ციხის ყოფილი დირექტორის ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საზოგადოების ერთმა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აუცილებელია, ქვეყანაში სამართლიაონობა აღდგეს და სასამართლომ გადაწყვეტილება, პირველ რიგში, იმ პირების მიმართ გამოიტანოს, ვინც ადამიანთა უფლებებს წლების განმავლობაში არღვევდა. უფლებადამცველთა ნაწილი აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში სამართლიანობა დროულად არ აღდგება, არ არის გამორიცხული, რომ პროცესმა ქუჩაში გადაინაცვლოს და ანგარიშსწორების ფაქტები მასობრივი გახდეს.
სასჯელაღსრულების N 17 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ლაშა ბრეგვაძე 12 ოქტომბერს ქუჩაში სცემეს. საქმეზე გამოძიება მალევე დაიწყო და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრეგვაძის ცემაში ბრალდებული სამი პირი 16 ოქტომბერს დააკავა. შსს-ს პრესსამსახურის განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
სასჯელაღსრულების N17-ე დაწესებულების ყოფილი უფროსის ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტს პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ციხის ყოფილი უფროსის ცემაში ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დაადანაშაულა.
„ეს არის კრიმინალური სამყაროს მცდელობა, ჩამოშალოს სახელმწიფოს ფუნდამენტი, დაამყაროს ქვეყანაში ანარქია და ქაოსი. ისინი ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების დასაწყისში“, - წერს ახალაია განცხადებაში.
ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტს ახალაიას შემდეგ ყოფილი მსჯავრდებულებიც გამოეხმაურნენ. რუდიკ ოვაკიმიანი ერთ-ერთია ყოფილი პატიმრებიდან, ვინც ბრეგვაძის ხელმძღვანელობის პერიოდს იხსნებს. მისი თქმით, მე-17 დაწესებულების ხელმძღვანელი დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიმართ სასტიკ ზომებს იყენებდა და მსჯავრდებულებს მისი ბრძანებით მუდმივად სცემდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენელი ლევან ჩიტიძე მიიჩნევს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი საზოგადოებისთვის რთულად გასაგებ ცნებად იქცა, ამიტომ, არ არის გამორიცხული რომ ქუჩაში ანგარიშსწორების ფაქტები გახშირდეს.
„პროკურატურაში ძალიან ბევრი საჩივარია დაწერილი. ათასობით ადამიანი ყვება ციხის უფროსებისა და ბადრაგების დანაშაულებებზე, თუ ეს საქმეები მალე გაიხსნება და დამნაშავეები დაისჯებიან, ქვეყნისთვის უმჯობესი იქნება”, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ჩიტიძე.
უფლებადამცველი ქუჩაში ანგარიშსწორების ფაქტებს გმობს და ადამიანების ცემას დაუშვებლად მიიჩნევს. ჩიტიძე სიტუაციიდან გამოსავალს პროკურატურაში შესული განცხადებების რეაგირებაში ხედავს.
„რა თქმა უნდა, დაუშვებელია ქუჩაში ანგარიშსწორება, მაგრამ ჩვენ ამას თავიდან ვერ ავიცილებთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე თავად მაქვს ზუსტი ინფორმაცია და ვიცი, რომ ციხის უფროსი ლაშა ბრეგვაძე 5 წლის განმავლობაში, თითქმის, ყოველდღე სცემდა და უსასტიკესი მეთოდებით აწმებდა იმ პატიმრებს, ვინც მას ახლახან ფიზიკურად გაუსწორდნენ. პროკურატურაში დაწერილი საჩივრებით რეალურად შედეგი არ დადგა და მათ მიმართეს იმ ხერხს, რა მეთოდითაც ჰგონიათ, რომ აღადგენენ სამართლიანობას. სამწუხაროა, მაგრამ ეს პროცესი არ დასრულდება ერთი-ორი შემთხვევით, ეს გაგრძელდება, ვიდრე დამნაშავე პირები არ დაისჯებიან“, - აცხადებს ლევან ჩიტიძე.
საკუთარ შეფასებებში უფრო რადიკალურია არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე. მისი განცხადებით, ციხის უფროსის ცემის ფაქტი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კოაბიტაციის პოლიტიკას და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის დაგვიანებას უკავშირდება. კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას ლაშა ბრეგვაძის დანაშაულებრივ საქმიანობაზეც აკეთებს აქცენტს და იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სამართლიანობის აღდგენის კუთხით ქვეყანაში ვითარება შეიცვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს ვარაუდობს.
„ლეგენდები დადის, რასაც ეს ადამიანი აკეთებდა სისასტიკის თვალსაზრისით - საშინელ დღეში ჰყავდა პატიმრები და მათი ოჯახის წევრები. კონკრეტულ მაგალითებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან იმ პატიმრებს ოჯახები და ახლობლები ჰყავთ და აღარ მინდა, გავამწვავო სიტუაცია. ვფიქრობ, ციხის უფროსის ცემის ფაქტი ხელისუფლებისთვის სერიოზული სიგნალია. თუ არჩევნების შემდეგაც არ დაიწყება ამ ადამიანების გასამართლება და პასუხისგებაში მიცემა, მათ მიერ გამწარებული ხალხი თავად გახდება მსხვერპლი. არ შეიძლება, გაუბედურებული და ნაწამები ხალხი მსხვერპლი გახდეს იმის გამო, რომ პასუხისგებაში არ არიან მიცემული კრიმინალები, რომლებმაც ღირსება შეულახეს და უფლებები დაურღვიეს ადამიანებს“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
კაკაბაძე ბაჩო ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ახალაია ჭკუას აღარავის უნდა ასწავლიდეს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქურდები თავად ჩაანაცვლეს და ქვეყანას ბანდიტურად მართავდნენ.
მე-17 დაწესებულების ხელმძვანელის ცემის ფაქტი ყოფილი თანამდებობის პირის ქუჩაში ანგარიშსწორების პირველი შემთხვევა არ არის. ანალოგიური შემთხვევა ცოტა ხნის წინ ფრანგულ კაფეშიც მოხდა. ფიზიკური ანგარიშსწორების ცალკეული ფაქტები კი ლოკალური მნიშვნელობის გამო მედიით არ ხმაურდება.