მას შემდეგ, რაც რეჟისორ გრეტა გერვიგის ბარბის შემოსავალმა $1.44 მილიარდს გადააჭარბა და წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა, მაყურებლები მსჯელობდნენ იმაზე, გადაიღებდა თუ არა გერვიგი ფილმის გაგრძელებასაც. ამ თემაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ბარბის როლის შემსრულებელმა მსახიობმა, მარგო რობიმ თქვა, რომ მეორე ნაწილის გადაღება არ იგეგმება.
"მგონია, რომ ის, რის თქმაც გვინდოდა, ერთ ფილმში ჩავატიეთ. ჩვენი გათვლა არ ყოფილა, რომ ფილმი ტრილოგია ყოფილიყო. გრეტამ ყველაფერი ამ ერთ ფილმში ჩადო, ამიტომ ვერ წარმომიდგენია, შემდეგი ნაწილი როგორი შეიძლება იყოს.
ფილმის წარმატებისთვის აუცილებელი არაა, რომ რამდენიმე ნაწილი ჰქონდეს ან რამის ადაპტაცია იყოს. შეიძლება ფილმი მთლიანად ორიგინალურ იდეაზე შეიქმნას და ამისთვის დიდი დაფინანსებაც მოიპოვოს", — აღნიშნავს მსახიობი.
მარგო ამბობს იმასაც, რომ ბარბიმ მომავალ რეჟისორებს ბიძგი მისცა, რომ ორიგინალური იდეები განახორციელონ და ამისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად იბრძოლონ.
გრეტა გერვიგის ბარბის Warner Bros-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პრემიერა ჰქონდა. მან ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების (ნაწილი მეორე) შემოსავალსაც კი გადაუსწრო.
ბარბი გამოსვლის დღიდან მსოფლიოს უდიდეს კინობაზრებზე კინოთეატრების სალაროებში გაყიდვებით პირველობას ინარჩუნებს. მედიაანალიტიკოს პოლ დერგარაბედიანის თქმით, ისტორიაში ამხელა შემოსავლისთვის მხოლოდ 50-მდე ფილმს მიუღწევია.
ბარბის პრემიერა 21 ივლისს შედგა და მაყურებლების მოლოდინიც გაამართლა. მისი გამოსვლიდან ორ დღეში ფილმის შემოსავალმა $155 მილიონი შეადგინა. გრეტა გერვიგის ბარბის ქალი რეჟისორების ფილმებიდან კომერციულად ყველაზე წარმატებული პრემიერა ჰქონდა.