და ტექნიკა. უმაღლესი ხარისხის ინვენტარი შეძენილია ასევე, საველე პირობებში შეიარაღებული ძალების კვებით მომსახურებისათვის. სწორედ საველე პირობებში კვება იყო ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პრობლემა. სათანადო ინვენტარის არქონის გამო ხდებოდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც უმეტეს შემთხვევაში, სწორედ საველე პირობებში იჩენდა თავს დიარეის შემთხვევები“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, მიზანმიმართული კამპანიაა თუ არა, ეს უკვე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ.
„თვითონ ფაქტები იყო და ამას თავდაცვის სამინისტროც აღიარებს - თუმცა სულ სხვა მასშტაბების, ვიდრე გავრცელებულია. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ასეთი ფაქტები საერთოდ იმალებოდა. დამალვამ სადამდე მიგვიყვანა ხედავთ. მაშინაც ხდებოდა მოწამვლა. მეტიც, ჯარისკაცებს მასობრივად სცემდნენ, მათ შორის ადგილი ჰქონდა მორალურ და ფიზიკურ შეურაცხოფას. თუ ერთი ფაქტი დაიმალა, ამას მოჰყვება მოერე და მესამე, ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ.
დღეს სამინისტრომ არ დამალა ეს ინფორმაცია და გაავრცელა. თუმცა არსებობს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, რომლის თანახმად, როდესაც ამ ფაქტის გამოძიება დაიწყო დაედო გრიფი. მაგრამ ის, რომ რეალურად რაღაცა საინფორმაციო ომის ნიშნები ჩანს, ესეც ფაქტია. ეს მიზანმიმართული კამპანიაა თუ არა, ეს უკვე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ, მაგრამ რაღაცა რომ ხდება, ეს რეალურად ჩანს. საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება, რომ რაღაცა ხდება. ფაქტია, რომ მიმაზანმიმართული მოქმედებების კვალი ჩანს. რაც ერთგვარი იმიჯის შელახვას წააგავს.
ირაკლი ალასანიამ რეალურად მოახდინა ჯარის დეპოლიტიზაცია. პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, ან დასჯა დღეს აღარ არის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებობდა. წინა მინისტრების უმეტესობა ნამდვილად არ შეესაბამებოდა აღნიშნულ თანამდებობას და მათი დანიშვნა იყო დანაშაული სახელმწიფოს წინაშე. დეპოლიტიზაციის გარდა, ძველი მინისტრებისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანია ნაკლებად ერევა გაერთიანებული შტაბის საქმიანობაში, რაც ადრე ძალიან უხეში ფორმით ხდებოდა“, - აცხადებს ალადაშვილი.
ამასთან, ალადაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი დიდი სიამოვნებით გაათავისუფლებდა ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან, რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ინტერესები.
„რომ არა ირაკლი ალასანიას კავშირები, პირველ რიგში, აშშ-თან, (ის განიხილება როგორც დასავლური მიმართულების პოლიტიკოსი) პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი აქამდე მოხსნიდან თავდაცვის მინისტრის პოსტიდან“, - ამბობს ალადაშვილი.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მისი თქმით, აქ რამდენიმე ფაქტორი შეიძლება იყოს. მისივე განცხადებით, განსაკუთრებით საველე პირობებში დიდია შანსი ასეთი მსუბუქი მოწამვლის, რადგან პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია ანტისანიტარიასთან, როგორია შენახვის პირობები და როგორია ტრანსპორტირება.
„თუმცა, ეს არავითარი გასამართლებელი საბუთი არაა, დაცული უნდა იყოს ყველა პირობა, სამხედრო მოსამსახურე, რომლის მთავარი მოვალეობაა ქვეყნის თავდაცვა, მან უნდა მიიღოს ხარისხიანი საკვები“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.