შალვა პაპუაშვილი: ISFED-ის ანგარიში ელექტრონულ მთვლელებთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად მანიპულაციური და სპეკულაციური - როგორც ჩანს, მიდის მზადება იმისთვის, რომ მოახდინონ 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაცია

შალვა პაპუაშვილი: ISFED-ის ანგარიში ელექტრონულ მთვლელებთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად მანიპულაციური და სპეკულაციური - როგორც ჩანს, მიდის მზადება იმისთვის, რომ მოახდინონ 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაცია

ISFED-ის ანგარიში ელექტრონულ მთვლელებთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად მანიპულაციური და სპეკულაციური - როგორც ჩანს, მიდის მზადება იმისთვის, რომ მოახდინონ 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„რაც შეეხება ე.წ. ლამინირებულ პირადობის მოწმობებს, ამას სპეკულაციისთვის იყენებდნენ ყოველთვის ოპოზიციაში. ეს მოწმობები გაცემულია 2011 წლამდე, ასევე არის პირადობის მოწმობების ნაწილი, რომელიც გაცემული იყო უვადოდ. ამიტომ რთული გახდა მათი ბრუნვიდან ამოღება და ნებაყოფლობით ჩანაცვლება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ოპოზიციასთან ერთობლივად, რომ გაუქმდეს ეს პირადობის მოწმობები, და ყველას, ვისაც აქვს ძველი პირადობის მოწმობა, შეუძლია უფასოდ აიღოს ახალი პირადობის მოწმობა. იუსტიციის სამინისტროს აქვს მობილური სერვისცენტრები და რაიონებში ისინი ადგილზევე შეძლებენ ამ პირადობის მოწმობების გაცემას. რაც შეეხება რაიმე სახის გაყალბებას, ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ კითხვას ამას გაეცეს მკაფიო პასუხი. სამწუხაროდ, ახლახან „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოიჩინა თავი იმით, რომ მოახდინა საარჩევნო პროცესების დისკრედიტაცია. ვნახეთ მათი ე.წ, ანგარიში ელექტრონულ მთვლელებთან დაკავშირებით, რომელიც არის აბსოლუტურად მანიპულაციური და სპეკულაციური. ეს ძალიან დიდ ეჭვებს აჩენს, რომ, როგორც ჩანს, მიდის მზადება იმისთვის, რომ მოახდინონ 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაცია. მივესალმები იმას, რომ ცესკომ ამომწურავად და დეტალურად უპასუხა ამ სპეკულაციებს. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო „სამართლიან არჩევნებსა“ და მის დონორებს, USAID-ი არის მისი ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი, კიდევ ერთხელ კრიტიკულად გააცნობიერონ ის გადაცდომები, რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის არჩევნებში „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან, და აქედან დასკვნები გამოიტანონ. არ შეიძლება, რომ „ენჯეო“, რომელიც მერამდენედ ერთვება ასეთ მანიპულაციებში, ყოველ ჯერზე იყოს წახალისებული. მე ვფიქრობ, რომ თანდათან „ენჯეოებზე“ უფრო წინ გამოდის დონორების პასუხისმგებლობა. ამ ჯერზე ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს, რომ დონორებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა და ეს არის მათი საერთაშორისო ვალდებულებაც, რომ პასუხი აგონ იმაზე, თუ რას ხმარდება მათი გადასახადის გადამხდელების ფული“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.