17-მდე აჭარელი გოგონა ჰაფიზად მონათლეს და ყურანი დააზეპირებინეს. ამის შესახებ For.ge-სთან საუბრისას ორგანიზაცია „საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ რომან კვიციანმა აღნიშნა.
მისი თქმით, აჭარელი გოგონების გამუსლიმანებით დაკავებულია ორგანიზაცია, სახელწოდებით „მიზანი“, რომელსაც, თავის მხრივ, თურქეთში მოქმედი ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაცია - „ადამიანთა დახმარების ცენტრი“ აფინანსებს. არსებული ინფორმაციით, ამ ორგანიზაციის ბიუჯეტი ამჟამად მილიარდ დოლარზე მეტია. ორგანიზაცია „მიზანის“ საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება და მას ოჯახებში დიდი რაოდენობით საკვები, ტანსაცმელი და საჭირო ნივთები მიაქვს, რაც, ცხადია, შორსმიმავალ მიზნებს ემსახურება.
For.ge რომან კვიციანს ესაუბრა.
- ორგანიზაცია „მიზანი“ აჭარის რეგიონში ეწევა ისლამური განათლების გავრცელებას და ქველმოქმედებას. ამ ყველაფერს თავისი მიზნები აქვს და, გარკვეულწილად, ისინი ცალხაზოვანი მიმართულებით მუშაობენ. რაც შეეხება ქართველი გოგონების ჰაფიზად მონათვლას, უბრალოდ, ეს ჩემთვის გაუგებარია, რადგან ჰაფიზი არის მომავალი მოლა, რომელიც ავრცელებს რელიგიის ქადაგებას. მოგეხსენებათ, ისლამის მიხედვით, მანდილოსანს არ აქვს უფლება, იქადაგოს რელიგია და არ შეუძლია, გახდეს მოლა, მაგრამ მოხდა ისე, რომ საქართველოში 17 ქართველ გოგონას ყურანი დააზეპირებინეს და მონათლეს ჰაფიზებად. მათგან წარჩინებულები კი თურქეთის ქალაქ ინეგოლში, სასულიერო სასწავლებელში - მედრესეში გაგზავნეს.
მუსლიმანებში წერილობითი ტრადიციის პარალელურად, ახლაც ძალიან ძლიერია ჰაფიზების ტრადიცია, რაც ყურანის ზეპირად გადაცემას გულისხმობს, მაგრამ საქართველოსთვის ჰაფიზების განსხვავებული „ინსტიტუტის“ შექმნა და ამ საქმეში გოგონების ჩართვა რას უნდა ემსახურებოდეს?
- თავიდან, როცა მათი რელიგია ყალიბდებოდა და ისინი იპყრობდნენ ტერიტორიებს, ჰაფიზის კლასის შექმნის მიზანი ის იყო, რომ მაშინ იყვნენ პიროვნებები, რომლებმაც ყურანი, ანუ მათი წმინდა სიტყვა ზეპირად იცოდნენ და ამას ავრცელებდნენ კიდეც დაპყრობილ რეგიონში. ამდენად, მათ უნდა ექადაგათ. დროთა განმავლობაში, ომებში ჰაფიზების დაღუპვისა და შემცირების გამო გადაწყდა, რომ ყურანი გადასულიყო წერილობით ფორმაში. ამის შემდეგ დაიწყეს ყურანის დაწერა და მისი წერილობით გავრცელება. ამ შემთხვევაში, თანამედროვე საუკუნეში, ქართველი გოგონებისთვის ყურანის დაზეპირება, რომლებმაც არაბული საერთოდ არ იციან, გარკვეულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. მოგეხსენებათ, არაბულის შესწავლას საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება, მათ კი ორ წელიწადში ასწავლეს არაბულიც და მათი წმინდა წერილიც - ყურანი. თანაც, ასწავლეს ისე, რომ ამ გოგონებს ყველაფერი ესმით. ამ გოგონებმა იციან ის განმარტებებიც, რაც მათ მასწავლებელმა მისცა. ამდენად, მათი მასწავლებელი რა მიზანსაც ემსახურებოდა, ეს 17 გოგონაც ზუსტად იმ მიზნებს უნდა ემსახუროს მომავალშიც, რადგან მათ ეს ყველაფერი დააზეპირებინეს.
რატომ მაინცდამაინც გოგონები, ბიჭები რატომ არ შეარჩიეს?
- გოგონებზე აქცენტი რატომ გაკეთდა, არ ვიცი, მაგრამ ეს მარტო გოგონების შემთხვევაში არ ხდება. აჭარის რეგიონიდან ძალიან დიდი რაოდენობით გაჰყავთ მოზარდი ბიჭებიც, რომელთაც თურქეთში, სასულიერო სასწავლებლებში ასწავლიან. ბოლო დროს საქართველოშიც გაიხსნა მათი სასულიერო სასწავლებლები და აქვე ასწავლიან, რადგან ადგილზევეა ამის საშუალება. თანაც, მარტო მოზარდ ბიჭებს არ აძლევენ მუსლიმანურ განათლებას, არამედ - ხანშიშესულებსაც. კი ბატონო, ასწავლონ რელიგია, გააგებინონ, რა სწამთ მუსლიმანებს და რისი სწამთ, მაგრამ რატომ ცდილობენ მათ მქადაგებლად მონათვლას, რისი უფლებაც მათ ფიზიკურად არ აქვთ?!
„ადამიანთა დახმარების ცენტრის“ ცენტრალური ოფისი თურქეთში მდებარეობს და ის უწევს ამ ყველაფერს სპონსორობას?
- „ადამიანთა დახმარების ცენტრის“ ბიუჯეტი საკმაოდ ძლიერია. სწორედ ამ ორგანიზაციის პატრონაჟით დაარსდა საქართველოში საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „მიზანი“, რომლის ძირითადი დაფინანსებაც ამ ორგანიზაციიდან მოდის. იმ 17 გოგონას, რომელთაც ჯერ საქართველოში ყურანი შეასწავლეს და შემდეგ თურქეთში ექსკურსიაზეც წაიყვანეს, ზუსტად იმ თურქულმა ორგანიზაციამ უმასპინძლა. ამ 17 გოგონადან 5 დაიტოვეს თურქეთში სასულიერი სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად, დანარჩენები დააბრუნეს საქართველოში.
მართალია, რომ განსაკუთრებით მთიან აჭარაში აქტიურდება ეს ხალხი, რადგან იქ სოციალურად დაუცველები ჭარბობენ?
- დიახ, ძირითადად მთიან აჭარაზეა აქცენტი გაკეთებული, თანაც, მთიან აჭარაში გაცილებით უფრო მეტი მუსლიმანი ოჯახი ცხოვრობს. მთის პირობები და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა კი ყველასთვის ცნობილია. იქ უფრო მეტი გაჭირვებული მოსახლეობა ცხოვრობს, რომელთაც ჰპირდებიან, რომ წაიყვანენ მათ შვილებს, ასწავლიან უმაღლეს სასწავლებელში და განათლებულს დაუბრუნებენ უკან. რა თქმა უნდა, ასეთ შეთავაზებაზე არცერთი მშობელი უკან არ დაიხევს, რადგან ეს ყველაფერი ხდება უფასოდ. იძულებით მათ არავინ აიძულებს, მაგრამ მათ ისე უხსნიან ამას და ისეთ მომავალს უსახავენ, რომ მშობელი თანხმდება, რადგან მას არ აქვს იმის საშუალება, თავის შვილს ქალაქში მისცეს უმაღლესი განათლება.
აჭარაში უკვე ღიად საუბრობენ ამის შესახებ? თქვენ როგორ მოიპოვეთ ეს ინფორმაცია?
- ადგილობრივი აჭარლების უმრავლესობა ამ ყველაფერზე ღიად საუბრობს. თუმცა, რამდენი მათგანი ხედავს ამ ყველაფერში საფრთხეს, არ ვიცი. ეს ინფორმაცია კი დაფარულია, მაგრამ მე პირადად მქონდა შეხება პიროვნებასთან, რომელიც ასეთი გზით წაიყვანეს თურქეთში და შემდეგ იგი თავისით დაბრუნდა სამშობლოში.
ეს გოგონები ხომ არ ნანობენ გადადგმულ ნაბიჯს?
- არ ნანობენ. ჩვეულებრივად, ქართველ ქრისტიან ბავშვს რომ შესთავაზო სხვა რელიგიის შესწავლა, ის შეისწავლის და არც არასდროს ინანებს. ძალიან კარგიც არის, თუ ვასწავლით ბავშვებს, ტრადიციული ისლამი რა არის და რას ქადაგებს, მაგრამ საფრთხე ისაა, რას ასწავლიან და როგორ ასწავლიან, ეს არავის მხრიდან არ კონტროლდება.
თურქიზაციის საფრთხეზე ბევრი საუბრობს. ინფორმაცია აქამდეც ვრცელდებოდა, რომ აჭარაში, კონკრეტულ ქუჩაზე, სადაც თურქული კაფე და რესტორნები იყო გახსნილი, ჯვრიან ადამიანს, მათ შორის, მღვდელს არ უშვებდნენ. ცნობილია ისიც, რომ ქართველი სტუდენტების მონაწილეობით გამოფენები მოეწყო თურქეთში და ჩვენმა სტუდენტებმა საკუთარი ქვეყანა ცუდი კონტექსტით მოიხსენიეს, თითქოს, აქ ძალიან იჩაგრებიან მუსლიმანები.
- არის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც აჭარაში ქართველ მღვდლებს თურქული კაფის, ან რომელიღაც მაღაზიის წინ გავლას უკრძალავენ. ერთ-ერთ მამაოს იმ ქუჩაზე საერთოდ გავლა აუკრძალეს იმის გამო, რომ იქ მეჩეთი იყო. ამას ადგილობრივებსა და სტუმრებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. ეს სამწუხარო ფაქტებია და ამას სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ჩარევა და კონტროლი სჭირდება. რაც შეეხება სტუდენტების გამოფენას, ისინი საქართველოს მოქალაქე მუსლიმანი ბავშვები იყვნენ, რომლებიც ანალოგიურად წაიყვანეს და ასწავლიდნენ თურქეთში. ზუსტად იმ პერიოდში, ქობულეთში სამხედრო პოლიციის მიერ რელიგიური უმცირესობების მიმართ შეურაცხყოფის ფაქტები განხორციელდა, რასაც მათი გამოფენა დაემთხვა თურქეთში. ამდენად, როდესაც მათ საქართველოდან კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები წარადგინეს, იმაზეც ისაუბრეს, რომ საქართველოში თურმე მუსლიმანები იჩაგრებიან და ცუდ დღეში არიან. ეს კი, გარკვეულწილად, საქართველოს რეიტინგზე ცუდად აისახება.