საქართველო 80-იანი წლების ბოლოს უბრუნდება. „ხუდონჰესთან“ დაკავშირებით, შესაძლოა, შიმშილობის აქცია დაიწყოს. თუკი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული არ იქნება, მაშინ ისინი კარვებს გაშლიან და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.
კინოს სახლში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით სპეციალური მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლები, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა გაერთიანება, დარგის სპეციალისტები, ასევე ეკოლოგიის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.
ენერგეტიკოსის, მირონ ფირცხელანის განცხადებით, ქვეყანას „ხუდონჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით აუცილებელია მოხდეს ადგილობრივებთან აზრების შეჯერება. „თუკი არ მოხდება დარგის სპეციალისტების და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ აქ დავდებთ ფიცს, შემდეგ წავალთ სოფელ ხაიშში, იქ გავშლით კარვებს და დავიწყებთ შიმშილობას“, - განაცხადა მირონ ფირცხელანმა.
ეკოლოგიის ექსპერტის ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, ახალი ხელისუფლება რომელიც თავის საარჩევნო პროგრამაში განსკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მსგავსი პრობლემების საკითხს, დღეს ძალიან ცუდად იქცევა. „ის დაპირებები, რომლებიც მათ მოგვცეს, თავზე გადაგვახიეს“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოქალაქეების ნაწილმა სპეციალრუი მიმართვაც გამოაქვეყნეს. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ „ხუდონჰესის“ პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს.
„ასევე მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს და ენერგეტიკის მინისტრს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ინვესტორი კომპანიის ინტერესების ლობირებისგან. გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებსა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე აშკარა ზეწოლისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობებისგან“, - აცხადებენ განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები.
არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ „გამოკვლეულ იქნეს ინტერესთა კონფლიქტები და ელიტური კორუფციული მექანიზმები, რათა გამოირიცხოს მათი არსებობის მცირე შესაძლენლობაც კი“.
არასამთავრობო ორგანიზაციების შორის არის „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“, „მწვანე ალტერნატივა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „კავკასიური სახლი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და სხვა არასამთავრობოები.
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ „ხუდონჰესთან“ დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ მათი ინტერესები ჰესის მშენებლობისას მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ. პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს პროექტი მანამ, სანამ არ მოხდება საზოგადოებასთან აზრის შეჯერება და ადგილობრივი მოსახლეობა არ მიიღებს მყარ გარანტიებს, რომ მათი მოთხოვნები „ხუდონჰესის“ მშენებლობის პროცესში იქნება დაკმაყოფილებული.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კინოს სახლში არ გამოჩენილა, მაგრამ მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი აზრის გამოთქმას არ დაერიდა. კალაძის შეფასებით, სვანეთში „ხუდონჰესის“ მშენებლობას პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანების ჯგუფიები ეწინააღმდეგებიან, რომლებიც ხალხს ფორმულირებას აძლევენ.
„ხუდონჰესის“ მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ არ უნდა განხორციელდეს ეს პროექტი და უნდა შეჩერდეს, თუმცა ჩვენ არგუმენტირებულ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა აშენდეს ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ჰესი, ვერ ვისმენთ.
ადგილობრივ ადამიანებთან არ მაქვს პრეტენზია. მე ადგილობრივი მოსახლეობის მესმის, რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ყველაზე რთულ სიტუაციას ქმნის გარკვეული ჯგუფი იმ ადამიანებისა, რომლებიც მათ აქეზებს.
კინოს სახლში დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროექტის ჩაგდებას სხვა ქვეყნის ინტერესებში იყოს. თუ დავაკვირდებით, რომელი პოლიტიკური ჯგუფები იყვნენ კინოს სახლში მიმდინარე შეხვედრაზე, საზოგადოება დასკვნას გამოიტანს.
ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს სარწმუნეობას, ტრადიციებს, მაგრამ ასეთი ტონით სახელმწიფოსთან საუბარი ჩვენთვის მიუღებელია, თუმცა ყველას აქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი გრანდიოზული პროექტის განხორციელებას დიდი ბარიერები შეექმნება, საქართველოშიც ასეა, დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემები“,- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.