14 ათას მაჰმადიანი მესხი საქართველოში დაბრუნების მოლოდინშია

14 ათას მაჰმადიანი მესხი საქართველოში დაბრუნების მოლოდინშია

საქართველოში რეპატრიაციის სურვილს მაჰმადიანი მესხების 5 ათასი ზრდასრული პირი და 9 ათასამდე არასრულწლოვანი გამოთქვამს. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა, რეპატრიაციის მსურველთა განაცხადების მიღება 2010 წელს დასრულდა. მსურველთაგან რეპატრიანტის სტატუსი 1053 პირს მიენიჭა, ხოლო საქართველოს მოქალაქეობა - შვიდს.

დარახველიძის განმარტებით, რეპატრიაციის მსურველებს ქართულად ან ინგლისურად განაცხადის გაკეთება უჭირთ. ამიტომ, სამინისტრო მათ მოქალაქეობაზე განაცხადის შევსებისას დაეხმარა. შედეგად რეპატრიაციის მსურველთა 90%-მა განაცხადი უკვე შეავსო და მათი საქმეები საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით იხილება.

დავით დარახველიძემ ისიც დასძინა, რომ ამით საქართველო ევროსაბჭოსთან ე.წ. მაჰმადიანი მესხების დაბრუნების შესახებ აღებულ ვალდებულებას შეასრულებს. მოქალაქეობის მიღების შემდეგ რეპატრიანტები საცხოვრებელ სახლებს მათთვის სასურველ რეგიონში თავად შეიძენენ და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას მოახდენენ.

უფრო მეტიც, სახელმწიფოს სხვა ვალდებულება მუსლიმანი მესხების სოციალიზაციასა და დაბინავებაში არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ე.წ. თურქ-მესხებს რეპატრიანტის სტატუსის მიღების პროცედურები გაუმარტივდებათ.

როგორც ცნობილია, ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობასა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საქმიანობისთვის დადანაშაულებული მაჰმადიანი მესხები 1944 წლიდან ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, კრასნოდარში, უკრაინაში, ამერიკასა და რუსეთში არიან გაბნეულნი. აქედან ყველაზე მეტი, დაახლოებით 80 000 ადამიანი აზერბაიჯანში ცხოვრობს. თუმცა სახელწოდება „თურქი-მესხი“ მიუღებელია იმ მესხებისთვის, რომლებიც თავიანთ თავს ქრისტიანული საქართველოს შთამომავლებად თვლიან. გარდა ამისა, მეცნიერებიც აცხადებენ, რომ ტერმინი „თურქი-მესხი“ არასწორია და ისინი არიან დეპორტირებული მესხები, ან კიდევ მუსლიმანი მესხები, რადგან შეუძლებელია, ადამიანი ერთდროულად იყოს ორი ეროვნების ან ეთნიკური იდენტობის მქონე.

დეპორტირებული მესხებისთვის რეპატრიანტის სტატუსის პროცედურის გამარტივება ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველოს გაცილებით უფრო მეტი რაოდენობის მაჰმადიანი მესხის მიღება მოუწევს და რა პრობლემას გამოიწვევს ეს ეროვნებათშორისი ურთიერთობის თვალსაზრისით, რადგან ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობა ეწინააღმდეგება მათ მიღებას. განსაკუთრებით, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ასაკოვან ხალხს არ სურს რეპატრიანტების დაბრუნება.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ, თავისთავად, ეს საკითხი მაშინ წამოიწევს ხოლმე, როგორც კი რუსეთს მოუნდება რაიმე დამატებითი ზეწოლის მოხდენა საქართველოზე. ამას რუსეთს შესანიშნავად უსრულებს საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი, რომელიც ყველაფრის განურჩევლად, 3 ათას თურქს აძლევს საქართველოს მოქალაქეობას.

ექსპერტის თქმით, როგორი სამართლებრივი საფუძვლით მოხდება დეპორტირებული მესხებისთვის სამშობლოში დაბრუნების პროცედურის გამარტივება, ეს, ალბათ, თავად მინისტრმა, დავით დარახველიძემ უნდა აგვიხსნას, რადგან მარტო სტატუსით რომ არ დაკმაყოფილდება ეს ხალხი, ესეც ფაქტია. მათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დაზუსტება აინტერესებთ და ეს სახელმწიფოს მიერ წლების წინ აღებული ვალდებულებაა, რომ ისინი დაასახლონ საქართველოში.

„ნუ ვიზამთ ისე, რომ ჩვენი მეზობელი თურქების მიმართ ჩვენი სიმპათიები შემცირდეს, თუკი ყველა საზღვრიდან თურქები უნდა შემოვიდნენ, დასახლდნენ საქართველოში და ერთდროულად მიიღონ მოქალაქეობა. ეს პროცესი არარეგულირებადი არ უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს მიერ. ამიტომ ზომიერება ყველაფერში დასაფასებელია და მიზეზი, რის გამოც მუდმივად გადადებული იყო ამ ვალდებულების ასრულების ვადა, არ გამქრალა. ჩვენს ქვეყანაში იმდენი შიდა დევნილი გვყავს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დეპორტირებული მოსახლეობა, რომელიც უკვე შუა აზიაში, რუსეთში, აზერბაიჯანში დაბინავდა და გამრავლდა, ცხადია, ასე ერთი ხელის მოსმით ვერ აიხდენს საქართველოში დამკვიდრების სურვილს. ამას სჭირდება გეგმა, კონკრეტული ნაბიჯების შეხამება ჩვენს რეალურ შესაძლებლობებთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გავაღვივოთ იმედი და არ მოვახდინოთ მათი მოლოდინის გაუფასურება“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

რაც შეეხება ევროკავშირის მოთხოვნას, რომ საქართველოში რატომღაც ჭიანურდება დეპორტირებული მესხების დაბრუნება, ექსპერტი მიიჩნევს, რომ „სხვა სხვის ომში ბრძენია“. ასეთ სიბრძნეს შესაძლოა, ვისმენდეთ საზღვარგარეთიდან, მაგრამ ერთმანეთთან არცთუ კეთილგანწყობილი ეთნოსის - სომხებისა და მაჰმადიანი მესხების კოაბიტაცის პროცესი, რასაკვირველია, დამატებითი თავის ტკივილი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა ისევ ქართული სტუმართმოყვარეობის და გულუხვობის გამო, შეიძლება, ეს დარეგულირდეს, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა რაიმე მცდელობა სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების და ჩვენი სახელმწიფო თავისი აქტიური ნეიტრალიტეტით ყოველთვის თავს ართმევდა რაიმე დაპირისპირებაში ჩართვას.

ექსპერტის თქმით, თუ მაინცდამაინც ჭკუა უნდა გვასწავლოს დასავლეთმა, მაშინ შეგვიძლია, ჩვენც შევთავაზოთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ასევე, ვაშინგტონის თეთრ სახლს (რომელთა წყალობითაც დიდი გამოცდილება მივიღეთ კოაბიტაციაში), რომ ნუ ეწყინებათ და, ერთმანეთთან კოაბიტაცია მოახდინონ დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა და მთავრობის გარეშე ნუ დატოვებენ სახელმწიფოს.

„5 და 9 ათასი მაჰმადიანი მესხის ნაცვლად, იქნებ, რაღაც გრაფიკი შეგვედგინა და ჯერ 90 დეპორტირებული მესხი დაგვეკმაყოფილებინა, რადგან 9 ათასზე, ალბათ, ათჯერ მეტი, საკუთარი დევნილი გვყავს. ისინი 20 წლის განმავლობაში ყოველ ღამეს შიშით იძინებენ, რათა არ გაასახლონ იქიდანაც, სადაც მათ არცთუ კეთილმოწყობილი პირობები აქვთ“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძის თქმით, საინტერესოა, დაბრუნების მსურველი დეპორტირებული მესხების ასაკობრივი სტრუქტურა. თუკი ისინი ახალგაზრდულ, ანუ რეპროდუქციულ ასაკში აპირებენ საქართველოში დაბრუნებას, ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად, გაზრდის მათი შობადობის რაოდენობას. ხოლო, თუ დაბერებული სტრუქტურის მქონე პიროვნებების მიღებას ვაპირებთ, მაშინ მათი საპენსიო უზრუნველყოფა აუცილებელი იქნება. თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, შესაძლოა, რუსეთიდანაც მიიღონ პენსია.

დემოგრაფის თქმით, თავის დროზე, 90-იან წლებში, იგი პირადად გაეცნო დეპორტირებულ მესხებს მინგეჩაურსა და ბაქოში და დარწმუნდა, რომ მათ შენარჩუნებული აქვთ ქართული თვისებები. ამდენად, ისინი პროქართულ მოსახლეობას განეკუთვნებიან და ძალზე მშრომელი ხალხია. თუმცა არის პროთურქული მოსახლეობაც. ამიტომ გააჩნია, დეპორტირებულ მესხებს სად ჩაასახლებენ და რამდენად კომპაქტური იქნება ეს ჩასახლება. მით უმეტეს, რომ ამჟამად მთელი ამბავია ატეხილი მეჩეთების მშენებლობის თაობაზე. ამან კი შეიძლება, კიდევ უფრო გაართულოს ადგილობრივ მოსახლეობასთან ადაპტაცია.

„გამორიცხული არ არის, გარკვეული რელიგიური კონფლიქტები მოხდეს. რამდენად არის ჩვენი მოსახლეობა კონფესიურად მზად არამართლმადიდებლების მისაღებად, როცა ხელოვნურად ხდება რელიგიურ ნიადაგზე დაძაბულობა. თუ ისინი საქორწილო ასაკისანი არიან, გამორიცხული არ არის, ადგილობრივ მოსალეობასთან დაოჯახდნენ. 80-იანი წლების ბოლოს ჩამოსახლებულმა რეპატრიანტებმა მეტ-ნაკლებად ნორმალური ადაპტაცია გაიარეს და პრეტენზიულები არ იყვნენ. თუმცა ამ ახალ ნაკადს თუ ევროკავშირის დიდი მხარდაჭერა ექნება, შესაძლოა, ძალიან პრეტენზიულებიც გახდნენ და ადგილობრივ მოსახლეობასა და მათ შორის კონფლიქტური კერები შეიქმნას. სად უნდა ჩაასახლონ ეს ადამიანები, არ ვიცი. მიწები გაყიდულია, თავისუფალი მიწები ნაკლებია. ამ მხრივ მოუმზადებლები ვართ“, - აღნიშნა ავთანდილ სულაბერიძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება განუსაზღვრელად დიდი რაოდენობის რეპატრიანტების ჩამოსახლება, რაც საქართველოს დიდი ქალაქის მოსახლეობის ტოლფასი იქნება. მით უფრო, ჩვენ მიგრაციის შესახებ ნორმალური კანონიც არ გვაქვს და არ დაგვიწესებია კვოტა, წელიწადში რამდენის მიღება შეგვიძლია. ეს მაშინ, როცა ამერიკას და სხვა ქვეყნებს ასეთი კვოტა აქვთ.

დემოგრაფის აზრით, კარგი იქნება, თუ ევროკავშირი შეძლებს, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ჩავასახლოთ ეს ადამიანები. თუმცა, ამავდროულად, ეს იდეა ავთანდილ სულაბერიძეს განუხორციელებლად ეჩვენება, რადგან მაშინ რუსებს უნდა დავუპირისპირდეთ და იქ კონფლიქტის ახალი კერა გაჩნდება.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე მიიჩნევს, რომ 1944 წელს საქართველოდან გასახლებული მაჰმადიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი სისხლით, გენით ქართველი იყო, მაგრამ ზოგიერთ მათგანს უკვე დაკარგული ჰქონდა ქართული თვითშეგნება. ამიტომ მათი დაბრუნება ძალიან რთულია, რადგან დღეს საქართველოში ძალიან ცუდი ვითარებაა და ურთიერთობები გართულებულია.

„ალბათ, იქ არიან ისეთი ადამიანები, ვინც ქართულად მეტყველებს, ქართული თვითშეგნება აქვთ, ამიტომ მათთვის ხელისკვრა არ ივარგებს. ამდენი ე.წ. თურქი-მესხის ჩამოსახლებას კი საქართველო ვერ შეძლებს დღეს. მე-19 საუკუნის აღწერის მონაცემებით, ესენი ქართველები იყვნენ, ოღონდ აღიარებდნენ მაჰმადიანურ სარწმუნოებას. ამიტომ ეს ადამიანები ჯავახეთში უნდა ჩასახლდნენ, რადგან მათი დიდი ნაწილი სწორედ ჯავახეთიდან გაასახლეს, გაასახლეს სამცხედან. რაც შეეხება სომხებთან დაპირისპირებას, თუ იქ არიან ისეთი ძალები, რომლებიც ებრძვიან ქართულ თვითშეგნებას და ქართულ სახელმწიფოს, ეს სხვა ამბავია, თორემ, რატომ უნდა გამოიწვიოს ამან დაპირისპირება, როცა მაჰმადიანი მესხების წინაპრები იქ ცხოვრობდნენ?!“ - აინტერესებს ანზორ თოთაძეს.