ჯენა ორტეგა და ჯეიკობ ელორდი ბელასა და ედვარდის როლებს იდეალურად მოირგებდნენ — Twilight-ის რეჟისორი

ჯენა ორტეგა და ჯეიკობ ელორდი ბელასა და ედვარდის როლებს იდეალურად მოირგებდნენ — Twilight-ის რეჟისორი

Twilight-ის რეჟისორმა, კეტრინ ჰარდვიკმა, ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის ათამაშებდა ბელასა და ედვარდის როლებში, ბინდის სამყაროზე ახალ ფილმს რომ იღებდეს. რეჟისორმა მთავარი როლების შემსრულებლებად ჯენა ორტეგა და ჯეიკობ ელორდი საუკეთესო ვარიანტებად დაასახელა.

"ვფიქრობ, რომ ჯეიკობ ელორდი საოცარია. დღეს ედვარდი ალბათ სწორედ ჯეიკობ ელორდი იქნებოდა. ასევე, ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მაგარი ახალგაზრდა მსახიობები გვყავს. თქვენ ჯენა ორტეგა ახსენეთ, რომელიც მართლაც საოცარია. ჯენა ორტეგა და ჯეიკობ ელორდი ბელასა და ედვარდის როლებს იდეალურად მოირგებდნენ", — განაცხადა კეტრინ ჰარდვიკმა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიკობ ელორდის პოპულარობა სერიალ ეიფორიაში ნეითის როლის შესრულებამ მოუტანა. 3 ნოემბერს კი სოფია კოპოლას ახალი ფილმის, სახელად Priscilla-ს, პრემიერა შედგა, რომელშიც ელვის პრესლი ჯეიკობ ელორდიმ განასახიერა. ჯენა ორტეგამ კი 2022 წლის სერიალ Wednesday-ში ლეგენდარული უენსდეი ადამსი განასახიერა.

რაც შეეხება ბინდის საგას — სტეფანი მეიერის ბესტსელერი სერიის მიხედვით გადაღებულმა ხუთმა ფილმმა, სადაც მთავარი როლები რობერტ პატინსონმა, კრისტენ სტიუარტმა და ტეილორ ლოტნერმა შეასრულეს, მსოფლიოში ჯამურად $3,4 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა. კინოსერიის ბოლო ნაწილის პრემიერა 2012 წელს შედგა, თუმცა, საგა პოპულარობას ახალ თაობაშიც ინარჩუნებს.