დუბლინი არეულობამ მოიცვა. ირლანდიის დედაქალაქში მომხდარი თავდასხმის გამო გამართული საპროტესტო გამოსვლა, მასობრივ არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს პიროტექნიკა და ბოთლები ესროლეს, შედეგად, პოლიციის ერთ-ერთ მანქანას და ორ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
არეულობა დუბლინის ერთ-ერთ დაწყებით სკოლასთან მომხდარი თავდასხმით დაიწყო: სამი მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე კაცი და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუთი წლის ბავშვისა და ქალის მდგომარეობა მძიმეა. პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, ტერაქტის ვერსია სამართალდამცველებმა გამორიცხეს.