საქართველოს მთავარი პროკურორი ადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ახალ ვერსიაზეც მუშაობს. აღნიშნულის მიუხედავად, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, იმის თქმა, რომ საქმე გახსნილია, ჯერ ნაადრევია. გენერალური პროკურორი ამბობს, რომ საქმეში არის ახალი მტკიცებულებები, ახალი გარემოებები და შესაბამისად - ახალი ვერსია. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ხდება მათი შემოწმება, დადგენა.
რამდენად რადიკალურად განსხვავებულია ახალი ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს, ჟვანიას გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ოფიციალური ვერსიისგან, მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიებას არც ერთი ვერსია არ გამოურიცხავს.
„ის მტკიცებულებები და გარემობები რაც არის, რასაკვირველია, მრავალფეროვნებით ხასიათდება. საქმის გახსნა ნიშნავს იმას, რომ დავადგინოთ, რა მოხდა და აქედან გამომდინარე, დავადგინოთ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ვითარებაში მონაწილეობდნენ. ამ კონდინციამდე ჯერ მისული არ ვართ.
რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება ჯერ კიდევ ჩასატარებელია. იქედან გამომდინარე, რომ მათი შედეგების დროის პროგნოზირება რთულია, არაპროგნოზირებადია ვადაც, როდის შეიძლება საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ“, - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.
მაშ ასე, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. შესაბამისად, ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, შესაძლოა, შეიცვალოს, რადგან გამოძიების განახლების შემდეგ საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აღმოჩნდა. გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმა, პარლამნეტის წევრი გოგლა ჟვანია ამბობს, რომ საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელთა არსებობის შესახებ აქამდე ოჯახმა არაფერი იცოდა.
ეს მტკიცებულებები კი, მისი თქმით, ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი გამოძიების განახლების შემდეგ გახდა. როგორც ჟვანია ამბობს, ეს დეტალები გახდება წინაპირობა იმისა, რომ საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება. გარდაცვლილი პრემიერის ძმა გვამების ეგსჰუმაციასაც არ გამორიცხავს.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა საგამოძიებო პროცედურა ჩატარდება. ზურას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა მის კოლეგასა და მის ყოფილ თანაგუნდელ გიორგი ბარამიძესაც მოუწევს. სწორედ გიორგი ბარამიძე მონაწილეობდა ბინაში უანაბეჭდო ნივთების მიტანის პროცესში. ყველა ის ნივთი, რომელზეც საუბარია, მიტანილია ბინაში და ამიტომაც არ არის მათზე არანაირი ანაბეჭდი. ამ პროცესში მონაწილეობდა გია ბარამიძე, თუმცა როგორც ვიცი, პროკურატურას ის ჯერჯერობით არ დაუკითხავს“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
საქმეში აღმოჩენილ ახალ გარემოებებზე რაულ უსუპოვის მამაც საუბრობს. მისი თქმით, გამოძიების დასრულებისთანავე ყველა შეიტყობს, რა მოხდა სინამდვილეში. ამასთან, გარდაცვლილის მამა აღნიშნავს, რომ რაულ უსუპოვის ერთ-ერთი ფეხსაცმელი, რომელიც მტკიცებულებებიდან გაუჩინარებული იყო, აღმოჩნდა, რომ საქმეში დევს, თუმცა სრულიად განსახვავეული ზომის, ფორმის და სხვა ბრენდის.
„აქამდე საუბარი იყო ერთ ფეხსაცმელზე და ახლა გამოიკვეთა, რომ ორივე ფეხსაცმელი ადგილზე ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს იყო მკვლელობა და ეს არაერთხელ მითქვამს. თუმცა, საბოლოო წერტილს ამ საქმეში გამოძიება დასვამს. მალე ყველა დავინახავთ, რომ ოფიციალური ვერსია თავდაყირა დადგება. ეს იყო პოლიტიკური ხასიათის დაგეგმილი მკვლელობა და ეს ყველამ იცის. მალე დადგინდება, რომ გაზით არ არიან მოწამლულები.
ჩემი შვილი თუ არა, მაშინ სხვა ვინმე იქნებოდა იქ სცენარის გასაფორმებლად?! დადგეს უაზრო სცენარი, რომლისაც თვითონაც არ სჯერათ. რომ გახსნეს მტკიცებულებები და ვნახეთ შარვალი, ის ისეა დასვრილი ტალახით, რომ იმ შარვლით ქუჩაში არავინ ივლის, მითუმეტეს თანამდებობის პირი. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მოხდა რაღაც ჩხუბი და შეხლა-შემოხლა“, - განაცხადა იაშა უსუპოვმა.
ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, რომლის განცხადებით ყოფილი პრემიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საუბარია ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის გვამების ეგსჰუმაციაზე.
„საბოლოო ჯამში, ყველაფერი გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. მიმდინარეობს ეს პროცესი, გვამების ეგსჰუმაციაზეა საუბარი და ოჯახები გამოცოცხლდნენ. მეც მქონდა საუბარი გოგლა ჟვანიასთან, პროკურატურისგანაც ვიცი, რომ განახლდა ეს საქმე. დანარჩენს დაველოდოთ. ყველაფერს გამოიკვლევენ ისევე, როგორც გირგვლიანის მკვლელობას. ფაქტია, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს.
მე ამ საქმეზე ვიცი ის, რაც ზედაპირზე დევს. ის, რომ ეგსჰუმაციაზე ვისაუბრე, აქაც ვაჩვენე, რომ საკმარისი ცოდნა მაქვს. ის, რომ თითოეული მოწმის გვარი ვიცოდე და დაკითხვა, ეს არ იქნება ნორმალური და ამის დრო არც მაქვს და არც არის ჩემი საქმე. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული კითხვები არსებობს და ვიცი, რომ გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტი აცხადებს რომ ეს იყო უბედური შემთხვევა.
„ყველამ იცის რა მოხდა, ეს იყო უბედური შემთხვევა, საქმეში ჩართული იყო ამერიკის ფედერალური ბიურო, მე დიდი პატივს ვცემ ჟვანიას ოჯახს, ის იყო ჩემი უახლოესი მეგობარი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
გამოძიების ახალ დეტალებზე კომენტარს არ აკეთენებ ყოფილი ხელისუფლების და ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები. ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს ყოფილი პრემიერის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი გიორგი ბარამიძე, რომელიც ამ დრომდე დაკითხული არაა. თუმცა, როგორც პროკურატურაში განმარტავენ ყველა ის პირი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილებოდა ამ საქმეში, დაიკითხება.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში განახლებული საქმის ძიება ფინალურ სტადიაშია და ახალი მოწმეებიც დაიკითხნენ, რის შედეგდაც აღმოჩენილია ახალი გარემოებები.