ალბათ, ყველას გემახსოვრებათ რეალითი შოუ კარდაშიანების ის ეპიზოდი, რომელშიც კენდალმა კიტრის დაჭრა ამაოდ სცადა. იმის დავიწყებაც რთულია, როგორ გააკრიტიკეს ის მაყურებლებმა გავრცელებული ვიდეოს გამო. ამჯერად კენდალი ხახვს შეერკინა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავი კარგადაც გაართვა.
სოციალურ ქსელში ვიდეო კაილი ჯენერმა გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ მადლიერების დღისთვის ოჯახი სადილს ამზადებს, კენდალი კი ხახვს ჭრის. დამ კენდალს კიტრის ინციდენტი შეახსენა და ბოსტნეულის დაჭრისთვის შეაქო კიდეც. როგორც ჩანს, მოდელს კრიტიკა წაადგა. ვიდეოში თავად მოდელი არ ჩანს, თუმცა მისი უკმაყოფილო ხმა ისმის, როცა აღმოაჩენს, რომ და ვიდეოს უღებს.
"კაილი, შემეშვი!", — ისმის ვიდეოში, რის პასუხადაც კაილი კენდალის ნახელავს აქებს.
წინა წლის მაისში ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კენდალ ჯენერი კიტრის დაჭრას ცდილობს. თავიდან კრის ჯენერი შვილს სთავაზობს, რომ კიტრს მზარეული დაუჭრის, თუმცა კენდალი უარობს და ბოსტნეულს თავად ერკინება. ეს ბრძოლა მარტივი როდია: კენდალი ვერ წყვეტს, როგორ და რომელი მხრიდან დაჭრას კიტრი და საკუთარ თავთან ერთად მაყურებელსაც ტანჯავს. მას საზოგადოებამ ამის გამო რეალობას აცდენილი უწოდა.