Squid Game-ის რეალითი შოუს მონაწილეები ნეტფლიქსს ჩივილით ემუქრებიან

Squid Game-ის რეალითი შოუს მონაწილეები ნეტფლიქსს ჩივილით ემუქრებიან

სერიალ Squid Game-ზე დაფუძნებული რეალითი შოუს მონაწილეები ნეტფლიქსს გადაღებებისას ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ჩივილით ემუქრებიან და ამტკიცებენ, რომ ჰიპოთერმია და ნერვის დაზიანება აღენიშნებათ.

რეალითი შოუს ორი მონაწილე ნეტფლიქსს ანონიმურად სდებს ბრალს და ამბობს, რომ არ იცოდნენ, თუ გადაღებებზე დიდი ხნის განმავლობაში სიცივეში გაუნძრევლად ჯდომა მოუწევდათ, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაიუარესებდნენ.

თამაში გადაიღეს დიდ ბრიტანეთში, ბედფორდშირში, სამეფო საჰაერო ძალების ყოფილ ბაზაზე გადაიღეს. Netflix-მა დაადასტურა, რომ 456 კონკურსანტიდან სამმა საჭირო სამედიცინო დახმარება ადგილზე მიიღო, თუმცა ბრალდება, რომ სერიოზული ტრავმების გამო გადასაღები მოედნიდან მოთამაშეები საკაცით გაიყვანეს, უარყო.

პოპულარული სამხრეთკორეული სერიალის, Squid Game-ის, მიხედვით ნეტფლიქსმა რეალითი შოუ 22 ნოემბერს გამოუშვა. სერიალის მსგავსად, შოუშიც 456 მონაწილე ერთმანეთს $4,56 მილიონის სანაცვლოდ უპირისპირდება.

მართალია, რეალითი შოუში საფრთხე არავის სიცოცხლეს ემუქრება, თუმცა შოუ Squid Game-თან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოსა და თამაშებს გვიჩვენებს — მონაწილეებს სერიალის პერსონაჟების მსგავსად აცვიათ და იგივე თამაშებში ერთვებიან. რაც მთავარია, რეალითი შოუში ყველასათვის ცნობილ და საშიშ რობოტ თოჯინასაც ვხედავთ.

შეგახსენებთ, რომ Squid Game-მა 2021 წლის შემოდგომაზე, გამოსვლიდან 25 დღეში, რეკორდი დაამყარა და 111 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა. მართალია, ეს სტატუსი მალევე ჩამოართვა სხვა სამხრეთკორეულმა სერიალმა (Hellbound), მაგრამ Squid Game პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს.