დიტო გელოვანი: თავში ფეხი და გული ყელში

დიტო გელოვანი: თავში ფეხი და გული ყელში

იაშასთან საერთო ენის გამონახვა შეუძლებელი იყო. კოსტა მასთან საუბრის გაბმას ვერ ახერხებდა. კაცმა რომ თქვას, არც სურვილი ჰქონდა. თვითონ იაშას კი ეს საკითხი სულაც არ ადარდებდა. ქვისლს სუფრასთან ყოფნას ბოლომდე არ აცლიდა. კოსტა რომ ეშხში შევიდოდა და ცოტა თითქოს გუნებაც გამოუკეთდებოდა, ის ამ დროს ყავას მოითხოვდა. კოსტაც, იძულებული იყო, სმა შეეწყვიტა და გულში იბოღმებოდა. სულ მთლად მუნჯად ყოფნაც არ შეიძლებოდა და დალაპარაკება ზოგჯერ მაინც აუცილებელი იყო. იაშას ამისთვის ერთადერთი თემა ჰქონდა - სოფლის მეურნეობა. როგორც ჩანს, კოსტას სოფლელობას უწევდა ანგარიშს, თორემ სოფლის მეურნეობისა არაფერი გაეგებოდა. ზოგჯერ გვარიან სისულელესაც წამოროშავდა ხოლმე.

(ჯემალ ქარჩხაძე, ”გუბე”)

 

გასულ კვირაში მიშამ ყველას გაუწია ანგარიში და ყველაფერზე ილაპარაკა და, როგორც სჩვევია, ანუ ჩვეული ოსტატობით, იმდენი სისულელეები წამოროშა, რომ საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა. მისი მეორე ”მე” იდგა და თვალებგაფართოებული უცქერდა, შინაგან ხმას ენა ჩაუვარდა, მეექვსე გრძნობამ კი გრძნობა დაკარგა და გონს მაშინ მოვიდა, როდესაც მიშა ამბობდა, საავადმყოფოები იმიტომ კეთდება, ხალხით რომ გაივსოსო. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ გრძნობამ კიდევ ერთხელ დაკარგა გრძნობა, მაგრამ მოასწრო და ტელეპათიურად უკარნახა შალვა ნათელაშვილს ის, რაც შალვამ შემდეგ თქვა კიდეც: ”სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო საჭმლის მომნელებელი არსების გაბაასება საკუთარ მხარდამჭერებთან”.

 

ვფიქრობ, ამაზე ზუსტად ვერავინ იტყოდა. ”ეს იყო უინტერესო, უაზრო კაცის ბჟუტური. სერიოზულად ამის აღქმა მიჭირს” - დასძინა შალვამ და დავასკვენი, რომ შალვა მიშას არც მაშინ აღიქვამდა სერიოზულად, როდესაც ღიმილ-ღიმილით და ხვევნა-კოცნით, უანგაროდ და დიდსულოვნად აბარებდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის საკმაოდ რბილ სავარძელს.

 

მას შემდეგ, შალვა ნათელაშვილი და მისი ”ნაჯახი როჟები” სერიოზულად აღარ აღმიქვამს და თუ ვინმე არ მეთანხმება, ერთ ნიუსს წაგაკითხებთ: "ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებისგან წყლის გადასახადის გაუქმებას მოითხოვს. ამ მოთხოვნით პარტიის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. "ლეიბორისტები" ხუდადოვის ქუჩაზე წყალმომარაგების დაზიანებულ ცენტრალურ მილთან შეიკრიბნენ”.

 

და თუ ვინმე ამის შემდეგაც სერიოზულად უყურებს ”ოფისის პროლეტარიატს”, მაშინ ის დღეც დადგება, როდესაც ასეთი ინფორმაცია გავრცელდება: "ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებისგან საკანალიზაციო მეურნეობის მოწესრიგებას მოითხოვს. ”ლეიბორისტები” ჯორჯ ბუშის ქუჩაზე საკანალიზაციო ჭასთან შეიკრიბნენდა პროტესტის ნიშნად ცხვირის ნესტოები ბამბით ჰქონდათ გამოტენილი”.

 

შევეშვათ ლეიბორისტებს, მაგათ თავიანთი გაჭირვება ყოფნით - გლობალურ დათბობაში ჯერ კიდევ აფრიკელ არქიეპისკოპოსს, დესმონდ ტუტუს ადანაშაულებენ. შევეშვათ ლეიბროისტებს და ისევ მიშას მარგალიტები ჩამოვარაკრაკოთ:

 

”საქართველო ომს განვითარებითა და მოთმინებით მოიგებს, საქართველოს გლობალური ამბიციები არ აქვს”, ”ვეტერანებს მარადიულ ცეცხლთან ახლოს მოშარდვას არ ვაპატიებ”, ”საქართველო ეკუთვნის ყველას და სამშვიდობოსაც ყველასთან ერთად გავა”, ”პუტინზე "თბილისოს" და "სულიკოს" სიმღერა "იავნანამ რა ჰქმნას" ეფექტს ვერ მოახდენს”, ”არც ერთ ჯგუფთან არ მაქვს ისეთი სოლიდარობისა და გაიგივების განცდა, როგორც დევნილებთან”, ”ვინც სვანეთში დარჩა, არ ინანებს”, ”ერთი-ორი არხია ისეთი, რომ ხანდახან მგონია, მარსიდან გადმოსცემენ”, ”საქართველომ სახელი გამოგონებებით უნდა გაითქვას”, ”მაქსიმუმ ორ წელიწადში არ იარსებებს სოფელი, რომლისთვისაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ხელმისაწვდომი არ იქნება”, ”საქართველოში მაღალი ხარისხის თოვლია, ჩვენთან ჩაწყობილი კითხვები არ არის”...

 

ოკ... ჩვენთან კითხვები საერთოდ არ არის, თოვლის ტენიანობა 72 გრადუსია, ორ წელიწადში სოფელი აღარ იარსებებს, სახელი რევოლუციის გამოგონებით გავითქვით, ”რუსთავი 2” - პირველი ქართული(?) არხი უცხო პლანეტაზე...

 

რა ვქნათ, რა ვუყოთ მიშას, რომელიც რატომღც არის პრეზიდენტი?! რა ვუყოთ და, ჯერ კარგად უნდა გავიაზროთ, რატომ არის პრეზიდენტი და, დამიჯერეთ, ამის შემდეგ ის აღარ იქნება პრეზიდენტი.

 

არა, თავხედობა და - ეგეთი?! ”მე ყოველთის დავაყენებ ჩემს ქვეყანას საკუთარ თავზე მაღლა. მომეცით საშუალება, რომ კონცენტრაცია მოვახდინო ქვეყნის სწორ გზაზე გაყვანაზე” - თქვა მიშამ. მიეცით საშუალება დაჯდეს ლოტოსის პოზაში, საათობით იდგეს ყირაზე, ყლაპოს ცეცხლი, ინებივროს ლურსმნებზე, იაროს მინის ნამსხვრევებზე და რამდენიმე დღით დაიმარხოს ცოცხლად... მიეცით საშუალება, რომ მოახდინოს კონცენტრაცია და აპატიეთ, მთელი მსოფლიოს თვალწინ რომ ჩაისვარა!!!

 

დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი ცოტას თუ ახსოვს. ჩვენი მეხსიერება ძალიან მოკლეა - ჰა-ჰა 16 გრადუსი, მეტი არა. ჩვენი მეხსიერება 58 სანტიმეტრით არის დატენიანებული. ჩვენ ის გვადარდებს, რა უნდა ვჭამოთ ხვალ და გულისფანცქალით ველოდებით მომავალ არჩევნებს, როდესაც დაარიგებენ 5-5 კილო შაქარს, 10-10 კილო ფქვილს. მიშამ თქვა, დევნილები რომ მიყვარს, ისე არავინო. დევნილებსაც უყვართ მიშა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე და კიდევ ერთი კვირა არჩევნების შემდეგ. თითქოსდა, რა უნდა იყოს საერთო დევნილებს, ნარკომანებსა და პატიმრების პატრონებს შორის, მაგრამ არა - არჩევნები მათ ყველას აახლოვებთ.

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დევნილების გამოსახლების პროცესი საზოგადოებისათვის ნათლად აეხსნა. აღნიშნული შეფასება ამ პატივცემულმა ენჯეომ გასულ კვირაში გამოაქვეყნა. დავძენ: ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საზოგადოებისთვის ნათლად აეხსნა რატომ მოკლეს სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ზურაბ ვაზაგაშვილი... რატომ დაანგრიეს სახლი თაბუკაშვილზე, რატომ იყო კობა ბექაური უმრავლესობის ლიდერი და ზაზა ბეგაშვილი - საკრებულოს თავმჯდომარე...

 

”საერთაშორისო გამჭვირვალობას” ვთხოვ, ნათლად ამიხსნას, რა გამჭვირვალობაზეა საუბარი ამ სიბნელეში და რა ნათელი ახსნა მოეძებნება ამ სიბნელეს.

 

ომი... ომი კი არა, არჩევნები ჩამოწერს ყველაფერს. ჩამოწერენ კოორდინატორებს, კოორდინატორები ჩამოწერენ დევნილებს, ნარკომანებს, პატიმრებს და მასწავლებლებს, რომლებიც ჩამოწერენ ხუთიანებს, მიშა და კომპანია ჩამოწერს ყველას ერთად და ბოლოს, ჩაროზად, ჩარეცხავს კიდეც.

 

რატომ გაძვირდა პროდუქტები? რატომ და - ჩინელებს ჭამა დაუწყიათ. რატომ გაძვირდა წამლები? ინდოეთში იოგებს დაუწყიათ მკურნალობა. რატომ გაიაფდა სიცოცხლე? რატომ და - მეხსიერებაა 16 გრადუსამდეა დამოკლებული და 58 სანტიმეტრით დატენიანებული. ეს არის და ეს!

 

გასულ კვირაში ლეიბორისტებმა ”ცარიელი ქვაბებისა და ცარიელი ტაფების რევოლუცია” იწინასწარმეტყველეს, ხოლო ჩემი წინასწარმეტყველებით ამ რევოლუციას ცარიელი თავები საკუთრი ცარიელი ჯიბეების გასახარად მოაწყობენ.

 

გასულ კვირაში სავსე თავებმა - თსუ-ს პროფესორებმა - წეროვანში სკოლის მოსწავლეები ლექციებით გაახარეს. პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა წაიკითხა ლექცია "ქართველები და მათი ძველი კულტურა", ხოლო პროფესორმა რამაზ ლომსაძემ ფიზიკურ პროცესებსა და ელექტრომაგნიტურ ტალღებზე ისაუბრა. ბავშვების მოთხოვნა ყოფილა. დადასტურებულია, რომ მსოფლიოში ყველა დევნილ ბავშვს აინტერესებს ელექტრომაგნიტური ტალღები. ამ ფენომენს მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ხსნიან, თუმცა დადგენილია, რომ ეს ძირითადად იმ ქვეყნებში ხდება, სადაც მთავრობის წევრებს სკოლის ფიზიკის სახელმძღვანელოდან მხოლოდ ”მარცხენა ხელის წესი” და ”მარჯვენა ხელის წესი” ახსოვთ.

 

მიხეილ სააკაშვილის მარცხენა ხელი, გოგა ხაჩიძე, ახალი ინიციატივით გამოვიდა - "შეაგროვე მაკულატურა - გადაარჩინე ტყე". ”მეცნიერების გამოთვლით, 1 ტონა მაკულატურით 5 კუბ. მეტრამდე ხის მასალის ეკონომია ხდება, რაც 20-25 ხის გადარჩენის საშუალებას იძლევა. ინიციატივა "შეაგროვე მაკულატურა - გადაარჩინე ტყე" ემსახურება საზოგადოებაში ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებას, გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების ამაღლებას, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების პროპაგანდა” - ეს ტექსტი ხაჩიძის სამინისტროს პერსსამსახურმა შეადგინა, დიდი ტირაჟით დაბეჭდა, გაავრცელა, ისევ შეაგროვა, ჩააბარა და 25 ძირი ხე მოჭრას გადაარჩინა. ისე, ხაჩიძისა და მისი კოლეგების (როგორც პოლიტ-, ასევე - პოპ-კოლეგების) დაწერილ სისულელეებს თუ შევაგროვებთ და გადამამუშვებელ საწარმოებს ჩავაბარებთ, ამაზონის ტყეების საკმაოდ დიდ ნაწილს ვიხსნიდით განადგურებისგან.

 

აი, მაკულატურის დიდებული ნიმუში, რომელიც გორის ხელისუფლებამ გაავრცელა: ”გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხვალ ამორტიზებული ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებს დაათვალიერებენ. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები ქალაქის ოთხ ქუჩაზე ორი თვეა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში უკვე კეთილმოეწყო სტალინის, თბილისის და გარსევანიშვილის ქუჩების ტროტუარები”.

 

წარმოგიდგენიათ - წინა დღეს გაავრცელეს. შემდეგ, ალბათ, დილითაც გაავრცელეს, 6 საათით ადრე, 3 საათით ადრე, შემდეგ - ამ წუთებში ათვალიერებენო და რომ დაათვალიერეს, წავიდა და წავიდა, მთელ მსოფლიოს მოსდეს ის ამბავი, რომ გორელმა ნაციონალებმა გორში ტროტუარები დაათვალიერეს. როგორც ჩანს, ხელისუფლება უცხოელ ტურისტებს გორში სტალინის მუხეუმის ალტერნატივას სთავაზობს. მიშა გამოვა და იტყვის: ”არც ერთ ხელისუფლებას თითი თითზე არ დაუკარებია გორში ტროტუარების მოსაწყობად და გორელები იძულებულები იყვნენ, შუა ქუჩაში ევლოთ”. მე ის მახსოვს, ვიღაცა შუა ქუჩაში რომ გორაობდა. აწი, ტროტუარზე იგორავებს.

 

ეს, რაც შეეხება გორს, თბილისში კი დასუფთავების სამსახური გაუქმდება და თბილისის კეთილმოწყობის სამსახურს შეუერთდება... ამბობენ, პროგნოზების კეთება უმადური საქმეაო, თუმცა მაინც შევეცდები. ჩემი მოკლე ჭკუით ეგრე მგონია, რომ კობა სუბელიანს პანღურს ამოარტყამენ და განსახლების სამინისტროდან მერიაში გადაასახლებენ. რატომ? რატომ და, სუბელიანმა დევნილები ქუჩაში გამოყარა და ახლა დევნილებისგან ქუჩის დასუფთავებასაც მაგას დაავალებენ. რა თქმა უნდა, შეეძლოთ მხოლოდ დასუფთავების სამსახურის უფროსად დაენიშნათ, მაგრამ კობა დიდი კაცია და სამართავად დიდი სტრუქტურა შეეფერება, არ უყვარს ტილაობა და თუ ცეკვაა, მხოლოდ გიგის დაკრულზე ცეკვავს. მიშა ქარელი მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის დაკრულზე ცეკვავდა.

 

26-ში საღამოს ინფორმაცია გავრცელდა, 64-ე სკოლაში ცეკვის გაკვეთილს დიმიტრი შაშკინი დაესწრებაო, დილით კი შევიტყვეთ, რომ 64-ე სკოლაში მხოლოდ და მხოლოდ კოკა (კოლა) სეფერთელაძე მივიდოდა. თუმცა, ბავშვებს კი გაეხარდათ, სად - კოკა (კოლა) და სად - დიმიტრი, რომელიც პახმელიაზე ყოველთვის სკოლის დირექტორების სისხლით გამოდის.

 

ზურაბ ნოღაიდელი ახალი პარტიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა (ბლა-ბლა-ბლა) და ის იყო, პახმელიაზეც აპირებდა გამოსვლას, რომ თვზარდამცემი ამბავი შეიტყო - ”ზურაბ ნოღაიდელს ყოფილი თანაგუნდელები ფინანსური მაქინაციებში ადანაშაულებენ. როგორც "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ხელმძღვანელმა, სერგო ჯავახიძემ განაცხადა, ზურაბ ნოღაიდელმა გასულ წელს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების წინ პროგრამა "კარდაკარში" ჩართული ასეულობით ადამიანი მოატყუა და მათ უმეტესობას კუთვნილი და დაპირებული თანხები არ გადაუხადა”.

 

უნდა ადგე და ეგ ჯავახაძე ზაზა ბეგაშვილს უნდა შეუგდო გალიაში, ოღონდ მანამდე ზაზა ბეგაშვილი უნდა შეუგდო გურამ დონაძეს! თქვე ჩემის კომპოზიტორებო, პროგრამა ”კარდაკარ” რომ არა, ნოღაიდელის სხვა მაქინაციების შესახებ მანამდე არაფერი გსმენიათ? მაგ პროგრამა ”კარდაკარშიც” ხომ მხოლოდ იმიტომ მონაწილეობდით, პროგრამა ”ხიდის თავში” მონაწილეობას რომ უკადრისობთ! თუთ!!!

 

გასულ კვირაში ნიკა გილაურმა ბიზნესმენებს ომბუდსმენად ვინმე გიორგი პერტაია შეუგდო. ”ვინმეო” - ამას მე ვამბობ, თორემ ეს ვინმე ბოლო დრომდე თვით პრემიერ-მინისტრის მრჩეველად მუშაობდა. ასე რომ, პრაშუ ლუბიც ი ჟალოვაც - თვით გიორგი პერტაია! გიორგი ისაკაძე ისეთი აღფრთოვანებული იყო, ისე უციმციმებდა სათვალის შუშებს იქით თვალები, რომ... "ჩვენ ვისურვებდით, რომ ბიზნესომბუდსმენი იყოს გიორგი პერტაია, მაგრამ მთავარია, მას კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონდეს. მთავარია, ინსტიტუტი იყოს ქმედითი და დაიცვას გადამხდელის უფლებები", - აღნიშნა ისაკაძემ. ოე, ჟორა, ეგ არ არის მთავარი, მთავარი გაგებაა, მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ, ბეგრაუნდი არ გეყოფა.

 

მთელი საქართველო და ტაო-კლარჯეთის ნაწილი ცდილობს გაიგოს, ვინ არის დანიელ გუფთა - კაცი რომელმაც ”არამიანცი” შეიძინა. კლინიკის თანამშრომლები ახალი მეპატრონის ვინაობას ”ფეისბუქის” საშუალებით ადგენენ და როგორც განაცხადეს, დანიელ გუფთა არის 28 წლის, ინდუსი, რუსეთის მოქალაქე და შენაძენში 2 მილიონ 250 ათასი ლარი გადაიხადა. კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალი მეპატრონე კლინიკას ერთხელ ეწვია და დაათვალიერა, თუმცა თანამშრომლებს არ გასაუბრებია.

 

”ვერა ქობალია ბიზნესმენ დანიელ გუფთაზე არ საუბრობს. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქობალიამ განაცხადა, დეტალურად ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროში ისაუბრებს” - იტყობინებოდა ჩემი მეგობარი სააგენტო. მოკლედ, ვერა ქობალიამ, აქ არაო, ჩემთან ავიდეთო, იქ ვიქნები გულახდილიო, რა მაქვს დასამალიო... ჩვენში დარჩეს და, ვერიჩქა დეიდას მართლაც არაფერი აქვს დასამალი. ყოველ შემთხვევაში, გაიგო თუ არა ეს ამბავი, რომის პაპმა არც აცია და არც აცხელა და სოციალური ქსელები დალოცა - იმ ქსელს გაუმარჯოს, სადაც ეკონომიკის მინისტრი მაგიდაზე ცეკვავსო.

 

რომის პაპს არ ჩამორჩნენ ინდოელი კინემატოგრაფისტები და ჩვენს ქვეყანას სარეკლამო რგოლის გადასაღებად ეწვივნენ. ისინი გადაიღებენ ვერა ქობალიასა და დანიელ გუფთას სიყვარულის ამაღელვებელ ისტორიას: ვერა ქობალიას მამას დანიელ გუფთას მამა ჰყავს მოკლული, გუფთა შურისძიებაზე ოცნებობს, შეუყვარდება ვერა და გაიგებს საშინელ ამბავს, თუმცა ”არამიანცის” საავადმყოფოს ხათრით გუფთა ყველაფერს აპატიებს ვერას მამას და ისინი ერთად შეექცევიან ტოლმას. ფილმის სახელწოდება იქნება ”ზიტა, გიტა, ტოლმა და გუფთა”.

 

ცოტაც და, მოვრჩები. ”ლადო ვარძელაშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობას შეხვდება” - ეს ინფორმაციაც წინა დღეს გავრცელდა და გული ამიჩუყა. სტაჟიან გულშემატკივრებს (ჯამლეთ ხუხაშვილის ფრთიანი გამოთქმაა) ემახსოვრებათ ”პარტიულებისა და უპარტიოების ურღვევი ბლოკი”. ვარძელაშვილის შეხვედრა მოსწავლე ახალგაზრდობასთან, ეს არის უსწავლელი და მოსწავლე ახალგაზრდობის ურღვევი ბლოკი.

 

პროკურატურის წარმომადგენლებმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს ნინოობის დღესასწაული მიულოცეს და საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტკბილეული აჩუქეს. ტაშისკარის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში 5-იდან 18 წლამდე ასაკის 20-მდე ბავშვი ცხოვრობს, კოჯრის სახლში კი - 70-მდე აღსაზრდელია. პროკურატურის წარმომადგენლებმა გადათვალეს (რას იზამ, ეჭვიანი ხალხია), ჭიქები აწიეს და ადღეგრძელეს - გამრავლდითო.

 

გიორგი თარგამაძის ოთხი შტატივი და ერთი ჩითის კაბა ფარცხანაყანებს ეწვია და ხალხს ტრაქტორებს შეპირდა - ”დენი 10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, ტრაქტორი - უფასოდ”  რა ვიცი... დადიოდნენ, მიდი-მოდიოდნენ და გადი-გამოდიოდნენ. მაგრამ მიშაზე მეტი ვის უვლია, ვის უფრენია და ვის უფორთხია? მიშას წინაშეც ბევრი ფორთხავს და ამას სუბორდინაციას უწოდებენ. ეგენიც იქ უნდა შეყარო, დონაძესთან...

 

...ახლა, უცებ, ჩემივე დაწერილს მოვკარი თვალი - ზაზა ბეგაშვილი უნდა შეუგდო გურამ დონაძეს - და მე თვითონ გამეცინა. გულზე ხელი დაიდეთ და თქვით - ზაზა ბეგაშვილის ადგილი ხომ მართლა გურამ დონაძეშია?

 

მ. და პ.მ. (მიშა და პეპლების მეჯლისი) ...დატანტალებდა თავისთვის და თამაშობდა. ხან ყვავილს ჩაუცუცქდებოდა და ელაპარაკებოდა, ხან პეპლებს დასდევდა ჭყივილითა და ხითხითით. სულ კარგ გუნებაზე იყო და სულ მღეროდა (რაც შეეხება სიმღერას, როგორც ქვემოთ დავინახავთ, სამწუხაროდ, იმაზე მეტს მღეროდა, ვიდრე სასურველი იყო). მაგრამ, ზომაც ხომ უნდა იცოდე კაცმა!

(ჯემალ ქარჩხაძე, ”გუბე”)