კვირაში 5 დღე არავინ არ უნდა მუშაობდეს, ეს უაზრობაა — საიმონ ქოუელი

კვირაში 5 დღე არავინ არ უნდა მუშაობდეს, ეს უაზრობაა — საიმონ ქოუელი

ცნობილი ბრიტანელი პროდიუსერი, არაერთი წარმატებული ტელეშოუს შემქმნელი და მულტიმილიონერი საიმონ ქოუელი ამბობს, რომ 5-დღიანი სამუშაოა კვირა "უაზრობაა". ქოუელი, რომელიც ისეთი მეგაშოუების უკან დგას, როგორებიცაა X ფაქტორი და ნიჭიერი, აცხადებს, რომ პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობას შორის წონასწორობის შესანარჩუნებლად პარასკევობით აღარ მუშაობს.

64 წლის პროდიუსერი იმასაც აღნიშნავს, რომ წინათ "ვორკაჰოლიკი" გახლდათ და დღეში 20 საათიც უმუშავია. თუმცა, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში მისი დამოკიდებულება შეიცვალა.

"ვფიქრობ, კვირაში 5 დღე არავინ არ უნდა მუშაობდეს, ეს უაზრობაა", — აცხადებს ქოუელი, — "ნუ იმუშავებთ პარასკევობით, რადგან ეს არ გჭირდებათ. ხუთ საათზე სადილი მიირთვით, ექვსის ნახევრის შემდეგ კი სატელეფონო ზარებს ნუღარ უპასუხებთ და ნუღარც მეილებს წაიკითხავთ. მხიარულ ფილმს უყურეთ ან გარეთ გადით".

4-დღიანი სამუშაო კვირის ეფექტურობაზე აქამდეც უსაუბრიათ. შარშან ბრიტანეთში ექვსთვიანი საპილოტე პროგრამის შუალედური შეჯამებისას დაასკვნეს, რომ 4-დღიანი სამუშაო კვირა დასაქმებულების პროდუქტიულობას ზრდის კიდეც. ექსპერიმენტში 70-ზე მეტი კომპანიის 3 300 თანამშრომელი მონაწილეობდა. მაშინ 35-მა კომპანია განაცხადა, რომ სამომავლოდ, პროგრამის დასრულების შემდეგაც, 4-დღიანი სამუშაო კვირის დანერგვას განიხილავდნენ. ზოგიერთმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შემცირებულმა სამუშაო კვირამ თანამშრომლებს საშუალება მისცა, გამოთავისუფლებული დრო ოჯახის წევრებისთვის, ვარჯიშისთვის, კულინარიისა და სხვა ჰობისთვის დაეთმოთ. შედეგად, მათი მენტალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, რამაც ისინი მეტად მოტივირებულები და პროდუქტიულები გახადა.

ქოუელის ზემოხსენებული განცხადება კი ალბათ ძალიან დროული იყო. ბოლო პერიოდში ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ახალ თაობას შრომითი ეთიკა დაუწუნა. მაგალითად, მსახიობისა და ტელეწამყვანის, ვუპი გოლდბერგის აზრით, ახალგაზრდებს ბინის შეძენა იმიტომ უჭირთ, რომ ზარმაცები არიან.