უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ახალი მოსამართლეების დანიშვნას ითხოვს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი, მოსამართლეთა შერჩევას არ ჩქარობს და კანდიდატთა წარსულ საქმიანობას ირკვევს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა გუშინ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა, სადაც 62 კანდიდატიდან მოსამართლის პოსტებზე დაახლოებით 15 პირი უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა, კენჭისყრა 1-ელ ნოემბრამდე საბჭოს იმ წევრების მოთხოვნით გადაიდო, რომლებიც პარლამენტის მიერ იქნენ არჩეულნი.
კონსტანტინე კუბლაშვილის მოთხოვნას გაითვალისწინებს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეს 1-ელ ნოემბერს გახდება ცნობილი, თუმცა, უნდა ითქვას, რომ საბჭოს წევრები მოსამართლეების შერჩევას არ ჩქარობენ და აცხადებენ, რომ მოსამართლეთა რეპუტაციის შესწავლა უნდა მოხდეს, რათა საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს. თავის მხრივ, სასამართლოში პრობლემების შესაძლო წარმოშობაზე აპელირებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და აღნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით, 14 მოსამართლეს უფლებამოსილების ათწლიანი ვადა გაუვიდა, რის გამოც, სასამართლოებში ძალიან ბევრი განსახილველი საქმე დაგროვდა.
კუბლაშვილის მტკიცებით, ამ ეტაპზე, სასამართლო სისტემას სულ მცირე, ოცი ახალი მოსამართლე სჭირდება.
„საბჭოს რამდენიმე წევრმა კენჭისყრების გადადება მოითხოვა. ამის მოტივი რა იყო, არ ვიცი, მაგრამ მათ საკითხი დასვეს, რომ ვინც იუსტიციის უმაღლესი სკოლა დაამთავრა, მათ საქმეებზე 17 ნოემბრის შემდეგ გვემსჯელა, ანუ, მას შემდეგ რაც ახალი პრეზიდენტის ინაგურაცია გაიმართება და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ძალაში შევა, რომლის გათვალისწინებითაც, მოსამართლეების დანიშვნა სამი წლის ვადით მოხდება. ამ სამწლიან ვადას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, მაგრამ საბჭოს წევრებმა წინადადება წამოაყენეს, რომ მოსამართლეები სამი წლით დავნიშნოთ და მათზე მონიტორინგი ვაწარმოოთ, რაც პრინციპულად მიუღებელია, რადგან ეს სასამართლოს დამოუკიდებლობას ხელს უშლის. მოსამართლეთა კონტროლი, ეს დარღვევაა და არავის აქვს უფლება მოსამართლის მონიტორინგი, მითუმეტეს კონტროლი განახორციელოს“, - განუცხადა for.ge-ს კუბლაშვილმა.
უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის ცნობით, ამ ეტაპზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლა დამთავრებული 24 პირია, რომლებიც მოსამართლის პოსტზე დანიშნას უკვე დიდი ხანია ელოდებიან.
„შესაძლოა, პრობლემები იმ კუთხით წარმოიშვას, რომ 14 მოსამართლეს უფლებამოსილების ათწლიანი ვადა გაუვიდა და ახალ საქმეებს ვეღარ განიხილავენ. ასევე, 24 იუსტიციის უმაღლესი სკოლა დამთავრებული გვყავს, რომლებიც უკვე დიდი ხანია მოსამართლედ დანიშვნას ელოდებიან. ჩვენს სისტემას სულ მცირე ოცი ახალი მოსამართლე სჭირდება, რის გამოც, გადაწყვეტილება სწრაფად უნდა იქნეს მიღებული“, - აღნიშნავს კუბლაშვილი, რომლისგან განსხვავებითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა დანიშვნა მათი რეპუტაციის შესწავლის შემდეგ უნდა მოხდეს.
როგორც for.ge-ს გოცირიძემ განუცხადა, მოსამართლის პოსტზე დანიშვნის სურვილს დაახლოებით 60 პირი გამოთქვამს.
მისი თქმით, კანდიდატთა ნაწილის საქმეების შესწავლა მოხდა და ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ საუკეთესო კანდიდატურები შეირჩეს.
„სასამართლოში პრობლემა უკვე იყო და ზოგიერთ სასამართლოში ვგეგმავთ, რომ კადრები გაიზარდოს და თითოეულ მოსამართლეს ჰყავდეს როგორც თანაშემწე, ასევე მდივანი. ამით მათ სამუშაო ტვირთს მოვუხსნით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პრობლემები არ წარმოიშვას. კანდიდატთა წარსული საქმიანობა უნდა შევისწავლოთ, რაც მთავარია მათი საქმიანი რეპუტაცია. ისეთი კანდიდატურების შერჩევას ვაპირებთ, რომელთა გარშემოც, საზოგადოებაში ეჭვები არ გაჩნდება“, - განაცხადა გოცირიძემ, რომელიც ამტკიცებს, რომ პოლიტიკური მოტივებით არ ხელმძღვანელობს.
თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ამის პროგნოზი ძნელია, რადგან საბჭოს რამდენიმე წევრი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ემხრობა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, ასევე უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებულ წინასწარ ე.წ. სამწლიან გამოსაცდელ ვადას ეხება.
კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სააპელაციო და რაიონული/საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით. ამ ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ორი და არა უგვიანეს ერთი თვისა იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე, იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, განამწესოს თუ არა მოცემული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. თუ მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ არ იქნა გამწესებული, მას სამოსამართლო უფლებამოსილება შეუწყდება თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
ამას გარდა, თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული ყოველი მოსამართლის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან ერთი წლისა და ორი წლის თავზე, აგრეთვე 3-წლიანი ვადის ამოწურვამდე ოთხი თვით ადრე იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საბჭოს იმ წევრს, რომელმაც ერთი თვის ვადაში უნდა შეაფასოს მოსამართლის საქმიანობა მონიტორინგის ვადის განმავლობაში. ამასთანავე, სამივე მონიტორინგი უნდა განახორციელოს საბჭოს სხვადასხვა წევრმა. ყოველი ანგარიში გადაეცემა იმ მოსამართლეს, რომლის საქმიანობასაც ეხება მოცემული მონიტორინგი და დალუქული სახით დაერთვება მოსამართლის პირად საქმეს. ზემოაღნიშნული ანგარიშები მოსამართლის უფლებამოსილების 3-წლიანი ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე, ერთი თვის განმავლობაში, შესასწავლად გადაეცემა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.
კონკრეტულად, თუ როგორ მოხდება მოსამართლეთა საქმიანობის მონიტორინგი, ამ საკითხზე, პარლამენტში მაისში იმსჯელებენ.