„ლანგეითში“ ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის კაბინეტი გაიხსნა

„ლანგეითში“ ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის კაბინეტი გაიხსნა

დღეს, საგანმანათლებლო ცენტრ „ლანგეითში“ ცნობილი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. ცენტრის მსმენელებს საშუალება ექნებათ კაბინეტში ცნობილი ავიატორის მიერ შექმნილი თვითმფრინავების მოდელები და საარქივო ფოტო მასალა დაათვალიერონ. 

კაბინეტის გახსნას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი დაესწრო. მან საგანმანათლებლო ცენტრ „ლანგეითს“ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილის კაბინეტის გახსნა მიულოცა. „ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ჩვენი თანამემამულის შესახებ. სწორედ, ასეთი სახის პროექტები ხელს უწყობს ალექსანდრე ქართველიშვილის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობადობის ამაღლებას“ - განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.

პროექტის „ალექსანდრე ქართველი და ამერიკა“ ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილი ავიაკონსტრუქტორის სახელი ყოფილ 31-ე საავიაციო ქარხანას მიენიჭა, თბილისში მის მშობლიურ სახლთან კი გაიხსნა მემორიალური დაფა. ალექსანდრე ქართველიშვილის 117 წლის იუბილეზე საქართველოს შეიარაღებული ძალების საავიაციო ბრიგადის მფრინავთა შემადგენლობამ საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი ავიაშოუ გამართა.