პერის ჰილტონს მადლიერების დღის აღსანიშნად განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა — მას მეორე შვილი შეეძინა. 42 წლის ვარსკვლავი და მისი ქმარი, კარტერ რეუმი, მშობლები უკვე მეორედ გახდნენ. მათ პირველი ბავშვის დაბადების შესახებ საზოგადოებას იანვარში შეატყობინეს.
სიახლე თავად ჰილტონმა სოციალური ქსელის მეშვეობით გვაცნობა. მან ჩვილის ვარდისფერი ტანსაცმლის ფოტო დაპოსტა, რომელსაც ზედ "ლონდონი" აწერია.
"მადლიერი ვარ ჩემი პატარა გოგოსთვის", — წერს პერისი.
წყვილს კომენტარებში ახალშობილის დაბადება უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მიულოცა, მათ შორის, ნაომი კემპბელმა, დემი ლოვატომ, ელ ფენინგმა და კრის ჯენერმა. ასევე, საზოგადოებამ ჰილტონს ბავშვის სახელის არჩევანი მოუწონა, რადგან თავად პერისსაც ქალაქის, პარიზის, სახელი ჰქვია.
"ეს ჩემი საყვარელი ქალაქია და ყოველთვის მინდოდა, ჩემი შვილისთვის ლონდონი დამერქმია", — თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში პერისმა.
ვარსკვლავმა ახალი ამბავი გულშემატკივრებს ტიკტოკის მეშვეობითაც შეატყობინა — ვიდეოში ის თავის დისშვილებს ეკითხება, უხარიათ თუ არა ახალი დეიდაშვილის ყოლა და ატყობინებს, რომ უკვე ორი შვილი ჰყავს. ტიკტოკის ერთ-ერთ ვიდეოში კი ჩანს, როგორ ულოცავს ოჯახი ჰილტონის პირველ შვილ ფენიქსს, რომ უკვე უფროსი ძმა გახდა.
ცნობილმა ბიზნესვუმენმა და მისმა ქმარმა, კარტერ რეუმმა, გადაწყვიტეს, მშობლები სუროგაციის გზით გამხდარიყვნენ და უკვე ორი შვილი ჰყავთ. ერთ-ერთ ინტერვიუში პერისი ამბობს, რომ დედობაზე ყოველთვის ოცნებობდა და ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაზე ბედნიერად გრძნობს თავს. პერისი და კარტერი 2021 წლის ნოემბერში დაქორწინდნენ.