ჟორას „ხუმრობა“

ჟორას „ხუმრობა“

ცნობილი ქართველი მსახიობი გიორგი შავგულიძის მეუღლე ლიზა ვაჩნაძე ერთ შემთხვევას არაერთხელ იგონებდა:

„ერთ ორშაბათს (თეატრის უქმე დღეს), დილით, ძალიან ვიჩხუბეთ მე და ჟორამ. საჩქაროდ ჩავიცვი და გავედი სახლიდან. ისე ვიყავი გაბრაზებული, საღამომდე ამხანაგთან დავრჩი.

კარგა მოგვიანებით დავბრუნდი სახლში იმ იმედით, რომ ჟორა არ დამხვდებოდა. მეც უკვე გადამიარა გაბრაზებამ. შევაღე კარი და ვხედავ, ტახტზე ზის ვიღაც უშნო, აყლარწული, უცნაურად გამოწყობილი და შეღებილი ქალი შლაპით.

რომ შევედი, ფეხზე წამოდგა, მომეხვია და საოცარი ნაზი ხმით მითხრა: “ოო, დარაგაია, ნაკანეც.”

ჟორა ჩემს ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, ხოლო ფეხზე თავისი ფეხსაცმელი ეცვა, რაც უფრო აუშნოვებდა, ტუჩები საშინლად ჰქონდა წითლად შეღებილი. უფრო სასაცილოს ვერაფერს ნახავდით.

როგორ არ დაეზარა ამდენი ხანი ჯდომა და ლოდინი, მით უმეტეს, რომ არ იცოდა, როდის მივიდოდი. აი, ასე იცოდა განიარაღება, ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩვენში დამნაშავე.

საერთოდ, ასეთი “მასკარადების” მოწყობა უყვარდა. ამით თვითონაც ერთობოდა და ჩვენც.”