ოლიმპიური ქალაქი რომ საკონცენტრაციო ბანაკს არ დაემსგავსება, ამის მტკიცება ფსბ-სა და რუსეთის შსს-ს წარმომადგენლებს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მოუწიათ. ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 3 თვით ადრე, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს იმ შეზღუდვებისა და აკრძალვების ოფიციალური ნუსხა გააცნეს, რომელიც ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩასატარებლად იქნა დამტკიცებული. სოჭსა და მის შემოგარენში მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოებისთვის გამოყენებული ზომები პრაქტიკაში კიდევ უფრო მკაცრად გამოიყურება, ვიდრე ეს დოკუმენტებშია აღწერილი.
შემოდგომის დადგომისთანავე სოჭში ამუშავდა სპეციალურად შექმნილი კომისიები, რომლებიც არალეგალი მიგრანტების ადგილსამყოფელს ადგენენ. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ასეთი განსაკუთრებული ყურადღება მიგრანტების მიმართ, გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით „უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გამოყენების შესახებ“ 2014 წლის ოლიმპიური თამაშების პერიოდში.
ამ პერიოდში ქალაქში ყოფნის უფლება ეძლევათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც საპასპორტო მონაცემებით რეგისტრირებული არიან ქალაქ სოჭში, ასევე - ოლიმპიადის მომსახურე პერსონალს, მონაწილეებსა და მათ ვინც ბილეთები შეიძინა და სარგებლობს გულშემატკივრის პასპორტით.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ ის ქართველი დევნილები, რომლებიც აფხაზეთის დაცემის შემდეგ სოჭში ცხოვრობენ, თუმცა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო დოკუმენტები მოუწესრიგებელი აქვთ. ერთ-ერთი მათგანი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ახლობლების მანქანის სადგომში იმალება.
„უკვე კვირაზე მეტია, რაც პოლიციელები კაზაკებთან ერთად, ქალაქის ქუჩებსა და ბინებში ე.წ. წმენდას ახორციელებენ. ე.წ. სამართალდამცავების დიდი ჯგუფები შედიან მაღაზიებში, კაფეებში, სხვადასხვა დაწესებულებაში და იწყებენ პასპორტების შემოწმებას. თუკი ვინმეს იგი ხელთ არ აღმოაჩნდა, არავითარ ახსნა-განმარტებას აზრი არა აქვს, არა აქვს მნიშვნელობა მიგრანტია თუ ადგილობრივი, შავი თუ თეთრი, ყრიან მიკროავტობუსებში და მიჰყავთ გაურკვეველი მიმართულებით. არ ვიცით სად მიჰყავთ ეს ადამიანები სამარშუტო მანქანებით. ამბობენ სადეპორტო ცენტრი არის ქალქგარეთ გახსნილიო, მაგრამ იქედან დაბრუნებული არავინ გვინახავს, რომ გავიგოთ რა ხდება ამის შემდეგ. ჩემს კარებზე ბრახუნი გამთენიისას 5 საათზე გაისმა. მე და ჩემმა შვილებმა გადავწყვიტეთ კარები არ გაგვეღო, მაგრამ ერთ-ერთმა შემომძახა, რომ სარეცხი გაქვთ გაფენილი და ე.ი. სახლში ხართო და თუ არ გააღებთ კარებს შემოვამტვრევთო. ჩემს შვილებს სტუდენტური ბილეთები აქვთ, მე მხოლოდ საბჭოთა პასპორტი, რომელიც აფხაზეთიდან წამოვიღე, ამიტომ გადავწყვიტეთ მე დავმალულიყავი და ფანჯრიდან გადავძვერი. როგორღაც მივაღწიე ახლობლებთან, თუმცა აქაც რეიდების მოლოდინში არიან და ამიტომ ფაქტიურად მანქანის სადგომში ვცხოვრობ. თან შესაძლოა მეზობლებმა შემნიშნონ და არ არის გამორიცხული ვინმემ პოლიციაში დარეკოს. თურმე ასეთი ჯგუფებიც ჰყავთ შექმნილი, ვინც მეზობლებს უთვალთვალებს. ამ ჩემს ახლობლებს დოკუმენტები წესრიგში აქვთ, მაგრამ ჩემს გამო შესაძლოა პრობლემები შეექმნათ. არ ვიცი ასე როდემდე გაგრძელდება, ან ჩემს შვილებს რა ეშველებათ, მხოლოდ მე ვმუშაობდი და 3-4 თვე თავი სად და როგორ უნდა გავიტანოთ? წასასვლელი არსად გვაქვს, არც საქართველოში გვყავს ვინმე და არც აფხაზეთში შემესვლება. ამავე დროს ყველა სტუდენტს, ვინც სოჭელი არ არის აფრთხილებენ, რომ მათ ექსტერნად უნდა ჩააბარონ სემესტრული გამოცდები და ნოემბრის ბოლომდე ქალაქი დატოვონ. ჩვენს მდგომარეობაში კიდევ ბევრი ოჯახია, ქართველებიც, აფხაზებიც, რუსებიც, არ ვიცი მათ რა მოიფიქრეს და რა ბედი ეწევათ. ადგილობრივი რეგისტრაცია ოცი წლის მანძილზე უსახსრობის გამო ვერ გავაკეთეთ, თუ რაიმე დანაზოგი გვქონდა ავადმყოფი მეუღლის მკურნალობაში ვხარჯავდით, პასპორტის გაკეთება კი აქ ძალიან ძვირი სიამოვნებაა. მიგრანტებს, რომლებიც მშენებლობებზე მუშაობენ გაურკვეული ვადა აქვთ მიცემული. საკუთარ ანაზღაურებას ითხოვენ, რომ დროულად დატოვონ ქალაქი, თუმცა ჯერ ოლიმპიური ობიექტების მშენებლობები დასრულებული არ არის და მათი წასვლა არ აწყობთ, ამიტომ ფულის გადახდაზე უარს ეუბნებიან. ერთ კვირიანმა გადაუღებელმა წვიმებმა აქ ბევრი რამ დააზიანა და ღონისძიებების ხელმძღვანელები ძალიან გამწარებული არიან. შესაძლოა, ამიტომ არიან ასეთი აგრესიულები. ეს ოლიმპიადა ჩვენთვის ჯოჯოხეთად იქცა, ამას არა მხოლოდ ქართველები ვამბობთ, არამედ ადამიანების უმრავლესობაც, რომელთაც ამ დრომდე სოჭელები ეგონათ თავი“. – ასე აღუწერს for.ge-ს ოლიმპიურ ქალაქში მიმდინარე მოვლენებს დევნილი 60 წლის ქალბატონი.
მიგრანტების მიმართ გამოჩენილი „განსაკუთრებული ყურადღების“ განმარტებისას, ფსბ-სა და შსს-ს წარმომადგენელებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა, ჯერ კიდევ 2009 წელს შემუშავდა.
„ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის დაწყებისთანავე, სოჭში უკანონო მიგრანტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, მათ შორის არიან უცხოელებიც. სადაც მატულობს მიგრანტთა რაოდენობა, იქ იზრდება დანაშაულთა რიცხვიც, ეს ეხებათ მათაც ვინც ქირაობს მიგრანტებს. უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ 2009 წელს შემუშავდა. ჩამოსულებს, რომელთაც დოკუმენტები სათანადოდ აქვთ გაფორმებული და აქვთ რუსეთში მუშაობის უფლება, არაფერი ემუქრებათ“, - აცხადებენ ძალოვნები.
ოლიმპიადის თემით დაინტერესებული მედიის წარმომადგენლები, უსაფრთხოების სხვა უპრეცედენტო და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საეჭვო ზომებზეც საუბრობენ. რუსი ჟურნალისტი ანდრეი სალდატოვი იუწყება, რომ მას ხელთ ჩაუვარდა იმ უპრეცედენტო ზომების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც გამოყენებული იქნება ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩასატარებლად.
„გამოყენებული იქნება სპეციალური მოსასმენი აპარატურა და რადარები, რომელთაც ფსბ და შსს გამოიყენებს სპორტსმენებისა და სტუმრების სატელეფონო საუბრების მუდმივ რეჟიმში მოსმენისათვის. ვსაუბრობთ იმაზე, რომ გაკონტროლებული იქნება პრაქტიკულად ყველაფერი – სატელეფონო საუბრების ჩათვლით. ასევე, თავდაცვის სამინისტრომ შეიძინა სპეციალური რადარები, რომლებიც დააფიქსირებენ, ხომ არ უახლოვდება რაიმე წყალქვეშა გემი სოჭის სანაპიროებს. ცნობილია, რომ ორი სამართალდამცავი სტრუქტურა გამოიყებნებს უპილოტო აპარატებს. ორი სახის უპილოტო განთავსებული იქნება ოლიმპიური ობიექტების თავზე. ბევრი გადაწყვეტილება, სხვა ოლიმპიადების უსაფრთხოების დროსაც გამოიყენება და აქაც ნამდვილად იქნება გამოყენებული, ახალი კი მათი ყოვლისმომცველობაა“, - აცხადებს ჟურნალისტი.
ის სტრუქტურები, რომლებიც რუსეთის ფედერაციისთვის და პიროვნულად ვლადიმირ პუტინისთვის მთავარი გამოწვევის - ოლიმპიადის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ამტკიცებენ, რომ ყველაფერი მხოლოდ ამ ღონისძიების კომფორტულად ჩასატარებლად კეთდება.
„ქალაქი არავითარ შემთხვევაში არ დაემსგავსება საკონცენტრაციო ბანაკს და მიღებული ზომებით ადამიანის უფლებები არ იქნება დარღვეული. იგი გათვლილია ოლიმპიადის კომფორტულად და ღირსეულად ჩატარებისთვის“, - განმარტავს ფსბ-ს წარმომადგენელი ალექსეი ლავრიშევი.
რუსეთში ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის ოფიციალურად სულ 2 მილიარდი დოლარი იქნა გამოყოფილი. ვანკუვერში ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის 900 მილიონი დოლარი დაიხარჯა, ათენის ოლიმპაიდაზე კი 1,5 მილიარდი დოლარი.
რუსეთში დაწესებული სპეციალური შეზღუდვები და აკრძალვები 7 იანვრიდან 27 მარტამდე იქნება ძალაში. ოლიმპიური თამაშები კი სტარტს 7 თებერვალს აიღებს და 23 თებერვალს დასრულდება.