აშშ ისრაელს მოუწოდებს, ღაზის სექტორში მეტი საწვავი შეიტანოს

აშშ ისრაელს მოუწოდებს, ღაზის სექტორში მეტი საწვავი შეიტანოს

ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს მოუწოდებს, ღაზის სექტორში მეტი საწვავი შეიტანოს. სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ვაშინგტონი ამ საკითხზე ისრაელის მმართველობასთან უწყვეტ მოლაპარაკებას მართავს.

აშშ-ის საგარეო უწყების პრესმდივანმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ჰუმანიტარულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესები დაცული იქნება.

„ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია საბოლოო შეფასების გაკეთება. ვიტყვი, რომ, სამწუხაროდ, ველოდით მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში. საუბედუროდ, ყველა ომში ასე ხდება. ეს განსაკუთრებით ეხება ომს ხალხმრავალ, ურბანულ გარემოში, სადაც მოწინააღმდეგე „ჰამასი“ მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და მალავს თავის მებრძოლებს, მალავს თავის ინფრასტრუქტურას მშვიდობიანი მოსახლეობის უკან. ჩვენ მკაფიოდ განვუცხადეთ ისრაელს, რომ ველოდებით მათგან საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის შესრულებას. იმედია, ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეუძლიათ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ სამოქალაქო პირებისთვის მიყენებული ზიანი. ასე რომ, ვერ ვხედავთ იმის განმეორების საფრთხეს სამხრეთში, რაც ჩრდილოეთში ვნახეთ. ოპერაციის ძალიან ადრეულ ეტაპზე ვართ და ვფიქრობ, მეტად ადრეა საბოლოო დასკვნის გამოტანა“, -აღნიშნა მეთიუ მილერმა.