საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური „ავანტიურა“

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური „ავანტიურა“

„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ფინანსური კრიზისია. დღეისთვის მაუწყებელს უკვე გახარჯული აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 31 მილიონ ლარზე მეტი. მენეჯმენტი სესხს ითხოვს. 7-წევრიანი სამეურვეო საბჭო კი ქმედუუნაროა და სესხის აღებაზე გადაწყვეტილებას ვერ იღებს. სამეურვეო საბჭოს წევრთა ნაწილის ვარაუდით, ნოემბრიდან მაუწყებლის თანამშრომლებს ხელფასის პრობლემა შეექმნებათ, ფინანსური დირექტორი კი განმარტავს, რომ ხელფასი დროულად დარიგდება და კრიზისის დაძლევის გზებიც გამოინახება.

რამ გამოიწვია ფინანსური პრობლემები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეული მილიონობით ლარით დაფინანსებულ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“? ვინ აგებს პასუხს საზოგადოებრივი ფულის არამიზნობრივ ხარჯვასა და მაუწყებლისთვის დიდი ოდენობით ვალის დაგროვების გამო?

კრიზისის სათავეებთან

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფინანსური ისტორია საზოგადოებრივი ფულის ფლანგვის ისტორიაა. მაუწყებლის „ფინანსური ავანტიურა“ კი ჯერ კიდევ პირველი გენერალური დირექტორის პერიოდიდან იწყება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი გენერალური დირექტორი „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი თამარ კინწურაშვილი იყო, რომელიც დღეს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა. სწორედ, მის დროს დაინერგა მილიონობით ლარის ვალის აღების „მავნე პრაქტიკა“. For.ge-მ მოიპოვა თამარ კინწურაშვილსა და „საქართველოს ბანკს“ შორის 2007 წლის სექტემბერში საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რომელშიც სესხის ლიმიტი 15 მილიონი ლარით, სესხის ვადა კი 20 წლით იყო განსაზღვრული.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მოქმედი ფინანსური დირექტორი კახა სონიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.

„თეორიულად შესაძლებელია ხელშეკრულებაში მითითებული თანხის აღება, მაგრამ საკრედიტო ხაზზე ხელშეკრულების დადება არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ამდენი ლარი გამოიყენეს“, - განმარტავს სონიშვილი.

ფინანსური დირექტორის ინფორმაციით, 2007 წელს კერძო ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა დაახლოებით, 2 მილიონ 600 ათასი ლარი გამოიტანა.

2007 წელს „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17,5 მილიონი ლარი მიიღო. მომდევნო წლებში სახელმწიფო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2012 წლისთვის უკვე 32 მილიონამდე ლარით განისაზღვრა - დაფინანსების პროპორციულად, გაიზარდა ვალებიც.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფინანსური დირექტორის ინფორმაციით, 2008 წელს მაუწყებელმა 2 მილიონ 594 ათასი ლარის საბანკო ვალი აიღო; 2009 წელს - 4 მილიონ 018 ათასი; 2011 წელს 4 მილიონ 692 ათასი. 2012 წელს კი - 3 მილიონი ლარი.

ღირსების ორდენით წახალისებული ფინანსური დარღვევები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური შემოწმება კონტროლის პალატამ პრიორიტეტად ჯერ კიდევ 2009 წელს გამოაცხადა. უწყების მაშინდელი თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აცხადებდა, რომ კონტროლის პალატის ოთხ პრიორიტეტს შორის მნიშვნელოვანი იმ 70 მილიონი ლარის ხარჯვის კანონიერების შესწავლა იყო, რომელიც „საზოგადოებრივმა მაუწყებლმა“ ბოლო წლებში გახარჯა. კონტროლის პალატამ საკითხი მართლაც შეისწავლა, თუმცა მისი შედეგები აღარ გაუხმაურებია.

ბეჟაშვილის დროს ჩატარებული აუდიტის მასალებს For.ge დედანში გაეცნო. 12 ტომად აკინძულ საქმის მასალებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტი მოხვდა. კონტროლის პალატის აუდიტორები საკუთარ დასკვნაში მკაფიოდ წერენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში გამოვლენილი ფინანსური დარღვევები მენეჯმენტის დაშვებული შეცდომების შედეგია. აუდიტის დასკვნით, მაუწყებლის ხელმძღვანელობამ სახელმწიფო თანხები არამიზნობრივად გახარჯა.

2010 წლის ივნისში ჩატარებულ ფინანსურ შემოწმებას ხელს ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ილია გოცირიძე აწერს. ფინანსური დარღვევებზე შექმნილ მრავალტომეულში კონკრეტულ ფაქტებზეა საუბარი.

კონტროლის პალატის აუდიტორთა დასკვნის თანახმად, 2007, 2008 და 2009 წლების ფინანსური ანგარიშგებები სამართლიანად არ ასახავენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეალურ ფინანსურ მდგომარეობას. აუდიტორთა მტკიცებით, წლების განმავლობაში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ განხორცილებული სახელმწიფო შესყიდვები შენიშვნას იმსახურებს და კანონმდებლობასთან შეუსაბამოა.

მნიშვნელოვან კანონდარღვევებად კი შემდეგი ფაქტები სახელდება - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შპს „ავტოსერვისცენტრ +-თან“ გაფორმებული ხელშეკრულებით 2010 წლის 1-ელ იანვრამდე 180 ათას ლარზე მეტი იზარალა. საუბარია მაუწყებლის მიერ კომპანიაზე ფართის საიჯარო ტარიფზე დაბალ ფასად გაქირავებაზე.

მაუწყებელმა ასევე იზარალა „იბერია ავტო მარკეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით - რომელიც 18 ავტომანქანის შეძენასა და 3 წლით მოსახურებას ეხებოდა. 2-მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებას კონტროლის პალატა მაუწყებლის სუსტ მენეჯმენტს უკავშირებს. აუდიტორების ვარაუდით, მაუწყებელმა 700 ათას ლარზე მეტი იზარალა, მათ შორის, გაუწეველ მომსახურებაზე ათიათასობით ლარის გადახდით.

აუდიტის პერიოდში მაუწყებელი აქტიურად თანამშრომლობდა „თბს ტვ-სთან“ ( „პირველი არხის“ ყოფილი ხელმძღვანელის ზაზა შენგელიასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის კომპანია) აღნიშნული კომპანია კი წლების განმავლობაში არ იხდიდა მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადს, რაც 2010 წლის დასაწყისისთვის მილიონამდე ლარს შეადგენდა. მაშინ როცა, საზოგადოებრივი მაუწყებელი „თბს ტვ-ს“ სრულად და დროულად უნაზღარურებდა მის მიერ მომზადებული გადაცემების ღირებულებას, მეტიც, ზედმეტ თანხებს ურიცხავდა. ანალოგიურ „სასათბურე“ პირობებში ჰყავდა მაუწყებელს ათი მოიჯარე პირი.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფინანსური ანგარიშგების გარე აუდიტის შესამოწმებლად ორი კერძო კომპანია დაიქირავა, რომლებმაც საკუთარ დასკვნებში ფინანსური დარღვევები არ ასახეს. აუდიტორულმა კომპანიებმა - „ბეიკერ ტილი ჯორჯიამ“ და „იუ ბი სი ინთერნეიშენალმა“, შესაბამისად, 117 და 47 ათასი ლარი მიიღეს.

წლების განმავლობაში არ ხორციელდებოდა ინვენტარიზაცია და მაუწყებლის ყოფილი თანამშრომლები ტელევიზიის ავტომანქანებითა და სხვა სახის მატერიალური აქტივებით უკანონოდ სარგებლობდნენ.

გამოვლინდა დუბლირებული მომსახურების შემთხვევებიც - 2008 წლის 1 ივლისს „იუნაიტედ სენს-ს“- მაუწყებელმა სავაჭრო ნიშნის, ლოგოსა და საეთეროს დიზაინი დაუკვეთა. ანალოგიური ხელშეკრულება კი იმავე კომპანისთან 7 თვის წინ უკვე ჰქონდა გაფორმებული, რითაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 56 ათასი ლარი იზარალა.

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმ“ შეიძინა და ეთერში არ გაუშვა დაახლოებით 200 ათასი ლარის ღირებულების 38 გადაცემა. მათ შორის იყო „სიზმარვიზია“; ესპანეთის ფეხბურთის ჩემპიონატის მატჩები და გადაცემა „მოწყვიტე წამი“.

დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი გია ჭანტურიას გენერალური დირექტორობის პერიოდზე მოდის. თუმცა გია ჭანტურიას არასწორი მენეჯმენტის გამო დღემდე არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. მეტიც, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ის „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვეს. ჭანტურიასთვის ღირსების ორდენის გადასაცემად კი 2010 წლის თებერვალში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 600 ლარი გამოიყო.

ბარათაშვილის წინააღმდეგ

ეთერში გაუშვებელი გადაცემების გამო მოქმედი სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი ემზარ გოგუაძე ჭანტურიას მემკვიდრეს გიორგი ბარათაშვილსაც აკრიტიკებს. გოგუაძის განმარტებით, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემა ეთერში ბარათაშვილმა არ გაუშვა, მაუწყებელს კი ეთერში გაუშვებელი გადაცემა მხოლოდ სახელფასო კუთხით 150 ათას ლარზე მეტი დაუჯდა.

„წელს 1-ელ და მეორე კვარტალში ტელევიზიაში ოპტიმიზაციის ნაცვლად, შტატების ზრდა დაიწყო. იყო ბევრი არამიზნობრივი ხარჯი, რამაც დირექტორისადმი უნდობლობის გამოცხადება გამოიწვია. პირველ და მეორე კვარტალს შორის სახელფასო ფონდში განსხვავება არის 400 ათასი, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. დაახლოებით 150 ათასი ლარი დაიხარჯა ინგა გრიგოლიას გადაცემისთვის, რომელიც არ შედგა. მენეჯმენტმა ეს თოქშოუ ეთერამდე არ მიიყვანა. ფაქტობრივად, წყალში გადაიყარა თანხა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე.

ბრალდებებს უარყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი. გიორგი ბარათაშვილი აცხადებს, რომ ინგა გრიგოლიას გადაცემა მენეჯმენტს არ დაუბლოკავს და ჟურნალისტი „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

„ინგა გრიგოლიას ყოველდღიური ეთერი სურდა, ჩვენ კი მასთან მოლაპარაკებული ვიყავით, რომ ეთერი კვირაში ორჯერ ექნებოდა - სხვა ტელევიზიაში უკეთესი პირობების შეთავაზების გამო და საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა“,- განმარტავს ბარათაშვილი.

სამეურვეო საბჭოს მიერ თანამდებობიდან ორჯერ გადაყენებული დირექტორი აცხადებს, რომ მისი 9-თვიანი მმართველობის პერიოდში მაუწყებელში ყველაზე ჯანსაღი პროცესები დაიწყო და ტელევიზიამ მიმდინარესთან ერთად ძველი დავალიანებებიც დაფარა.

„წელს პირველად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 12 მილიონამდე ლარის ვალი გადაიხადა 32-მილიონიანი ბიუჯეტიდან, დავფარეთ საბანკო კრედიტები, მოვხსენით ყადაღა შენობას. მე რომ დავინიშნე დირექტორად, სახელფასო ფონდი იყო 15 მილიონნახევარი ლარი, შესაბამისად, ტელევიზიას ხარჯის სახით სულ 8 მილიონამდე ლარი დარჩა. ჩვენ გავაკეთეთ ისე, რომ საოპერაციო ხარჯი, წინა წელთან შედარებით, 49%-ით შევამცირეთ“, - აცხადებს ბარათაშვილი და აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან მისი პირველად გათავისუფლების შემდეგ დროებითმა მმართველებმა ასზე მეტი კონტრაქტი გააფორმეს და ოპტიმიზაციის პროცესიც ამან შეაფერხა.

ბარათაშვილი მის ორჯერ გათავისუფლებას მაუწყებელში რეფორმის წამოწყებას უკავშირებს.

„ჩვენ დავიწყეთ რეფორმები ტელევიზიაში და ვიღაცებს არ მოეწონათ ეს. 9 თვის განმავლობაში ორჯერ მომხსნეს. პოლიტიკურ ზეწოლაზე აბსურდული საუბრები ისმის. არანაირი პოლიტიკური ზეწოლა ჩემი მმართველობის პერიოდში არ ყოფილა. არასდროს ყოფილა ტელევიზია ისეთი თავისუფალი, როგორც ჩემს პერიოდში იყო“, - აცხადებს გიორგი ბარათაშვილი.

პოლიტიკური ინტერესები მაუწყებელში

„მაუწყებლის შესახებ“ კანონის თანახმად, მაუწყებლის მიზანი და ამოცანა მაღალხარისხიანი პროდუქტის მომზდებაა, რომელიც პოლიტიკური და კომერციული ინტერესებისგან თავისუფალი იქნება. თუმცა, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ კანონის ეს მუხლი წლების განმავლობაში ირღვეოდა. ამჯერად, დასტურად მხოლოდ ერთ გახმაურებულ ფაქტს მოვიყვანთ - 2012 წელს ქვიშხეთის პოლიციის შენობაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის შესახებ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ კერძო ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ იდენტური ტექსტი და კადრები გაავრცელა. ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელებით კი იმ დროს ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დაინტერესებული.

მაუწყებელში დღეს შექმნილ პრობლემებს უწყების თანამშრომლების ნაწილი კვლავ კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობას უკავშირებს. სამეურვეო საბჭოს წევრი ნინო დანელია „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე მიანიშნებს, გია ჭანტურია კი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებელის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2008 წლიდან 2012 წლის ბოლომდე იკავებდა, „front news-თან“ აცხადებს, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დღეს ისეთი ზეწოლაა, გასული საუკუნის 90-იან წლებში სახელმწიფო ტელევიზიაზეც რომ არ ყოფილა.

„მეორე არხის“ გენერალური პროდიუსერი დოდო შონავა for.ge-სთან საუბარში ჭანტურიას საკუთარი დირექტორობის პერიოდს ახსენებს და ამბობს, რომ პოლიტიკური ზეწოლა, სწორედ, მის დროს იყო.

ნინო დანელია კი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მმართველი ძალის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყო მაუწყებლის სამეურვეო საბჭო. დანელია ამბობს, რომ, სამეურვეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების დროს შორენა შავერდაშვილთან და ლიკა ჩახუნაშვილთან ერთად ყოველთვის უმცირესობაში იყო.

მაუწყებლის ვალი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური დირექტორის ინფორმაციით, 12 მილიონამდე ვალის გასტუმრების მიუხედავად, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ საკმაოდ დიდი ვალი რჩება. მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების სამსახურის ვალი 13,5 მილიონს აღწევს, 3,5 მილიონი კი ევროპის მაუწყებელთა კავშირისთვისაა გადასახდელი. მაუწყებელს ასევე ერიცხება სხვადასხვა ტიპის მსხვილი ვალი.

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ წლევანდელთან შედარებით დაფინანსება ეზრდება და უწყება 32-ის ნაცვლად 38 მილიონამდე ლარს მიიღებს.

P.S. ახალი ბიუჯეტის დამტკიცებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლი გარანტირებულ შემოსავალს ჯართის გაყიდვით მიიღებს. 25 ოქტომბრისთვის დანიშნულ აუქციონზე 19,5 ტონა რკინა, 146 კილოგრამი ალუმინი და 31 კილოგრამამადე სპილენძის სადენები გაიყიდება. კუთვნილი ჯართიდან მაუწყებელის ბიუჯეტი, დაახლოებით, 5 ათასი ლარით შეივსება. 5 ათასი ლარი კი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ერთი თვის ხელფასსაც ვერ დაფარავს - მაუწყებლის ხელმძღვანელი პირები საზოგადოებრივი სალაროდან უფრო მსუყედ ფინანსდებიან.