ბრიტანელი დეპუტატი სანქცირებული რუსი ოლიგარქების თანამფლობელობაში არსებული საინვესტიციო კომპანიის კონსულტანტად დაინიშნა

ბრიტანელი დეპუტატი სანქცირებული რუსი ოლიგარქების თანამფლობელობაში არსებული საინვესტიციო კომპანიის კონსულტანტად დაინიშნა

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრი, „კონსერვატიული პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარე და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ბრენდონ ლიუისი კონსულტაციებს გაუწევს საინვესტიციო კომპანია LetterOne-ს, რომლის თანამფლობელებიც სანქცირებული რუსი ოლიგარქები მიხაილ ფრიდმანი და პიოტრ ავენი არიან. ამის შესახებ The Guardian-ი იტყობინება.

LetterOne-ში დასაქმებაზე ნებართვა ლიუისმა მიიღო საქმიანი დანიშვნების საკონსულტაციო კომიტეტისგან, რომელიც სახელმწიფო სამსახურში დასაქმების საკითხებში საზედამხედველო ორგანოს ფუნქციებს ასრულებს. თუმცა კომიტეტმა ლიუისს ორი წლის განმავლობაში ბრიტანეთის მთავრობაში LetterOne-ის ინტერესების ლობირება აუკრძალა.

LetterOne-ის აქციების 49% ფრიდმანსა და ავენს ეკუთვნის, კონსულტანტად მუშაობის სანაცვლოდ ბრიტანელი დეპუტატი წელიწადში 250 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

ამასთანავე, LetterOne-ში აცხადებენ, რომ კომპანიის საქმიანობა რუს ოლიგარქებზე აღარ არის დამოკიდებული, ხოლო მათი წილები სანქციების დაწესების შემდეგ „გაიყინა“.