წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ქართულმა ფეხბურთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და განვითარების საკუთარ გზას დაადგა. იყო იმედი რომ ჩვენი მობურთალები საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებებს მიაღწევდნენ. ამ ოპტიმიზმის საფუძველს საქართველოში სპორტის ამ სახეობის მდიდარი ტრადიცია და ისტორია იძლეოდა. სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების მოლოდინი არ გამართლდა და წლების განმავლობაში ჩვენი ფეხბურთი მაჩანჩალათა რიგებში აღმოჩნდა.
თანამედროვე მსოფლიოში ფეხბურთი ბიზნესის ერთ-ერთი სახეობაა და საქართველო გამონაკლისი არ გახლავთ. სამწუხაროდ ამ სფეროში მოღვაწეობა შემთხვევითმა ხალმა დაიწყო. ალბათ გახსოვთ „მხედრიონისა“ და სხვა ძალოვანი სტრუქტურების „საქმიანობა“. იმ პერიოდში ავტომატმა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის ფეხბურთშიც შეაღწია.
ბატონი რეზო ძოძუაშვილი ფეხბურთის სპეციალისტთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება რომლის ცოდნა და გამოცდილება სამშობლოში სრულყოფილად არ გამოიყენეს. არადა უცნაურია. ადამიანმა უსახური ლატვიის ნაკრები ევროპის პირველობის ფინალურ სტადიაზე გაიყვანა, საქართველოში კი სრულფასოვნად მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. უფრო მეტიც. ორიოდე წლის წინ ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ სხდომაზე ბატონ რეზოს „დაბოღმილი უმუშევარი“ უწოდეს.
ცოტა ხნის წინ „დაბოღმილ უმუშევარს“ სტუმრად ვეწვიეთ და საინტერესო საფეხბურთო თემებზე ვესაუბრეთ. თავდაპირველად იმ „ისტორიული“ სხდომით დავინტერესდით.
- ალბათ გახსოვთ ტოტალიზატორში თამაშის გამო რამდენიმე ფეხბურთელი სპორტის ამ სახეობას რომ ჩამოაშორეს. ამ ფაქტის ირგვლივ ფეხბურთის ფედერაციაში მაშინ საჯარო განხილვა ჩატარდა და მასში ვეტერანებმაც მივიღეთ მონაწილეობა. როდესაც ამ სამარცხვინო ფაქტის მიმართ ჩვენი აზრი გამოვთქვით, დიდი შეხლა-შემოხლა დაიწყო და ჩვენ „დაბოღმილი უმუშევრები გვიწოდეს“. ფეხბურთი იმ ხალხმა უნდა მართოს ვინც ამ სფეროში კარგად ერკვევა. დღეს ქართულ ფეხბურთში არაერთი შემთხვევითი ადამიანია შემოპარული და სპორტის ეს სახეობა ვერ ვითარდება. ფეხბურთში რეზო ძოძუაშვილს საკუთარი სიტყვა ყოველთვის ეთქმის და „დაბოღმილი არაპროფესიონალების“ მიერ წამოსროლილი რეპლიკები მის ავტორიტეტს ვერაფერს დააკლებს.
ჩაწყობილი თამაშები ვახსენეთ. გასუფთავდა ამ სენისგან ქართული ფეხბურთი?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან ჭორის დონეზე საუბარი არ მსურს. გარიგებული თამაშების პრობლემა ახალი არ გახლავთ და ამ სენს მთელ მსოფლიოში ებრძვიან. ალბათ საქართველო გამონაკლისი არ გახლავთ და ჩვენს ჩემპიონატში გარკვეულ მანიპულაციებს ადგილი კვლავ აქვს, ოღონდ ასეთ შემთხვევებს ოფიციალური დამტკიცება ესაჭიროება. ამ თემაზე საუბარი მიჭირს რადგან ჩემს თაობაში ფეხბურთი გაცილებით სუფთა გახლდათ. „ჩაწყობის“ მოყვარულებს კი ერთ რჩევას მივცემდი. მოწინააღმდეგე გუნდთან გარიგების ნაცვლად ტოტალიზატორში ფსონები საკუთარი კლუბის გამარჯვებაზე დადონ. ამ შემთხვევაში ორმაგად მოგებულები გამოვლენ, რადგან წარმატების შემთხვევაში საპრემიო თანხასთან ერთად ბუკმეიკერული დაწესებულებებიდანაც გარკვეულ ფულს აიღებენ.
ჩაწყობები საბჭოთა პერიოდშიც იყო?
- ამ კითხვაზე პასუხს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაგცემთ რაც ნამდვილად ვიცი. ყოფილ საბჭოთა კავშირში გარიგებული შეხვედრების ტალღა წინა საუკუნის 70-იანი წლების დასასრულს დაიწყო და მისი ინიციატორები დნეპროპეტროვსკის „დნეპრის“ მთავარი მწვრთნელი ემეცი და გუნდის უფროსი ჟიჟდიკი იყვნენ. შემდეგ ეს „ინიციატივა“ კიევის „დინამომ“ და ვალერი ლობანოვსკიმ აიტაცა. მომდევნო ტალღა კი მინსკის „დინამო“ და იმდროინდელი ლენინგრადის „ზენიტი“ გახლდნენ. ალბათ მკითხავთ, ამ ამბებში ქართული კლუბები თუ იღებდნენ მონაწილეობას. შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ საჭიროებისდ მიხედვით ერთმანეთს ქულებს უთმობდნენ. ეს ნორმალურ პროცესად მიმაჩნია, რადგან ამ შემთხვევაში საუბარი არა ფულად თანხებზე, არამედ ერთი რესპუბლიკის ორ მოწინავე გუნდს შორის ქულების გაყოფაზე მიმდინარეობდა.
დღეს ბევრი საუბარი მიდის რომ საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია თბილისის „დინამოს“ არ ახარებდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ თამაშებს მოსკოვიდან არ აწყობდნენ. საბჭოთა სპორტის მაღალჩინოსნებს იმდენი ჭკუა ყოფნიდათ რომ თავი შარში არ გაეხვიათ. ისინი მსაჯებთან „იდეოლოგიურ საუბრებს“ ატარებდნენ და ეს ხალხი მოგვიანებით მინდორზე „გვწვავდა“.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის პირველმა თაობამ საერთაშორისო ასპარეზზე თავი ვერ გამოიჩინა. რა იყო ამისი მიზეზი?
- როდესაც საქართველოს ნაკრები შეიქმნა, იმ გუნდში ჩემი 15 აღზრდილი თამაშობდა. მათ ევროპის კონტინენტზე საკუთარი სიტყვა თქვეს და მომავალშიც არაერთ ძლიერ კლუბში ასპარეზობდნენ. რომელი ერთი ჩამოვთვალო: ქინქლაძე, ძმები არველაძეები, ჯამარაული, ნემსაძე, შელია, ყაველაშვილი და სხვები. სამწუხაროდ ამ ფეხბურთელებმა ნაკრებში თავისი შესაძლებლობა ბოლომდე ვერ გამოავლინეს. ამ მიზეზებზე საუბარი ალბათ ერთ ინტერვიუს არ ეყოფა. მოკლედ კი გეტყვით, რომ იმდროინდელი ეროვნული გუნდის ირგვლივ მრავალი შემთხვევითი ხალხი ტრიალებდა და მოთამაშეების გამოსვლაზე ამან უარყოფითი გავლენა იქონია. უფრო მეტსაც მოგახსენებთ. თბილისის „დინამოდან“ წამოსვლა ავტომატის მუქარის ქვეშ მომიწია და დღემდე ღმერთს მადლობას ვწირავ რომ ცოცხალი გადავრჩი.
მაინც რატომ არ გამოიყენეს რეზო ძოძუაშვილის ცოდნა და გამოცდილება საქართველოში?
- ამაზე მეც არაერთხელ მიფიქრია. მწვრთნელთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები რომლებიც ამა თუ იმ გუნდის ხელმძღვანელობის დაკრულზე არ ცეკვავს. „დინამოს“ მაგალითს მოგიყვანთ. 90-იანი წლების დასაწყისში გუნდს ძალიან გაუჭირდა და ვაჟა ჟვანიასთან ერთად კლუბის პრეზიდენტად ისლანდიიდან ახლად დაბრუნებული მერაბ ჟორდანია მოვიყვანეთ. მოგვიანებით გუნდის მართვაში „მხედრიონი“ აქტიურად ჩაერთო და რასაკვირველია მავანმა და მავანმა პრინციპული რეზო ძოძუაშვილის გუნდში ყოფნა არ მოისურვა. დღემდე ვერ გამიგია რატომ გამათავისუფლეს. იარაღით დამადგნენ და თანამდებობა უნდა დატოვოო გამომიცხადეს. საქართველოში სადაც არ მიმუშავია ყოველთვის სასიკეთო საქმეები გამიკეთებია.
პირველი პლეადის ნაკრების წამყვანი მოთამაშეები ჩემი აღზრდილები გახლდნენ. მოგვიანებით ქუთაისის „ტორპედო“ და რუსთავის „მეტალურგი“ გავაჩემპიონე.
ამის მიუხედავად უხილავი ძალა ყოველთვის მებრძოდა. ქართველი კაცი იძულებული გავხდი ლატვიაში გადავსახლებულიყავი და იქაური ფეხბურთის აღორძინებაში ჩემი წვლილი შემეტანა. უკეთეს მაგალითს მოგიყვანთ. ერთი პერიოდი ყაზახეთში ვმოღვაწეობდი და ყარაგანდის „შახტიორი“ ადგილობრივი ჩემპიონატის სამეულში გავიყვანე. ამის შემდეგ ამ ქვეყნიდან წამოსვლა მომიწია, რადგან საქართველოდან უცნობი „კეთილისმსურველებმა“ დარეკვები და ჩემთვის ძირის გამოთხრა დაიწყეს. ეს ბინძური კომპანია მაშინ დაიწყო როდესაც ქართული სპორტული სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად თბილისში მდებარე ფიზიკური კულტურის ინსტიტურის გაყიდვის წინააღმდეგ საჯაროდ ხმა ამოვიღე. ლატვიელებს ჩემი სამშობლოში გამოშვება არ უნდოდათ, მაგრამ მე საქართველოს გარეთ დიდი ხნით ცხოვრება არ შემიძლია. მადლობა ღმერთს დღეს ფეხბურთის ფედერაციაში დამასაქმეს და ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენის საქმე დამავალეს.
ბატონო რეზო, თქვენი თაობის მოთამაშეებისგან განსხვავებით, ამჟამინდელი ქართველი ფეხბურთელები ცაში ვარსკვლავებს ვერ წყვეტენ...
- გაგიკვირდებათ და ჩემი თაობის ფეხბურთელები მარტო მატერიალური კეთილდღეობისთვის არ თამაშობდნენ. თავის დროზე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მაღიარეს, 1972 წლის ევროპის პირველობაზე კი ჩემს პოზიციაზე საუკეთესოდ დამასახელეს. ეს აღიარება ჩემთვის ყოველგვარ ფულად კეთილდღეობაზე მაღლა ფასობდა. დღეს მდგომარეობა შეიცვალა. ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეები კარიერის პირველივე დღეებიდან სწრაფად გამდიდრებაზე ოცნებობენ, საწადელის მიღწევის შემდეგ კი ცხოვრებისეული სტიმული ეკარგებათ და პროფესიული დაღმასვლა ეწყებათ. ნება მომეცით პოლიტიკაში შევიჭრა და „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გავაკრიტიკო. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში ფეხბურთის აღორძინების პოლიტიკა დაიწყო. სამწუხაროდ ეს პროცესი სტადიონების დანგრევით დაიწყეს. რას ერჩოდნენ ბათუმის შესანიშნავ სპორტულ სარბიელს, რომელიც მიწასთან გაასწორეს და ამ ქალაქს დღემდე საკუთარი სტადიონი არ გააჩნია. დაანგრიეს ზუგდიდის სტადიონი. ანალოგიური ბედი თბილისში მდებარე ასკ-სა და 35-ე სკოლის სარბიელებსაც ეწიათ. ამის შემდეგ გამოდიან და ქართული ფეხბურთის დონე რატომ არ მატულობსო - კითხულობენ. ახალგაზრდა მოთამაშეს დაოსტატებისთვის სტიმული და დახმარება ესაჭიროება, რაც ჩვენნაირ ღარიბ სახელმწიფოში თავის თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს. ბევრი გამინაწყენდება, მაგრამ გეტყვით რომ თბილისის „დინამოს“ ბოლო საერთაშორისო და საკავშირო წარმატებები ბატონ ედუარდ შევარდნაძეს სახელთან იყო დაკავშირებული. ამ ადამიანმა თავის დროზე ქართული ფეხბურთის აღმავლობისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა.
ჩვენი საუბარი დასასრულს მიუახლოვდა. რა გზით უნდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი?
- მომავალ წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გველის. იმედი მაქვს ახალი ხელმძღვანელობა სპორტის ამ სახეობის ვეტერანებს გვერდით აქტიურად დაიყენებს და მათ მდიდარ გამოცდილებას ჩვენი ფებურთის შემდგომი განვითარების სასარგებლოდ გამოიყენებს. დღეს ქართულ გუნდებში დასაქმებულ ვერცერთ სახელოვან მოთამაშეს ვერ ნახავთ. ნოდარ ახალკაცი თავის დროზე მიხეილ იაკუშინის გვერდით გაიზარდა, ქართული სამწვრთნელო სკოლის ჩამოყალიბებაში გავრილ კაჩალინმაც დიდი წვლილი შეიტანა, რასაკვირველია მათ გვერდით ანდრო ჟორდანიაც უნდა მოვიხსენიო. მოწვეულმა უცხოელმა მწვრთნელებმა რეზო ძოძუაშვილს, ჩივაძეს, ხურცილავასა და ბარქაიას რა უნდა გვასწავლოს? პირიქით, საფეხბურთო გაკვეთილს იქით ჩავუტარებთ. სანამ ცოცხლები ვართ და ენერგია ჯერ კიდევ შეგვრჩენია, ქართული ფეხბურთის მომავლისთვის ჩვენი ცოდნა გამოიყენონ. ახალგაზრდა მწვრთნელები ამით მდიდარ გამოცდილებას მიიღებენ და მას მოგვიანებით მომდევნო თაობებს გადასცემენ. ეს მსოფლიოში აწყობილი მექანიზმია და საქართველოში რატომღაც იგნორირებულია.
დარწმუნებული ვარ რომ თბილისის “დინამოს” ამჟამინდელ მფლობელს გუნდის ფეხზე დაყენება გულით სწადია, მაგრამ დაითვალეთ - ბოლო დროის განმავლობაში წყალში რა რაოდენობის თანხები გადაყარა. ერთხელ მოატყუეს, მეორედ არ გაუმართლეს. კაცმა ინფრასტრუქტურის განვითარებაში 15 მილიონ დოლარამდე დახარჯა და შედეგი მაინც არ ჩანს. ჩემი აზრით, გუნდის წინაშე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ამოცანა უნდა დაისვას და ამ მიზნის შესასრულებლად შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელი მოიწვიონ. ამის გარდა, თბილისის „დინამოსთან” ე.წ, „საკონსულტაციო მაგიდა” უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც ძველი დინამოელები მუდმივად შევიკრიბებით და კლუბის ხელმძღვანელობას კვალიფიციურ და პროფესიულ რჩევებს მივაწვდით. მერწმუნეთ, ჩვენ ქართული ფეხბურთისთვის კიდევ არაერთი სიკეთის მოტანა შეგვიძლია. ანალოგიური მიდგომა ეროვნული ნაკრების მიმართაც უნდა განხორციელდეს.
საუბრის ბოლოს კი ქართული კლუბების ხელმძღვანელებს მივმართავ. ჩვენი გუნდები ბოლო დროს გარკვეულად მოფულიანდნენ. თუ სახსრები გაგიჩნდათ, ისე წარმართეთ საქმიანობა რომ ქართველ გულშემატკივრებს საქართველოში ჩემპიონთა ლიგის მატჩების ხილვის ბედნიერება მიეცით. მერწმუნეთ, სწორად წარმოებული მუშაობის პირობებში ეს აუხდენელი ოცნება ნამდვილად არ გახლავთ.