The Moscow Times: ამბოხის მოწყობამდე ევგენი პრიგოჟინი პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გეგმავდა, რათა პუტინის კეთილგანწყობა დაებრუნებინა

The Moscow Times: ამბოხის მოწყობამდე ევგენი პრიგოჟინი პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გეგმავდა, რათა პუტინის კეთილგანწყობა დაებრუნებინა

დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ამბოხის მოწყობამდე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით გამოსვლას და სამხედრო ხელმძღვანელობის გაკრიტიკებას გეგმავდა, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კეთილგანწყობა დაებრუნებინა. ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, 23 ივნისს პრიგოჟინი სიტყვით უნდა გამოსულიყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მცირე დარბაზში, პარტია „სამართლიანი რუსეთის“ მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე. წყაროს განცხადებით, გამოსვლის ფარგლებში პრიგოჟინი აპირებდა, „ესაუბრა ყველაფერზე, რაც ეხება სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, თავდაცვის სამინისტროს და იმას, თუ როგორია რეალურად ჩვენი ჯარის დანაკარგები“. პრიგოჟინის გარემოცვაში ასევე იმედი ჰქონდათ, რომ მრგვალ მაგიდაზე მასთან ერთად მივიდოდა სერგეი სუროვიკინი, რომელიც მაშინ რუსეთის სამხედრო-კოსმოსურ ძალებს ხელმძღვანელობდა.
„პრიგოჟინს სჭირდებოდა სტატუსური, ოფიციალური მოედანი. ის ფიქრობდა, რომ ასეთ შემთხვევაში მისი სიტყვები ყოველგვარი ცენზურის გარეშე ვლადიმირ პუტინამდე მივიდოდა“, - აცხადებს The Moscow Times-ის წყარო.
როგორც გამოცემას რუსეთის მთავრობაში საკუთარი წყარო უყვება, 2023 წლის ზაფხულში პრიგოჟინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტანის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვთან საჯარო კონფლიქტის გამო პუტინთან პირდაპირი წვდომა დაკარგა. „ის ვეღარ შედიოდა იმ კაბინეტებშიც კი, რომელთა კარებს ადრე ფეხით აღებდა“, - ამბობს გამოცემის წყარო.

The Moscow Times-ის წყაროს ცნობით, პრიგოჟინი ფიქრობდა, რომ სათათბიროში გამოსვლა მას პუტინის კეთილგანწყობა დაბრუნებაში დაეხმარეობდა. გაზაფხულზე „ვაგნერის“ დამფუძნებელმა სათათბიროს სპიკერს, ვიაჩესლავ ვოლოდინს სიტყვით გამოსვლის ნებართვა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

მრგვალ მაგიდას უნდა დასწრებოდნენ პრიგოჟინის კუთვნილი მედიაჰოლდინგის, „პატრიოტის“ ჟურნალისტები, რომლებიც ღონისძიებას გააშუქებდნენ და ამას, პრიგოჟინის გეგმის მიხედვით, სკანდალი უნდა მოჰყოლოდა, თუმცა, The Moscow Times-ის წყაროების განცხადებით, საბოლოო ჯამში, 22 ივნისს, მრგვალ მაგიდამდე ერთი დღით ადრე პრიგოჟინმა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

27 აგვისტოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა.