გასული კვირის პრესაში ბურჯანაძე ლიდერობს

გასული კვირის პრესაში ბურჯანაძე ლიდერობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება – ევროპული არჩევანი“ აგრძელებს  მედია–კვლევას, რომლის მიზანია, არჩევნების პერიოდში, მედია–მონიტორინგის გზით, განსაზღვროს, რამდენად იცავს პრესა ობიექტურობის პრინციპს და პროექტში მონაწილე ექსპერტების დახმარებით, შემუშავდეს დასკვნა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, შეიქმნას ზოგადი სურათი მედიასაშუალებების აქტიურობისა არჩევნების პერიოდში. ამავე დროს, პროექტის მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური პროცესისადმი მედიის ყურადღების ხარისხის განსაზღვრა, არამედ უშუალოდ იმის დადგენა, თუ რა ადგილს უთმობს ბეჭდური მედია თავად არჩევნებისთვის მზადების პროცესს, პოლიტიკური სუბიექტებისა და ამომრჩევლის ურთიერთობას, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში საკუთარ როლს და ადგილს, საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობას, მათ მიღწევებს თუ მათ ქმედებებში აღმოჩენილ დარღვევებს.   

პროექტში დაკავებული ექსპერტები ყოველი კვირის დასასრულს გააანალიზებენ წინასაარჩევნო პერიოდში მედიის აქტიურობას, გამოყოფენ იმ პრიორიტეტულ თემებს, რომელიც თავად გაზეთებმა აირჩიეს  გასაშუქებლად.

აქვე დავძენთ, რომ დამოუკიდებელი ბეჭდური მედია თავად წყვეტს, რომელ მოვლენას ან პოლიტიკურ სუბიექტს რა ადგილი დაუთმოს საკუთარი გაზეთის ფურცლებზე. თუმცა, ამავე დროს, არსებობს ზოგადი კრიტერიუმები, რომელთა დაცვაც მედიისთვის აუცილებელია პოლიტიკურ მოვლენათა ობიექტური გამშუქებლის ფუნქციის შესასრულებლად.

გასულ კვირას ექსპერტებმა გააანალიზეს ის პუბლიკაციები, რომელიც შემდეგ გაზეთებსა თუ ინტერნეტპორტალებში გამოქვეყნდა:  „რეზონანსი“, „ვერსია“, „კვირის პალიტრა“, „ასავალ-დასავალი“, „კვირის ქრონიკა“, „პრაიმ-ტაიმი“, „ახალი თაობა“, „Netgazeti.ge“, „for.ge“, „primereinfo.ge“

არჩევნების თემას ამ გამოცემებმა, ჯამში, 52 სტატია მიუძღვნეს. აქედან არჩევნების თემა უარყოფით კონტექსტში 15-ჯერ გაშუქდა, ნეიტრალური აღმოჩნდა ასევე 30 სტატია, კონკრეტული კანდიდატისა და პროცესის მიმართ დადებითი განწყობა კი შვიდ პუბლიკაციაში იგრძნობოდა.

ბეჭდური მედიის სენი - ამომრჩევლის ინტერესების იგნორირება და საარჩევნო პროცესების არასრული და ზედაპირული ანალიზი

თამარ მჭედლიშვილი

პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე, ქვეყნის უმაღლესი პირი თავის უფლებამოსილებას კონსტიტუციისა და კანონის სრული დაცვით მოიხსნის. ეს არის ის ობიექტური მოცემულობა, რომელიც ამდენ პოლიტიკურ ინტრიგასა და დაპირისპირებას შორის სადღაც არის ჩაკარგული და რომელის შესახებაც საუბარს არც პოლიტიკოსები და არც მედია საჭიროდ არ მიიჩნევენ. ნამდვილად ცდებიან ისინი, ვინც  ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ საეტაპო მოვლენას ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალის დამსახურებად მიიჩნევენ. ყველა ამ პროცესის რეალური ავტორი უკმაყოფილო, გაწბილებული, და გარდატეხის და ცვლილებების მსურველი რიგითი ამომრჩეველი იყო.

ასეთი შესავალი მხოლოდ ერთი ასპექტის ხაზგასასმელად დამჭირდა - საქმე ისაა, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მედიამ სწორედ რიგითი ამომრჩევლის წინაშე უნდა იგრძნოს. სწორედ მას უნდა მოუყვეს გაზეთის ფურცლებიდან, რა ხდება არჩევნების წინ პოლიტიკურ ცხოვრებაში, დაეხმაროს კანდიდატებს ამომრჩველთან კომუნიკაციის დამყარებასა და მასთან საკუთარი გზავნილების მიტანაში. მეორე მხრივ კი, მიაწოდოს ფაქტებით გამაგრებული, გამოძიებული და რეალური ინფორმაცია  იმ ნაკლებადცნობილ კანდიდატებზე, რომლებიც სულ ახლახანს გამოამჟღავნეს საპრეზიდენტო ამბიციები და, ფიარ-ტექნოლოგების მიერ კარგად „დავარცხნილ-შეფუთულები“ წარსდგნენ საზოგადოების წინაშე. ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო, მათი პოლიტიკური წარსულისთვის თვალის გადავლება. ვინ იცის, ამომრჩევლისთვის რამდენ საინტერესო დეტალი გახდებოდა ცნობილი...

მაგრამ მედიამ ერთხელ უკვე გათელილ და ნაცნობ ბილიკს არ გადაუხვია - რაც საჭიროდ მიაჩნდა, თქვა და... ამით თითქმის დაასრულა არჩევნებით დაინტერესება.      

მოკლედ, ახლა ბეჭდურ მედიაში ერთი, მკაფიოდ გამოკვეთილი ტენდენცია იგრძნობა - ესაა არჩევნების მიმართ ინტერესის განელების ტენდენცია. არც მედიას და არც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს არა აქვთ შესისხლხორცებული სამართლებრივი მექანიზმებით უკანონობაზე რეაგირების ინსტინქტი. პრესა არ ინტერესდება წმინდა საარჩევნო ადმინისტრირების საკითხებით და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც წინა, ან იმის წინა არჩევნების დროს იყო - შერჩევითი კანდიდატები, მხოლოდ მათი დაპირებების „ტირაჟირება“ და საარჩევნო პროცესების არასრული და ზედაპირული ანალიზი.

არჩევნების თემატიკისადმი გულგრილობით პრესა, ძალაუნებურად, პოლიტიკოსებს საზოგადოებით მანიპულირებაში უწყობს ხელს. და ეს მაშინ, როცა საზოგადოებამ წესიერად არც კი იცის ყველა კანდიდატის ვინაობა.

გასაკვირი, ერთი მხრივ, არც არაფერია - გაზეთებმა, წინასაარჩვენო მარათონის დაწყებისთანავე გამოკვეთეს ფავორიტები, შეაფასეს მათი შანსები, ექსპერტების, ანალიტიკოსებისა და 10-კაციანი პარტიების ლიდერებთან ერთად მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარები გაანალიზეს. არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში პოლიტიკური ვითარება საგრძნობლად არ შეიცვლება. აშკარად რჩება იმის განცდა, რომ გაზეთები მკითხველს ვერაფერ ახალს ვეღარ შესთავაზებენ. ამიტომაც ინერციით გააგრძელებენ ამა თუ იმ კანდიდატის ან კრიტიკას, ან ფარულ მხარდაჭერას (გააჩნია, რომელი გამოცემა რომელი პოლიტიკური ძალის კანდიდატისადმი იჩენს სიმპათიას).

არჩევნებისადმი მინელებული ინტერესის გამო, მსუყე მასალისთვის საინფორმაციო საბაბების ძიებამ კვლავ კარგად ნაცნობ პოლიტიკურ კულუარებში გადაინაცვლა. აქეთ - დავით საგანელიძისა და კობა დავითაშვილის დაპირისპირება, იქით - „ქართულ ოცნებასა“ თუ „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე ფარული პროცესები და ასე შემდეგ...

რაც შეეხება კონკრეტულ გამოცემებს: როგორც წესი, შედარებით თანამიმდევრულები ყოველდღიური გამოცემები დარჩნენ. ზოგი ნიუსის („ახალი თაობა“), ზოგი კი მეტ-ნაკლებად ნეიტრალური ხასიათის პუბლიკაციით („რეზონანსი“, „ვერსია“) მაინც ცდილობდა წინასაარჩევნო „დინამიკის“ გაზეთების ფურცლებზე „გადატანას“. (ასე, მაგალითად, ჩემთვის ახალი ინფორმაცია „რეზონანსიდან“ ამოვიკითხე. იგი კანდიდატების დებატების თარიღს უკავშირდებოდა). ყოველკვირეულმა გაზეთებმაც არ უღალატეს ტრადიციას და ზოგმა ერთ-ერთი კანდიდატის ასტროპორტრეტი შემოგვთავაზა, ზოგმა კი - მეორე კანდიდატის ოჯახის წევრების ქურდულ სამყაროსთან კავშირის დამამტკიცებელი მორიგი ამბავი გვამცნო.

მთლიანობაში კი უნდა ითქვას, რომ გასულ კვირას პრესაში საარჩევნო თემატიკაზე გამოქვეყნებული მასალების საერთო დონე, სანდოობის და მრავალფეროვნების  თვალსაზრისით, არადამაკმაყოფილებელი იყო, ხოლო ინფორმაციულობის თვალსაზრისით - საშუალოდ დამაკმაყოფილებელი, ისიც - ყოველდღიური გაზეთების წყალობით.  

გასული კვირის პრესაში ბურჯანაძე ლიდერობს       

როზი ჯღამაია

გასული კვირის, 7-13 ოქტომბრის, ქართული პრესის მონიტორინგი მცირეოდენი ნიუანსით გამოირჩევა, თუმცა ამას ქართული პრესის დამსახურებად ვერ მივიჩნევთ. აქამდე, პრაქტიკულად, არც-ერთ გამოცემას საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამაზე არ გაუმახვილებია ყურადღება, მაგრამ ამჯერად ნავსი გატყდა. პრესის ყურადღება ნინო ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამამ მიიპყრო, თუმცა -ზედაპირულად. მაგრამ ეს ბურჯანაძის და არა ქართული პრესის დამსახურებაა. სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, გასულ კვირას ბურჯანაძემ საპრეზიდენტო პროგრამა საჯარო გახადა და, ბუნებრივია, ამას გვერდს ვერც პრესა აუვლიდა. ცალკეულ შემთხვევებში, პრესა მშრალ ინფორმაციას გადასცემდა (ძირითადად, სააგენტოებზე დაყრდნობით), და არსად გვხვდება თავად პროგრამის შინაარსობრივი განხილვა.

გაზეთ „რეზონანსს“ ჰქონდა მცდელობა ექსპერტებს შეეფასებინათ ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამა, თუმცა შეფასებები აქაც ზოგადია:

„ეს არის ერთადერთი პროგრამა, რომელიც მთლიანად ასახავს ამომრჩევლის მოთხოვნებს!“

„პროგრამას, პრაქტიკულად, ნაკლი არ ეძებნება!“

„ბოლოს და ბოლოს, ვეღირსეთ ლოგიკურ, ინტელიგენტურ, ღრმად მეცნიერულ, გამართული წინადადებების მოსმენას და აზრების გამოხატვას“.

„მინდა აღვნიშნო, რომ თავად საარჩევნო კამპანია ნინო ბურჯანაძისა არის ძალიან საინტერესოდ და კვალიფიციურად დაგეგმილი“.

„უპირატესობა ქალბატონ ნინოს ის აქვს, რომ მას თამამად შეუძლია კრიტიკული აზროვნების მარგალიტები შესთავაზოს საზოგადოებას“.

ამომრჩეველს კი უკმარისობის გრძნობა აუცილებლად დარჩება, ვინაიდან პრესა მათ ბურჯანაძის პროგრამის ანალიზს არც ამჯერად სთავაზობს.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ნინო ბურჯანაძე, სხვა კანდიდატებთან შედარებით, დიდი დოზით არის წარმოდგენილი ქართულ პრესაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრესა, ძირითადად, ბურჯანაძის ქება-დიდებით არის დაკავებული, მაგრამ ფაქტია, რომ ბურჯანაძე მმართველი გუნდის კანდიდატთან შედარებითაც კი უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს.

7-13 ოქტომბრის, ქართული პრესის მონიტორინგისას, ამჯერადაც, ჩვენი დაკვირვების ქვეშ იყო გაზეთები: „რეზონანსი“, „ახალი თაობა“, „პრაიმ ტაიმი“, „ქრონიკა“, „ვერსია“, „ასავალ დასავალი“.

უნდა ითქვას, რომ ბურჯანაძის მიმართ ყველაზე მეტად უარყოფითი განწყობა გაზეთ „პაიმ ტაიმში“ იგრძნობა.

„ბურჯანაძე „კანონიერ ქურდებს“ გაურიგდა?“ - წერს გაზეთი და იქვე დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ „იტალიაში ანზორიკო, დიახ, „კანონიერ ქურდს“ შეხვდა. ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს „პრაიმტაიმს“.

უნდა ითქვს, რომ ქართული პრესა, ძირითადად, დიდ დროს უთმობს საპრეზიდენტო კანდიდატების კრიტიკას, მაგრამ ყველა კრიტიკა ერთმანეთის კონკურენეტბის სუბიექტურ შეხედულებას ეფუძნება.

გაზეთი „ასავალ დასავალი“ კახა კუკავასთან ინტერვიუში ასკვნის, რომ „27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდება!“, ვინაიდან თვლის, რომ „ნინო ბურჯანაძეს მესამე ადგილზე „აჩოჩებენ“. სწორედ ასეთ ფორმულირებით უსვამს კითხვას გამოცემა რესპოდენტს. იმთავითვე იგრძნობა, რომ ინტერვიუ მმართველი პარტიის დისკრედიტაციაზეა აგებული. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაშიც ქართული პრესის ნაწილი სკანდალებზეა ორიენტირებული და ვერსად ვხვდებით კანდიდატების დახასიათებისთვის ანალიტიკურ მასალებს.  

ქართული პრესა, წინასაარჩევნოდ კანდიდატების შესაფასებლად, ყურადღებას უთმობს NDI-ის კვლევებს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ კვლევებში მეორე ადგილს იკავებს „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე, ძირითადი აქცენტი კეთდება კვლევების არაობიექტურობაზე. შესაბამისად, ბუნებრივია, ბაქრაძის და მთლიანად, ყოფილი მმართველი გუნდის დახასიათებას ქართულ პრესაში ლაიტმოტივად გასდევს უარყოფითი კონტექსტი.

გასულ კვირას ორიოდე ინტერვიუ გამოქვეყნდა კობა დავითაშვილთანაც, რაც შეიძლება შეფასდეს, კონკურენტების კრიტიკად. ამომრჩეველი ვერცერთი ამ ინტერვიუდან ვერ გამოიტანს დასკვნას, რატომ ჯობია დავითაშვილი კონკურენტებს და რატომ უნდა მისცენ მას ხმა. იგივეს თქმა შეიძლება შალვა ნათელაშვილზეც - ნათელაშვილი დარწმუნებულია - „აბა სხვა ვინ არის ჩემზე სერიოზული და რეიტინგული“ და იქვე დასძენს, „პირველ ტურში მე გამსვლელი ვარ და თუ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო,  ეს ნიშნავს, რომ გამიყალბეს“. თუმცა, ინტერვიუში ამომრჩეველი ვერ წაიკითხავს რა უპირატესობები გააჩნია ნათელაშვილს მის კონკურენტებთან შედარებით.

დანარჩენ კანდიდატებთან დაკავშირებით ერთი რამის თქმა შეიძლება - ქართულ პრესას არ აინტერესებს, რა შანსები აქვთ მათ და რას აპირებენ გაპრეზიდენტების შემთხვევაში. ამაში კი პრესის დადანაშაულება, შესაძლოა, უმართებულოც იყოს, ვინაიდან საზოგადოების ინტერესი, ძირითადად, სამი კანდიდატის (მარგველაშვილი, ბურჯანაძე, ბაქრაძე) მიმართ არსებობს და პრესაც მხოლოდ მათით შემოიფარგლება.

გასული კვირის პრესაში აქა-იქ ვხვდებით გიორგი თარგამაძის მიმართ ინტერესს და მის შესახებ ინფორმაციებიც ნიუსური ტიპისაა, რომელსაც გამოცემები სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებენ. 

დასკვნისთვის უნდა ითქვას, რომ გასული კვირის პრესაში ბურჯანაძე ლიდერობს.