ლეო მესი ბრუნდება

ლეო მესი ბრუნდება

ორი კვირის წინ არგენტინის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლეო მესიმ მუხლის ტრავმა მიიღო.

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ბარსელონა“ კლუბ „ალმერიასთან“ თამაშობდა და არგენტინელი შემტევი პირველივე ტაიმში შეცვალეს. კლუბის ექიმებმა დიეგო მარადონას თანამემამულეს მკურნალობის კურსის გავლა გამოუწერეს.

დღეს დილით კატალონიური გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ ფეხბურთელმა დაზიანებული მარჯვენა ფეხის მუხლი უკვე მოირჩინა და გუშინ „ბარსელონასთან“ ერთად საწვრთნელი ვარჯიშები განაახლა.

ლეო მესი მწვანე მინდორს სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლოს დაუბრუნდება. 19 ოქტომბერს „ბარსელონა“ „ოსასუნას“ დაუპირისპირდება და მესის კატალონიელთა ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად ვიხილავთ.