გამოუძიებელი საქმეები

გამოუძიებელი საქმეები

დიდი აურზაურით დაანონსებული ყოფილ მაღალჩინოსანთა დანაშაულის გამოძიების დაწყება, შემდეგ საქმის გახსნის ტემპის შენელება და ბოლოს - მაღალჩინოსანთა გირაოთი გათავისუფლება... როგორც წესი, საქართველოში ასეთი პერსპექტივა აქვს ყველა გახმაურებული საქმის ძიებას. თუმცა არის ისეთი საქმეები, რომლებიც, სავარაუდოდ, პროკურატურას არც კი გადაუფურცლავს. პასუხი ერთია, რომ საქმეები ძიების სტადიაშია და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით ვერაფერს იტყვიან.

ერთ-ერთი ასეთი საქმე „სიმართლის ფანჯრის“ - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პასუხისმგებლობას შეეხება, რომელიც მანამდე იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრის, ასევე, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის პოსტს იკავებდა. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მის მსგავსად, თავისუფლებაზე აღმოჩნდნენ მასთან ერთად დაპატიმრებული ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, „თელასის“ გენდირექტორი დევი კანდელაკი და სხვები. არადა, ამ ადამიანებს დანაშაულებრივი სქემის მონაწილეობისთვის ამხელდნენ.

მარტო ნიკა გვარამიას ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, ფულის გათეთრება, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება და ცრუმეწარმეობის ხელშეწყობა. კერძოდ, მათ ბრალად ედებოდათ არასამეწარმეო მიზნით, 2012 წლის ივლისში შექმნილ ცრუ საწარმოსათვის ენერგოკომპანიების მიერ, თითქოსდა, საკონსულტაციო მომსახურებისათვის 1 მილიონი აშშ დოლარის გადარიცხვა. უფრო მეტიც, ამ ადამიანების მხილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის იმთავითვე გავრცელდა ყოფილი მაღაჩინოსნების სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერები მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან.

„რუსთავი 2“-ის გენდირექტორობა არ არის ინდულგენცია არავისთვის, რომ პასუხისმგებლობას თავი დააღწიოს“, – აცხადებდა მაშინ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი.

ნიკა გვარამიასა და მასთან ერთად მხილებულთა საქმის მსვლელობით დაინტერესებისას პირველად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიები სამსახურს მივმართეთ, საიდანაც დაიწყო მათი საქმის წარმოება. თუმცა აღნიშნულ უწყებაში გვითხრეს, რომ, რადგან საქმე სასამართლოში იყო, მისი გამოძიებაც შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა. თუმცა პროკურატურაში რა ბედი ეწია ამ საქმეს, პრესსამსახურის უფროსის საქართველოში დაბრუნებამდე ვერ აკონკრეტებენ.

ნიკა გვარამიას საქმე არ არის ერთდერთი, რომელიც ბოლომდე შესწავლას მოითხოვს. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ სხვადასხვა პერიოდში დაკითხვაზე დაატარებდნენ ვერა ქობალიას, ნიკა გილაურს, ხათუნა კალმახელიძეს და უამრავ მაღალჩინოსანს, მაგრამ დღეს მათი საქმეების გამოძიების შესახებ არაფერი ვიცით. არც ის ვიცით, ამ საქმეების მსვლელობა კოაბიტაციას ეწირება, პროკურატურის არასაკმარის, არაკომპეტენტურ თუ დანაშაულში თანამონაწილე კადრებს.

თუ რატომ არ არის არცერთ საქმეზე გამოძიება ბოლომდე მიყვანილი და რა მოლოდინი უნდა გვქონდეს 27 ოქტომბრის შემდეგ?! ამის შესახებ უფლებადამცველებსა და თავად დაზარალებულებს სხვადასხვა ვერსია აქვთ.

უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას აინტერესებს, ჩვენ რომ მოგვთხოვონ ამ საქმეების გამოძიება და ეს დავალება არ შევასრულოთ, ვინ დაგვტოვებს სამსახურში? ამდენად, ადვოკატის აზრით, აშკარად იკვეთება პროკურატურის უსუსურობა, რომელიც ვერ ახორციელებს თავის ფუნქციას. ლია მუხაშავრიას არ სჯერა, რომ ნაძალადევი კოაბიტაცია, პროკურორების უკმარისობა, ან მათი კომპეტენცია იყოს ამის მიზეზი, რადგან, თუ პროკურორები მოვალეობას ვერ ასრულებდნენ, მაშინ მათთვის არ უნდა დაევალებინათ იმ საქმეების გამოძიება, რასაც თავს ვერ გაართმევდნენ.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ საქმეებზე, რომელთა გამოკვლევაც ახალმა ხელისუფლებამ წამოიწყო. ეს ხომ არ არის წინა ხელისუფლებისგან გადმოყოლილი საქმე? მე არ მაქვს კოსმონავტობის პრეტენზია და თუ არ შეეძლოთ და არ ჰყოფნიდათ რესურსი, მაშინ მთავარ პროკურორს ეს უნდა სცოდნოდა სამსახურში მისვლიდან ერთ კვირაში. ამ ხალხს ჩვენ ვუხდით ფულს და თუ პროკურატურა ამბობს, რომ ადამიანური რესურსები არ ჰყოფნის, 27 ოქტომბრის შემდეგ გაუჩნდება ეს რესურსი? თუ გამოძიება გუშინ ვერ შეძლეს, ვერც ხვალ შეძლებენ?“ - კითხვა უჩნდება ლია მუხაშავრიას.

უფლებადამცველი მამუკა ნოზაძე მიიჩნევს, რომ 27 ოქტომბერს არანაირი კოაბიტაცია არ დამთავრდება და „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ შეხმატკბილება ერთმანეთის დანაშაულის მიჩქმალვაში გადაიზრდება. რაც შეეხება 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ აღძრულ და გამოძიებულ საქმეებს, რომლებიც სასამართლოს გადაეცა, მათ შორის, ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურის და სხვათა საქმეებს, თუ ახალ ხელისუფლებას დასაბუთებული მტკიცებულებები არ ჰქონდა, მაშინ ქართული საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეეყვანა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს და სასამართლომ შერჩევითობის პრინციპი კარგად გამოიყენა. ამ ადამიანებს აპატიეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისება, მაშინ, როცა ელემენტარულ დანაშაულებზე, არასრულწლოვან ან სოციალურად დაუცველ ოჯახის წევრებს შეუფარდებდნენ პატიმრობას.

„ამ საქმეებთან მიმართებით ახალი ხელისუფლება გაჩუმებულია და ეს საქმეები არ დაძრულა ადგილიდან. სასამართლო განხილვები ინტენსიურად არ მიმდინარეობს, რადგან ხელისუფლებას არ სურს რეალურად დადგეს განაჩენი. მათ ძალიან არამყარი არგუმენტაციები აქვთ წარდგენილი, რადგან პროკურატურაში ისევ „ნაცმოძრაობის“ მორჩილი პროკურორები არიან დასაქმებულნი. ამიტომაცაა ბაჩო ახალაიას საქმეზე პროკურორები იცვლებიან და საქმის გაჭიანურებას ცდილობენ. როგორც ერთ საქმეზე გაამართლეს ახალაია, დანარჩენ ორივე საქმეზეც გაამართლებენ, უბრალოდ, 27 ოქტომბრამდე ხალხის გაღიზიანება არ აწყობთ, თორემ არჩევნების შემდეგ გამამართლებელი განაჩენი დადგება. მოსამართლე დავით მგელიაშვილი ორ თვეზე მეტია, სათათბირო ოთახშია შესული და განაჩენი არ გამოაქვს, რაც ახალ ხელისუფლებასთანაა შეთანხმებული. არადა, სამხედროების წამებასთან დაკავშირებით ახალაიას საქმეს სულაც არ სჭირდება ამდენი ხნის განმავლობაში მოსამართლის სათათბიროში ჯდომა. როცა ქვეყანაში ამდენი პოლიტპატიმარია და ამის შემდეგ მოსამართლეებისა და პროკურორების დასჯას არ აპირებ, კარგად ჩანს ამ ხელისუფლების მიდგომა“, - აღნიშნა მამუკა ნოზაძემ.

ჩვენ დავუკავშირდით დაზარალებულ პირებსაც. ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე“ ხელმძღვანელი იური ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ საბოტაჟის ნიშნები იკვეთება და არცერთი საქმე არ არის დაძრული, რადგან პროკურატურა დღეს ისევ სავსეა ძველი კადრებით, რომლებიც საშინელებებს ჩადიოდნენ და, ცხადია, საკუთარ თავს ვერ გაამტყუნებენ.

„თავიდან პროკურატურაში დამიბარეს. ეს იყო ფორმალური შეხვედრა, თითქოს, საქმის კურსში მაყენებდნენ. სინამდვილეში, ზურას საქმის გარშემო ერთი სიტყვა არ დაუძრავთ, ისიც არ მითხრეს, საით მიჰყავთ გამოძიება. ჯერ დაზარალებულადაც არ ვარ ცნობილი, მხარედ არ მაღიარებენ. ძველი ხელისუფლების სისხლის სამართლის კოდექსი კარგად მოირგო ახალმა ხელისუფლებამ და როცა მხარე ითხოვს საკუთარი საქმის მასალების გაცნობას, არ გახედებენ, გასაიდუმლოებულიაო. გამაგებინონ, ვისთან აქვთ კოაბიტაცია, რეჟიმის მსხვერპლთან თუ დამნაშავესთან?! გამოდის, ამათ ადრეც ჰქონიათ კოაბიტაცია და ამის შესახებ კიდევ უამრავი ფაქტი გამოვლინდება, „ოცნებიდან“ ვინ ვისთან თანამშრომლობს. დიდ სხვაობას ვერ ვხედავ ადეიშვილისა და კბილაშვილის პროკურატურას შორის. შსს სავსეა ზონდერებით, ვინც ხალხს თავ-ყბას უნგრევდა, მამაკაცებს ციხეებში აუპატიურებდა, სუყველანი თანამდებობებზე არიან. რას აკეთებენ პარლამენტარები, პრეზერვატივებზე საუბრობენ?! სასწრაფოდ შეცვალონ კანონები და იძულებულს ნუ ხდიან მოსახლეობას, თავად დაიწყონ სამართლიანობის აღდგენა“, - აღნიშნა იური ვაზაგაშვილმა.

ყოფილი პოლიტპატიმარი ნორა კვიციანი დღემდე გაურკვევლობაშია. მან ისიც არ იცის, სტრასბურგიდან მისი საქმე გამოითხოვეს თუ არა.

„იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ასი საქმე მაქვს გამოთხოვილიო და კვიაციანის საქმეს გამოვითხოვო. მაშინ ვუთხარი, ჩემთან შეთანხმების გარეშე როგორ გამოითხოვთ ჩემს საქმეს-მეთქი. დღემდე არ ვიცი, ვისი საქმეებია გამოთხოვილი სტრასბურგიდან.

რაც მე ციხეში ვიყავი, მთელი ეს წლები, ჩემთან მიმართებით ხან ჟურნალისტური გამოძიება ტარდებოდა, ხან სახალხო დამცველის გამოძიება, შემდეგ საქმეში არასამთავრობოები, იურისტები ჩაერთნენ, საერთაშორისო გამოძიებით მთლიანად გამოკვლეულია ჩემი საქმე და იქიდან მომანიჭეს პოლიტპატიმრის სტატუსი. ორი თვე მქონდა დარჩენილი და არ მინდოდა გამოსვლა, ამდენი წელი თუ ციხეში ვიჯექი, ორ თვესაც გავძლებდი, მაგრამ გამომიყვანეს. ახლა კი საერთაშორისო სტატუსი მაქვს და ადგილობრივი სტატუსი არ მაქვს. პროკურატურას გადასცეს ჩემი საბუთები და არ ვიცი, რას აკეთებენ. უკვე ერთი წელია, რაც გავთავისუფლდი და ჩემს საქმესთან მიმართებით არანაირი ძვრა არ არის. ერთადერთი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა შორის თამაზაშვილის საქმე გამოიძიეს, დანარჩენი, არცერთი პოლიტპატიმრის საქმე არ გამოუკვლევიათ. არც გამოძიებაზე დავუბარებივარ. დაგირეკავთ და გამოგიძახებთო, მაგრამ არავინ შემხმიანებია. თუ ისინი ვერ იძიებენ, მაშინ მოხსნან და სხვა პიროვნებები დასვან, ვინც სიმართლეს გამოიძიებს“, - გვითხრა ნორა კვიციანმა.

მანვე განმარტა, რომ არც მათი დასჯა აინტერესებს, არც - პასუხისმგებლობა, უბრალოდ, სიმართლის გარკვევა სურს.

ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ მისი საქმის შემთხვევაშიც, პროკურატურის მხრიდან რეაგირება ნულია. არადა, ჯაშუშობის საქმე ქვეყნის უსაფრთხოების ნომერ პირველი პრიორიტეტული მიმართულებაა და ეს ეროვნული უსაფრთხოების დონეზეა აყვანილი.

„როცა საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, აქ კოაბიტაცია დავიწყებული უნდა იყოს. 200 ჯაშუში თუ იყო ქვეყანაში, მაშინ არშემდგარი ქვეყანა ვყოფილვართ. ამიტომ ამ საქმეების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება იგრძნობა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

ყოფილი პოლიტპატიმარი თორნიკე მოლაშვილიც ადასტურებს, რომ გასული წლის ნოემბერში შეტანილ განცხადებაზე პროკურატურისგან დღემდე პასუხი არ მიუღია. მეტიც, მათ არავინ იბარებს საქმის გამოძიების მიზნით.

„მარტო ჩემზე არ არის საუბარი. ჩემი ძმა ევროპამ აღიარა პოლიტპატიმრად, მაგრამ ახლა, ვინც ციხეებიდან გამოვიდა და პარლამენტმა ვისაც მიანიჭა პოლიტდევნილის სტატუსი, იმ 215 ადამიანიდან არცერთი არ დაუბარებიათ პროკურატურაში. პასუხი დღემდე არ ყოფილა და არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ, თუ რა ხდება თუნდაც სულხან მოლაშვილის წამების საქმის გამოძიებისას“, -  აცხადებს თორნიკე მოლაშვილი და არც ის იცის, რა შეიცვლება 27 ოქტომბრის შემდეგ და გამოიცვლება თუ არა პროკურატურაში კადრები.

ჩვენ დავინტერესდით, რა ეტაპზე იყო ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება, თუმცა მისმა ქვრივმა, ნინო ქადაგიძემ მკაცრად გვითხრა, ძიება მიმდინარეობსო და სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი, გეგონება, ჩვენ ვიყოთ დამნაშავენი, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ჭიანურდება.