აშკარად არის ვიღაცის მხრიდან მიღებული ტაქტიკური გადაწყვეტილება, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მაქსიმალურად დაწიონ დაბლა. ეს არის ერთგვარი ტაქტიკური გათვლა იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული სხვა პარტიები ამოვიდნენ ზემოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ხელოვნურად, კეზერაშვილის თაოსნობით ხდება „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის დაბლა დაწევა. სწორედ ამიტომ დანიშნეს თავმჯდომარედ ხაბეიშვილი, სწორედ ამიტომ მიდის ეს გაუთავებელი კინკლაობა პარტიის შიგნით. რა უნდა პარტიიდან კაცის გარიცხვას თუ გარიცხვა გინდა?! აქამდე გარიცხავდი თუ არ გაწყობს „ნაცმოძრაობის“ სრული დაკნინება. რეალურად, აშკარად ჩანს ტაქტიკა, რომელიც მიმართულია „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის კლებისკენ და ეს კეთდება პირველ რიგში კეზერაშვილის ხელით. ეს არის აშკარა ტაქტიკა იმისათვის, რომ კეზერაშვილთან დაკავშირებული სხვა პარტიები ამოვიდნენ 5%-იანი ბარიერის ზემოთ. ეს შეიძლება იყოს „ლელო“, შეიძლება იყოს „გირჩი“, შეიძლება იყოს გახარია. ყველას აქვს ეს კავშირები. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა პარტია „ნაცმოძრაობა“ აიღებს რაღაც პროცენტს თუ „ნაცმოძრაობა“ „გირჩთან“, „ლელოსთან“, ან გახარიასთან ერთად. ერთი პოლიტიკური ძალაა, ერთი სუბიექტია და ჩანს ეს ტაქტიკა. „ნაცმოძრაობა“ თუ ცოტა ქვემოთ დაიწევს, შეიძლება ზევით აიწიონ სხვა სუბიექტებმა. ძალიან კარგია ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში. მე არ ვიცი ამ ყველაფერს ვინ თვლის, მაგრამ ფაქტია, რომ საჩვენოდ მუშაობენ“, - აღნიშნა კობახიძემ.