კრიტიკოსები ტიმოთი შალამეს მიუზიკლ Wonka-ში მთავარი როლისთვის აქებენ. ჟურნალისტები, რომელთაც ფილმი მის მსოფლიო პრემიერამდე ნახეს, აღნიშნავენ, რომ შალამემ თავისი ქარიზმით როლი ბრწყინვალედ მოირგო, რეჟისორ პოლ კინგს კი ნამდვილ მეფეს უწოდებენ. მათი მტკიცებით, ვონკა შეგვიძლია ნამდვილ საახალწლო კლასიკადაც კი ჩავთვალოთ.
კრიტიკოსების თქმით, ჰიუ გრანტი შოკოლადის ქარხნის ბოროტი თანამშრომლისთვის ზედგამოჭრილი იყო, სიმღერები ძალიან კარგი, ფილმის შემქმნელებმა კი ვილი ვონკას სამყაროს შექმნა საოცრად მოახერხეს, თუმცა ეკრანიზაციამ კრიტიკა მაინც დაიმსახურა.
"ვონკას ნახვა მხოლოდ ტიმოთი შალამეს გამოც კი ღირს, მისი ყურება ნამდვილი სიამოვნება იყო, მაგრამ თავად ფილმის ისტორიასა და თხრობის მანერას შორის გარკვეული აცდენა იყო, რაც დაბნეულობას იწვევდა", — წერს Gizmodo-ის რეპორტიორი.
Wonka ცნობილი წიგნის, ჩარლი და შოკოლადის ქარხანა, მესამე ეკრანიზაციაა. 1971 წელს გამოსულ ფილმში მთავარი გმირის როლს ჯინ უაილდერი ასრულებდა, 2005 წლის ფილმში კი — ჯონი დეპი. პადინგტონის რეჟისორი, პოლ კინგი, რომელმაც ფილმზე იმუშავა, აღნიშნავს, რომ მთავარ როლში შალამეს ხილვა ფილმზე მუშაობის დაწყებისთანავე სურდა.
ეს ეკრანიზაცია პერსონაჟის ახალგაზრდობაზე მოგვითხრობს იმ დრომდე, სანამ ის ცნობილ შოკოლადის ქარხანას გახსნიდა. ახალგაზრდა და უფულო ვილი ვონკა მსოფლიოს შემოვლას, სხვებისთვის საკუთარი შოკოლადის რეცეპტის გაცნობასა და მსოფლიოში საუკეთესო შოკოლადის ქარხნის შექმნას გეგმავს. რეჟისორი გვპირდება, რომ ფილმში ვონკას პერსონაჟთან დაკავშირებით ისეთ კითხვებსაც კი გაეცემა პასუხი, რომლებზეც არასოდეს გვიფიქრია.
ფილმის პრემიერა 15 დეკემბერს შედგება.