ირაკლი კობახიძე: ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ცნობილი, აქედან გამომდინარე, დემარკაცია-დელიმიტაციაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ცნობილი, აქედან გამომდინარე, დემარკაცია-დელიმიტაციაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია

ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ცნობილი, აქედან გამომდინარე, დემარკაცია-დელიმიტაციაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მოსკოვის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც თბილისისგან „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების“ მონიშვნას ითხოვს.

„რაც შეეხება დემარკაცია-დელიმიტაციას, ამაზე საუბარი გამორიცხულია. თავის დროზე, როდესაც წინა ხელისუფლებამ ეს საზღვრები რაღაცნაირად აღიარა, ჩვენ არ ვაღიარებთ არავითარ საზღვარს, მითუმეტეს ე.წ. სახელმწიფო საზღვარს. ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ცნობილი. აქედან გამომდინარე, დემარკაცია-დელიმიტაციაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია“, - აღნიშნა კობახიძემ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე, დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს რუსულმა მხარემ, როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ „საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესსა და შემდგომი დემარკაციის მნიშვნელობაზე“ ისაუბრა. ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას აქცენტი გააკეთა „თბილისთან უფრო აქტიური მუშაობის საჭიროებაზე სამხრეთ ოსეთის საზღვართან ინციდენტის შემდეგ“.