ლოიდ ოსტინი: უკრაინელი სამხედროები მზად არიან ზამთარში საბრძოლველად

ლოიდ ოსტინი: უკრაინელი სამხედროები მზად არიან ზამთარში საბრძოლველად

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, რომელიც ვიზიტით კიევში იმყოფება, მიიჩნევს, რომ უკრაინელი სამხედროები მზად არიან ზამთარში საბრძოლო მოქმედებებისთვის და აქვთ წარმატებისთვის საჭირო ინსტრუმენტები.

"მე ვფიქრობ, რომ ისინი [უკრაინული ძალები] მზად არიან ზამთარში საბრძოლო მოქმედებებისთვის და, რა თქმა უნდა, მათ შარშან დიდი სამუშაო გასწიეს", - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

"მე ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის, რომ სწორი გადაწყვეტილებაა ზეწოლის გაგრძელება, მტრის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება", - დასძინა ლოიდ ოსტინმა.

მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

აღსანიშნავია, რომ ეს სამხედრო დახმარების 51-ე პაკეტია, რომელიც უკრაინას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს რეზერვიდან 2021 წლის აგვისტოდან მიეწოდება.

აღნიშნული პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და სხვა აღჭურვილობას.