ნანა თეთრაძე: „კარგი იქნება, თუ ირაკლი ალასანია  ამ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს“

ნანა თეთრაძე: „კარგი იქნება, თუ ირაკლი ალასანია ამ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს“

არჩილ კბილაშვილის მუშაობით უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება. ამჯერად გენერალურ პროკურორს პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის ოჯახი უპირისპირდება. ციხეში წამებით მოკლული პოლკოვნიკის დაცვის მხარე აცხადებს, რომ პროკურატურამ სერგო თეთრაძის საქმე სათანადაოდ ვერ გამოიძია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოწმემ სასამართლოს წინაშე ჩვენება მისცა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, მას ამ საქმეზე ბრალი წაყენებული არ აქვს. მეტიც - პოლოვნიკმა დავით ლონდარიძემ სასამართლოს დეტალური ჩვენება მისცა სამხედრო პოლიციაში მიყვანილს როგორ აშანტაჟებდა თავდაცვის მინისტრის ძმა, „კუდის“ უფროსი დათა ახალაია. თუმცა,  პროკურატურამ თავის დისკრეციულ უფლება არ გამოიყენა და ძმებ ახალაიებს ამ საქმეზე ბრალი არ წაუყენა.

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ბრალი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს ვიქტორ ყაჭეიშვილს აქვთ წაყენებული. მათ ბრალი წამებაში, წამების ორგანიზებასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებების ორგანიზებაში ედებათ.

სამხედრო დაზვერვისა და საჰაერო ძალების პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა 2011 წლის 17 სექტემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. 24 სექტემბერს კი ოჯახს შეატყობინეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ოჯახს ამ ვერსიის არ სჯეროდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურამ თეთრაძის გარდაცვალების ფაქტის ხელახალი გამოძიება დაიწყო. გენერალურმა პროკურორმა პირობა დადო, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნებოდა და ყველა დამნაშავე იქნებოდა დასჯილი. დღეს კი პროკურატურა ამ საქმეზე კომენტარს არ აკეთებს.

მოკლული პოლკოვნიკის მეუღლე, ნანა თეთრაძე თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას მიმართავს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე. ნანა თეთრაძე და მისი ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე სამშაბათს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას ხვდებიან.

„კარგი იქნებოდა, თუ ირაკლი ალასანია ამ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს. რამდენიმე მოწმემ  – ზაქრაძემ, იოსავამ და მჭედლიძემ სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემისას ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, ახენეს ეს ადამიანი, თუმცა მას ამ საქმეზე ბრალი წაყენებული არ აქვს. მოვითხოვ - ნულოვანი ტოლერანტობა ყველა ჯალათს, ვისაც ჩემი მეუღლის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვის. ის, რომ გულით არ გარდაცვლილა, ექსპერტიზამაც დაადასტურა. ცხედრის ექსჰუმაციაც გავაკეთეთ, საიდანაც გაირკვა, რომ ჩემს მეუღლეს თავის ქალის ტრავმა ჰქონდა მიყენებული“, - განაცხადა ნანა თეთრაძემ.

თეთრაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა ოჯახის ადვოკატმა, მაგდა კოტრიკაძემ, როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა მოწმეთა ჩვენებებიდან რამდენიმე პირის ბრალეულობა იკვეთება, თუმცა მათ წინააღმდეგ არათუ საქმე არ აღიძრა, არამედ ზოგიერთი მათგანი თავდაცვის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში კვლავ მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ. 

ვინ არიან ის გამომძიებლები, რომლებიც მონაწილეობდნენ თეთრაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღვრაში, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ თანამდებობას?

მაგდა კოტრიკაძე: სერგო თეთრაძის საქმის ე.წ. „ჯაშუშობის საქმის“ რეჟისორი და სულის ჩამდგმელი იყო ზაზა მჭედლიძე, რომელიც დღესაც ერთ-ერთი სამმართველოს უფროსია, რომელიც ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი იყო. საქმეში იკვეთება გამომძიებლის გიორგი ხევსურიანის, ლევან გაბუნიას, რობერტ გრიგალაშვილის ბრალეულობაც, თუმცა ეს ადამიანები დღეს კვლავ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქმის გამომძიებელი გიორგი ხეცურიანი, რომელმაც განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა პროკურორი გიორგი ქევხიშვილი და უთხრა, როგორ შეეეცვალა ოქმები. ეს პროკურორები - ქვეხიშვილი და გრიგალაშვილი - დღემდე თანამდებობას ინარჩუნებენ.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ზაქრაძემ, ყველა ის პირი ამხილა ვინც ამ საქმეში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ისინი დღესაც თანამდებობაზე არიან. აქედან გამომდინარე, უკმაყოფილო ვართ პროკურატურის ამ პოზიციით. ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგ უნდა დაწყებულიყო გამოძიება, ისევ რჩებიან მაღალ თანამდებობაზე და ერთი წელია სახელმწიფო მათ ხელფას უხდის. მოწმეთა ჩვენებით, როდესაც იკვეთება პირის სისხლის სამართლის დანაშაული პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება, მაგარამ ამას არ აკეთებს პროკურატურა.

დღეს რა ეტაპზეა სასამართლოში თეთრაძის საქმე?

- სავარაუდოდ სამ-ოთხ პროცესში ეს საქმე დამთავრდება. ველოდებოდით, რომ უნდა დაკითხულიყო გიორგი ხვედელიძე. ეს ის პროკურორი გახლავთ რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ საქმეში, რომელსაც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. მაგრამ რატომღაც პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა და დასაკითხ პირთა სიიდან ამოიღო. ასევე, მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ გიორგი ხვედელიძეს მონაწილეობა მიღებული აქვს სერგო თეთრაძის დაკავებაში და გამოძიებაში. ამ საქმეს გრიფი ედო და საიდუმლო საქმეებზე დაშვება ყველას არ ჰქონდა.

მოწმემ - ზაქრაძემ, იოსავამ და მჭედლიძემ სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემისას ისაუბრეს ამ საქმეში ბაჩო ახალაიას მონაწილეობასა და ბრალეულობაზე, თუმცა მას ამ საქმეზე ბრალი წაყენებული არ აქვს...

- სწორედ ამას ვედავებით პროკურატურას, რომ არასწორად წაიყვანეს ეს საქმე. ვეკითხებით დაიკითხა თუ არა ბაჩო ახალაია, გპასუხობენ, რომ ახლა მიდის გამოძიება. აი ახლა ამ ნაწილში ვაპირებთ ახალაიას დაკითხვას და ასე ხდება დროის გაწელვა. ამ კოდექსით ჩვენ მხარე არ ვართ პროცესზე, ჩვენს მხარეს სახელმწიფო ბრალდება წარმოადგენს და აქიდან გამომდინარე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ.

საინტერესოა, რას ამბობენ მოწმეები...

- ამ ადამიანებმა დაასახელეს ის პირები, ვინც ღებულობდა მონაწილეობას სერგო თეთრაძის წამებაში. ამ ჩვენებების საფუძველზე პროკურატურამ უნდა აღძრას მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. მოწმეთა ჩვენებით ნათლად ჩანს და იკვეთება იმ პირთა დანაშულებრივი ქმედება, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა თეთრაძესთან მიმართებაში. როგორც გითხარით, დღევანდელი მოქმედი კოდექსით სასამართლო პროცესზე მე შუამდგომლობებს ვერ დავაყენებ, ჩვენს პოზიციას უნდა იცავდეს პროკურატურა, რასაც არ აკეთებს და ეს არის უბედურება.

ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს ლობირებენ საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები. ჩვენ შევიტანეთ განცხადება, სამშაბათს ვხვდებით თავდაცვის მინისტრს და მას მივაწვდი იმ ადამიანების სიას, რომლებიც კვლავ ინარჩუნებენ მაღალ თანამდებობას. მხოლოდ ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია იმყოფებიან ამჟამად პატიმრობაში. ბუნებრივია ჩნდება კითხვა - ყაჭეიშვილამდე და ფაცაციამდე ვინ მიიყვანა სერგო თეთრაძე? ეს არ უნდა გაარკვიოს პროკურატურამ? სწორედ ამაზე ვდავობთ ჩვენ.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ მიდის ამ ადამიანებამდე პროკურატურა?

- ის ადამიანები, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო, დღეს გენერალურ პროკურატურაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ და, ბუნებრივია, რაღაცა დოზით ახდენენ გავლენას, ეს ფაქტია. მეტსაც გეტყვით - პატიმრებთან, სისაურთან და ტერაშვილთან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სერგო თეთრაძის წამებაში და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში, პროკურატურამ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ამით ყველაფერია ნათქვამი.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას ბრალეულობას, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ძმა, დათა ახალაია თანამშრომლობს გამოძიებასთან და სწორედ მისი თანამშრომლობის შედეგია ის, რომ გამოძიება არ ინტერესდება რა როლი მიუძღვით ძმებ ახალაიებს ამ საქმეში. თქვენ თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?

- როდესაც საქმია ოთხი მოწმე დაასახელებს, რომ ბაჩო ახალაიამ მომცა დავალებაო, რომ მინისტრი საქმის კურსში იყოო და პროკურატურა ამაზე არ რეაგირებს, ეს ბადებს კითხვებს პროკურატურასთან მინართებაში, რა ხდება, რატომ არ წაუყენეს ბრალო ბაჩო ახალაიას ამ საქმეზე? გარდა ამისა, დავით ლონდარიძე რომ დააკავეს და მიიყვანეს სამხედრო პოლიციაში, იქ მას დახვდა მისი ძმა, დათა ახალაია, რომელიც ეუბნებოდა, აღიარე ჯაშუშობაო. პროკურატურა თავის დისკრეციულ უფლებას არ იყენებს. პროკურატურამ არაკვალიფიციურად გამოიძია, რაღაცა სახის გარიგებასთან გაქვს საქმე.

ვის შორის? ახალაიებსა და პროკურატურას შორის?

- პროკურატურამ რომ სათანადაოდ ვერ გამოიძია სერგო თეთრაძის საქმე, ეს ფაქტია.