ცნობილმა კანადელმა მოდელმა, ლინდა ევანჯელისტამ, The Sunday Times-თან მიცემულ ინტერვიუში პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. როგორც მოდელმა ინტერვიუში განაცხადა, ცხოვრების ამ ეტაპზე რომანტიკას აღარ ეძებს და პაემნებზეც უარს ამბობს.
"არავისთან ერთად დაძინება აღარ მინდა და არავის სუნთქვის გაგონება არ მინდა", — განაცხადა ლინდა ევანჯელისტამ და დასძინა, რომ პაემანი ბოლოს ცხიმის შემცირების კოსმეტიკურ პროცედურამდე ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სექტემბერში ლინდა ევანჯელისტამ ინსტაგრამზე მტკივნეული აღიარება გამოაქვეყნა. ლინდამ გულშემატკივრებს განუმარტა, თუ რატომ არ ჩანდა ამდენი ხნის განმავლობაში და საზოგადოებას ცხიმის შემცირების კოსმეტიკურ პროცედურასთან დაკავშირებული სამწუხარო გამოცდილებაც გაუზიარა. ლინდა ევანჯელისტას თქმით, კოსმეტიკურმა პროცედურამ “სამუდამოდ დაასახიჩრა”.
ლინდა ევანჯელისტა სამოდელო სააგენტო Elite-ის ყოფილი პრეზიდენტ ჯერალდ მარიზე 1987 წელს დაქორწინდა, როცა თავად 22 წლის, ხოლო ჯერალდი 37 წლის იყო. წყვილი 1993 წელს განქორწინდა.
დოკუმენტურ სერიალში, სახელად The Super Models, რომლის პრემიერაც სექტემბერში შედგა, ლინდა ევანჯელისტამ განაცხადა, რომ ქორწინების დროს ყოფილმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 2020 წელს ჯერალდ მარი ორმა მოდელმა გაუპატიურებაში დაადანაშაულა, რასაც ლინდა ევანჯელისტა მაშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქალების ბრალდებების სჯეროდა.