როგორც ბავშვ მსახიობს, გამიმართლა, რომ არაფერი დამიშავდა — ნატალი პორტმანი

როგორც ბავშვ მსახიობს, გამიმართლა, რომ არაფერი დამიშავდა — ნატალი პორტმანი

ნატალი პორტმანმა ცოტა ხნის წინ ინტერვიუში კარიერის ადრეული წლები გაიხსენა. მისი თქმით, როგორც თინეიჯერს ინდუსტრიაში, გაუმართლა, რომ რამე არ დაუშავდა. პორტმანმა სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო.

"ამ ინდუსტრიაში მოხვედრას ბავშვებსა და თინეიჯერებს არ ვურჩევდი. ზედმეტად ბევრი საშინელი ისტორია მომისმენია და ამისთვის არ მემეტებიან. უბრალოდ ძალიან გამიმართლა, რომ რამე არ დამიშავდა და ეს იმის დამსახურებაცაა, რომ საოცარი მშობლები მყავს, რომლებიც ჩემს დაცვას მუდმივად ცდილობდნენ", — აღნიშნავს პორტმანი.

მსახიობი ამბობს იმასაც, რომ ბოლო წლების განმავლობაში გასართობ ინდუსტრიაში არსებულ საშინელ სიტუაციაზე საუბარი ხმამაღლა დაიწყო, რის გამოც ადამიანებმა მეტი სიფრთხილის გამოჩენა დაიწყეს.

მსახიობმა თავისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ფილმ ლეონში 13 წლის ასაკში ითამაშა. ფილმში ნატალის პერსონაჟი მატილდა, მას შემდეგ, რაც ოჯახი დაეღუპება, მასზე ბევრად უფროს ლეონთან დაახლოვდება. ფილმის რეჟისორი ლუკ ბესონი 2018 წელს სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში რამდენჯერმე დაადანაშაულეს, თუმცა გამართლდა. პორტმანმა ამ როლზეც ისაუბრა.

"ეს ფილმი საზოგადოებას დღემდე ძალიან უყვარს და მეც ყველაზე ხშირად სწორედ ამ როლის გამო მაქებენ. ლეონმა ჩემი კარიერა განაპირობა, თუმცა ახლა როცა ვუყურებ, ცალსახაა, რომ გარკვეული სცენები უცნაური და უხერხულია, ამიტომ ფილმის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მაქვს", — ამბობს ნატალი.

მსახიობის თქმით, თავისი პროფესია ბავშვობიდანვე მთელი გულით უყვარდა, ამიტომ თინეიჯერობისას ინდუსტრიის წნეხს იმდენად ვერ გრძნობდა და მისთვის როლების თამაში სახალისო იყო.

პორტმანმა ისიც დაამატა, რომ მისი აზრით, ბავშვები არ უნდა მუშაობდნენ და მათ მხოლოდ სკოლაში სიარული უნდა ევალებოდეთ. ნატალიმ მოზარდებს, რომლებიც სამსახიობო კარიერას დაიწყებენ, ურჩია, რომ საქმეს როგორც თამაშს, ისე მიუდგნენ და გაერთონ.