ფრანგებს საკუთარი თავიც არ მოსწონთ — რიდლი სკოტი ფრანგ კრიტიკოსებს პასუხობს

ფრანგებს საკუთარი თავიც არ მოსწონთ — რიდლი სკოტი ფრანგ კრიტიკოსებს პასუხობს

ახლახან რიდლი სკოტის ახალი ფილმი, სახელად Napoleon, გამოვიდა. ისტორიული დრამა საფრანგეთის ცნობილი იმპერატორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს, მთავარ როლში კი ხოაკინ ფენიქსი თამაშობს. Napoleon პრემიერიდან მალევე კრიტიკის ობიექტი გახდა, რასაც უკვე ფილმის რეჟისორიც გამოეხმაურა.

"შეგვიძლია, ფილმს სახელი გადავარქვათ და იმპერიაში მცხოვრები ბარბი და კენი ვუწოდოთ", — წერს Napoleon-ის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro. ფილმის შეფასებაში ასევე ნათქვამია, რომ ის ძალიან "ანტიფრანგული და პრობრიტანულია".

რიდლი სკოტი Napoleon-ის შესახებ მსგავს შეფასებებს არ დაეთანხმა. მისი თქმით, ფილმის პრემიერა პარიზშიც შედგა და მაყურებლისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა."ფრანგებს საკუთარი თავიც კი არ მოსწონთ. მაყურებელს, რომელსაც ფილმი პარიზში ვაჩვენე, ძალიანაც მოეწონა", — განაცხადა რიდლი სკოტმა.

Napoleon ისტორიკოსებმაც გააკრიტიკეს, რადგან მათი თქმით, ფილმში არაერთი ისტორიული უზუსტობა გვხვდება, რაზეც რიდლი სკოტმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "ბევრი ისტორიული ფილმი მაქვს გადაღებული. როცა კონკრეტული მოვლენიდან 100 წლის შემდეგ დაწერილ ისტორიულ წყაროს ვკითხულობთ, თქვენი აზრით, რამდენად ზუსტია ან რამდენად არის გამძაფრებული სასიყვარულო ურთიერთობები? როცა კრიტიკოსი მეუბნება, რომ "არა, ეს იერუსალიმში არ მომხდარა", ამაზე ვპასუხობ "საიდან იცი? იქ იყავი?", რაც ჩემთვის სახალისო სიტუაციაა".

Napoleon-ის კრიტიკას ხოაკინ ფენიქსიც გამოეხმაურა. "თუ ნაპოლეონის ისტორიის გაგება გინდათ, მაშინ თავად უნდა იკითხოთ და ბევრი ისწავლოთ, შემდეგ კი საკუთარი ფილმი გადაიღოთ. Napoleon, რომელსაც ახლა უყურებთ, რიდლი სკოტის თვალით დანახული ისტორიის გადმოცემაა", — ამბობს ხოაკინ ფენიქსი.

Napoleon-ის პრემიერია 22 ნოემბერს შედგა.