“მესტიაში, ვანოს ბიჭებმა, გივი თარგამაძე სცემეს...”

“მესტიაში, ვანოს ბიჭებმა, გივი თარგამაძე სცემეს...”

[ნანა ფაჟავა, მესტია]

სვანეთში საკურორტო სეზონი თოვლის გარეშე, მაგრამ მუშტი–კრივით რომ დაიწყო, ამის შესახებ “პრესაგე.ტვ”–იმ უკვე შეგატყობინათ. მაშინ, ზუსტად იმ დღეს, როცა მიხეილ სააკაშვილი მესტიაში, უთოვლო სათხილამურო ტრასით ტელეეკრანებიდან ტრაბახობდა, დაბის ახლადდანიშნულმა გამგებელმა, თეზი ჯაფარიძემ გუბერნატორ გოროზიას სახეში მუშტი ჩააზილა, ერეკლე ჯაფარიძესავით შენი ”შნირი” ვერ გავხდებიო.

ამ ინციდენტიდან ერთ კვირაში მესტიაში ასულმა კიდევ რამდენიმე “ადგილობრივმა ტურისტმა” სასტუმრო “თეთნულდის” დარბაზში მორიგი სანახაობა გამართა. ამჯერად, მესტიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია “ქართული პარტიის” პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა მიქაიამ გაახმაურა. მისი განცხადებით, დაპირისპირება შსს მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და საპარლამენტო თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, გივი თარგამაძეს შორის, ამ უკანასკნელის ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა. ვანო მერაბიშვილმა კი ამ ვიზიტით, სვანეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

კახა მიქაია: “მერაბიშვილსა და თარგამაძეს შეხვედრები ჰქონდათ მესტიის სკოლა–ინტერნატში, ისინი ბავშვებთან ერთად, თითოეული სოფლიდან ორ–ორ ავტორიტეტსაც შეხვდნენ. ამის შემდეგ, იქვე იშლება 150–კაციანი სუფრა და გიორგი უდესიანი სტუმრებს დაკლული ხარით უმასპინძლდება.

მოგვიანებით ქეიფი გრძელდება თეზი ჯაფარიძის სასტუმრო “თეთნულდში”, ვიწრო “ნაციონალურ” წრეში, სადაც გივი თარგამაძე თვრება და ითხოვს ქალებს. ამაზე მერაბიშვილს მძაფრი რეაქცია აქვს, ამბობს, სად გგონია ბიჭო შენ თავი, ბორდელში თუ სვანეთში? ამაზე თარგამაძე ბრაზდება და მერაბიშვილს აგინებს. ამის შემდეგ, მერაბიშვილის დაცვამ თარგამაძე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, წიხლქვეშ გაიგდო.

ის ღამე გივი თარგამაძემ “თეთნულდის” სარდაფში გაატარა. მეორე დილით შსს მინისტრი “პახმელიაზე” ერთ–ერთი პოლიციელის, მურთაზ რატიანის სახლში გამოდის, ხოლო გივი თარგამაძეს სვამენ ჯიპში და მოჰყავთ ზუგდიდში. ამ ისტორიას უამრავი თვითმხილველი ჰყავს, მაგრამ მე იგი ჩემმა მეგობარმა მომითხრო, რომელიც მესტიის საკრებულოს წევრია.”

როგორც მოსალოდნელი იყო, მესტიის გამგებელმა თეზი ჯაფარიძემ “პრესაგე.ტვ”–სთან სატელეფონო საუბარში “თეთნულდში” მომხდარი ცემის ფაქტი ამჯერადაც უარყო, მაგრამ 10–11 იანვარს მესტიაში მერაბიშვილისა და თარგამაძის ვიზიტები დაადასტურა.

მან განმარტა, რომ მინისტრმა “ბლომად” გაჭირვებულებისთვის საახალწლო საჩუქრები, ტკბილეული ჩაიტანა. ალბათ უნდოდა ეთქვა, გაჭირვებულებისთვის ბლომად ნობათი ჩამოიტანაო, მაგრამ გამგებელს სხვა რამეც გულწრფელად “წამოცდა”, აღნიშნა, რომ მერაბიშვილმა “...კიდევ ჩამოგვიყვანა მანქა...”, ალბათ უნდოდა ეთქვა, “გაჭირვებული” პოლიციელებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებისთვის მინისტრმა საჩუქრად მანქანები ჩამოგვიყვანაო.

ჯაფარიძემ ისიც თქვა, თარგამაძე და მერაბიშვილი მეგობრები არიან და ვანო გივის არ აცემინებდაო. თან, ეს გივი თურმე პირველად ყოფილა სვანეთში და ალბათ, მეტრონახევრიანი თოვლიც რომ დაიდოს სვანეთის მთებში, მეორედ ჩასვლის სურვილი აღარ გაუჩნდება. თეზი ჯაფარიძეს არაფერი უთქვამს, მისი მეგობრის, ცნობილი ბიზნესმენის, ლევან პირველის გამო გივი თარგამაძესთან არსებულ მის დაპირისპირებაზე. არადა, “თეთნულდში” გამართული ლხინი “დიდი შერიგების” დასაწყისი უნდა ყოფილიყო...