გიგა ბოკერია: სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ სიტყვებს ფასი არ აქვს - მათი ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერობა საუკეთესო საჩუქარია ივანიშვილის რეჟიმისთვის

გიგა ბოკერია: სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ სიტყვებს ფასი არ აქვს - მათი ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერობა საუკეთესო საჩუქარია ივანიშვილის რეჟიმისთვის

სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ სიტყვებს არანაირი ფასი აქვს, იმიტომ რომ ყოველდღე შეიძლება გადათქვან და ერთ გამოსვლაში ურთიერთსაწინააღმდეგო რამ თქვან , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებები შეაფასა.

როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერობა „საუკეთესო საჩუქარია ივანიშვილის რეჟიმისთვის“.

„სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ სიტყვებს არანაირი ფასი აქვს, იმიტომ რომ ყოველდღე შეიძლება გადათქვან და ურთიერთსაწინააღმდეგო რამ თქვან ერთ გამოსვლაში. ამიტომ, მათი ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერობა არის საუკეთესო საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმისთვის. ამიტომ , ჩვენ, ყველას, ვინც ჩვენ გუნდში ვართ, თანამოაზრეები, გვაქვს ამოცანა, რომ ჩვენი გზავნილი მივიტანოთ საზოგადოებამდე და ნაბიჯ-ნაბიჯ გავზარდოთ იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც გამოგყვება ამ მსოფლმხედველობას, ვინც დაიბრუნებს ნდობას პოლიტიკური პროცესის მიმართ. რა რესურსიც ჩვენ გვაქვს, ამას გავაგრძელებთ ჯიუტად და თანმიმდევრულად“,- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე შეფასებით, სააკაშვილი მარტივად ისვრის ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გზები ორად იმიტომ გაიყო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირება უნდა მომხდარიყო არა პოპულიზმით, არამედ მწყობრი შეხედულებებით, თანმიმდევრულობით.

„ბოლო წლების განმავლობაში, სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი რამ აქვთ ნათქვამი. ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება არის, რაღაც რაციონალურთან მიახლოებული, მაგრამ ამ ერთ არარელევანტური მოსაზრებას სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობის“ პირიდან გამოთქმულს, არანაირი ფასი აქვს, იმიტომ რომ გახვეულია დანარჩენ აბსურდის ნიაღვარში და ბევრჯერ არის გადათქმულ-გამოთქმული.

მარტივად ისვრის ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებას. ხან, თავისი ჭკუით, ახალგაზრდების გულის მოსაგებად ლიბერტარიანელი ხდება, შემდეგ ახსენდება რომ უნდა მოიგოს სხვების გული და სოციალისტურ პოპულიზმის მორევში გადაეშვება. ამიტომ, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი განსაზღვრავენ ოპოზიციური მედიის დღის წესრიგს, ან დამოუკიდებელი მედიის, ეს აწყობს მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს იმიტომ, რომ ისინი აჩვენებენ მაგალითს არათანმიმდევრულობის, უპრინციპობის, პოპულიზმის.

ჩვენი გზები, სწორედ იმიტომ გაიყო და დღესაც, სწორედ იმ გზავნილზე ვდგავართ, რომ ივანიშვილის რეჟიმს უნდა დავუპირისპირდეთ არა მის ნაირი პოპულიზმით, არამედ მწყობრი შეხედულებებით, თანმიმდევრულობით. „ევროპული საქართველო“ წლების განმავლობაში ამას ვცდილობთ. ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რომ ბევრი ვილაპარაკოთ შინაარსზე და არა რაღაცას დააბრეხვებ, არამედ გააზრებულად“,- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე შეფასებით, სამარცხვინოა, როდესაც პარტიაში სხვადასხვანაირად კითხულობენ სააკაშვილის გზავნილებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ბოლო ეტაპზე რა ხდება არ ვიცი. სამარცხვინო ამბავი, რომ ერთი ჯგუფი „წმინდა წერილივით“ სხვანაირად კითხულობს სააკაშვილის სიტყვებს და მეორე ჯგუფი სხვანაირად, ესეც [მიხეილ სააკაშვილი] ცდილობს, რომ ხან იქით იყოს და ხან აქეთ. ყველა იბრძვის ბელადის სახელით და არა ფასეულობებით და შეხედულებებით, ეს აჩვენებს კრიზისს ამ პოლიტიკური ძალის, ლიდერის და ყველა ადამიანის, ვინც მის გარშემოა“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.