სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა. ჟურნალისტი ელისო კილაძე ამბობს, რომ იმ ვიდეომასალაზე, რომელიც მას და არა მხოლოდ მას აქვს ნანახი, ასახულია მინისტრის, დეპუტატის და პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება. ის მინიშნებასაც აკეთებს და აცხადებს, რომ ნახსენები მინისტრი ქალია, თუმცა კილაძე არც ერთის ვინაობას არ ასახელებს. როგორც ცნობილია, 589-ე დისკი რომელშიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იყო გადაღებული, განადგურდა.
მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები განადგურდა, შს მინისტრი არ გამორიცხავდა, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების ასლები კიდევ არსებობდა. ღარიბაშვილის განცხადებით, არსებობდა დიდი ალბათობა, რომ შსს-ს არქივში დაცული მასალის ასლები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდეთ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდბლობა გამკაცრდება. პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, პატიმრობით დაისჯება. პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნების შემთხვევაში სსკ-ის 157-ე, 158-ე და 159 მუხლებიდან ჯარიმის ნორმა იქნება ამოღებული და დაწესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ჩანაწერების განადგურების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების საკითხზე გამოძიების დაწყება და კონკრეტული დამკვეთი პირის გამოვლენა დააანონსა. მისივე თქმით, საწყის ეტაპზე იგეგმება ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ანალიზის გაკეთება, ამის შემდეგ საჯარო გახდება გამოძიების დაწყება და კონკრეტული დამკვეთი პირის გამოვლენა, რომლის უშუალო დავალებითაც ხდებოდა წლების განმავლობაში აღნიშნული უკანონობის ხელშეწყობა და წახალისება. ღარიბაშვილის განმარტებით, ყველა შემკვეთი უნდა დაისაჯოს და არა შემსრულებელი.
ექსპერტი კახა კახიშვილი ერთადერთი იყო, რომელიც ფარული ჩანაწერების განადგურებას მხარს არ უჭერდა. კახიშვილი მიიჩნევს, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მასალის განადგურებამდე უნდა მომხდარიყო იმ პირთა ვინაობის დადგენა, რომლებმაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებითა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ინტიმური შინაარსის მასალები უკანონოდ გადაიღეს. როგორც for.ge-სთან საუბრისას კახიშვილმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ეს მასალები განადგურდა, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ დაისჯებიან. მისი თქმით, არც საერთაშორისო და არც ქართული კანონმდებლობა არ იცნობს ასეთი ტიპის დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობას.
ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა. კილაძე ამბობს, რომ იმ ვიდეომასალაზე, რომელიც მას და არამხოლოდ მას აქვს ნანახი, ასახულია მინისტრის, დეპუტატის და პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება. როგორ ფიქრობთ, ვინ დგას ამ ორგანიზებული დანაშაულის უკან?
კახი კახიშვილი: სამწუხაროდ, მაშინ კომისიამ არ გაითვალისწინა ჩემი არგუმენტები, რომ არ შეიძლებოდა იმ ფარული ჩანაწერების განადგურება მანამ, სანამ არ ჩატარდებოდა სრულყოფილი გამოძიება, რომელიც გამოვლენდა იმ პირებს, რომლებიც თავში ედგნენ იმ ორგანიზებულ ჯგუფს და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვით, სისტემურად აწარმოებდნენ მათთვის საინტერესო ფიგურების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვებას. ბუნებრივია, როდესაც სპეცსამსახურები დანაშაულებრივი გზით ახდენდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის შეგროვებას კონკრეტული პირების მიმართ, ამას ჰქონდა მოტივი, ეს ადამიანი სჭირდებოდათ იმისათვის, რომ რაღაცა საკითხში გამოეყენებინათ და ამ მასალას იყენებდნენ მათი კომპრომენტაციისთვის.
როდესაც სამინისტრო აცხადებდა, რომ ჩვენ უნდა დავადგინოთ ვინ გაიტანა ეს მასალა, მაშინ ვაცხადებდი, რომ პირველ რიგში, გამოძიებამ უნდა დაადგინოს პირთა წრე, ვისაც ხელეწიფებოდა ასეთი ტიპის მასალების მოგროვება და გატანა, რომ შემდგომში შესაძლებელი იყოს მათი ვინაობის დადგენა და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ამავდრულად გატანილი მასალების ამოღება. სამწუხაროდ, დღეს მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ტიპის მასალა კიდევ გავრცელდა.
მაშინ დაანონსდა, რომ უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამკაცრდებოდა. რატომ გაიწელა ეს პროცესი?
- ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმ საკითხზე, რომ გამკაცრებულიყო სანქცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ასეთი დანაშაულის ჩადენის გამო. იმიტომ, რომ დღეს ეს დანაშაული შედის ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში, მისი სანქცია არაა ადეკვატური ჩადენილ სიმძიმეებთან შესაბამისობაში. ამიტომ, ჩვენ ვსჯელობდით ამ ჯგუფის ფარგლებში, რომ გაგვემკაცრებინა კანონმდებლობა ამ კუთხით. გარკვეულწილად, შევთანხმდით კონკრეტულ სანქციაზე, კონკრეტულ მუხლზე, მაგრამ ჯერჯერობით ცვლილებები კანონში შეტანილი არ იქნა.
როგორ ფიქრობთ, უნდა დაიწყოს თუ არა ამ კონკრეტულ ფაქტზე გამოძიება?
- ამას სჭირდება კანონის შესაბამისი მუხლების დაცვა. როდესაც ვრცელდება დანაშაულის შემცვლელი მოქმედება, ბუნებრივია, გამოძიებამ უნდა მოახდინოს რეაგირება. როდესაც ასეთ მასშტაბურ დანაშაულთან გვქონდა საქმე, ბუნებრივია, იკვეთებოდა, რომ ამ მასალის დიდი ნაწილი იყო გატანილი. სამინისტროს შენობაში დარჩა მხოლოდ ის მასალა, რომელიც არ წარმოადგენდა დიდი ღირებულებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავის დროზე აგროვებდნენ ასეთი ტიპის მასალებს კომპრომენტაციის კუთხით.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ როდესაც არჩევნები წააგო სამინისტროს იმ შესაბამისი სამსახურების მიერ გატანილი იქნა მათთვის ღირებული მასალა, რომელიც, ალბათ, უფრო მკაცრია, ვიდრე ის, რომელიც დარჩა სამინისტროში.
როგორ ფიქრობთ ვინ გაიტანა?
- გაიტანა იმან, ვინც იცის რამხელა ძალა აქვს ასეთი ტიპის მასალის ხელში ქონას. ამ ტიპის მასალით 9 წლის განმავლობაში ახდენდნენ საზოგადოების სხვადასხვა წევრების მიმართ მანიპულირებას, შანტაჟს და დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩაბმას. მე არ ვიცი შსს რამდენად იძიებს ამ საქმეს და დაადგინა თუ არა ის პირები, ვინც ჩართულნი იყვნენ ასეთ დანაშაულებრივ ჯგუფში. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი და უმაღლესი თანამდებობის პირები ჩართული იყვნენ ამაში. ამიტომ საინტერესო იქნება შსს-ს პოზიცია ამ საკითხზე.
გამორიცხავთ, რომ სწორედ იმ ადამიანების მიერ ხდებოდეს დღეს ამის გავრცელება?
- სუბიექტი შეიძლება იყოს მრავალმხრივი. ვფიქრობ, რომ ბევრი ჯგუფის ინტერესში იყო ამ მასალების გავრცელება. შსს-მ დროულად უნდა მოახდინოს ამ ფაქტზე რეაგირება და დაიწყოს გამოძიება, არა მხოლოდ ამ დანაშაულის გახსნის კუთხით, არამედ გააგრძელოს ინტენსიური გამოძიება იმ კუთხით, რომ დაადგინოს ის დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სათავეში ედგა ასეთი ტიპის ჩანაწერების მოპოვებას, დაადგინოს ასეთი ტიპის მასალების შესაძლო გამტანების ვინაობა და რეალურად უზრუნველყოს მათი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, გატანილი მასალების ამოღება.