„ვეფხისტყაოსანი“

„ვეფხისტყაოსანი“

ქალბატონი ელენე საყვარელიძე ერთ სახალისო ისტორიას არაერთხელ იხსენებდა:

„1966 წელს უნგრეთში ქართული კულტურის დეკადაზე ჩვენი დელეგაცია მასპინძელთა დიდი პატივისცემით და ყურადღებით სარგებლობდა. ყველას ატკბობდა “ორერას” დიდებული სიმღერები.

გვქონდა ბევრი საინტერესო შეხვედრა და ნაცნობობა. განსაკუთრებით დაგვიმეგობრდა ჟურნალისტი იანოშ რიგო. იგი ჩვენი კულტურის დღეების მასალებს აშუქებდა და სულ ჩვენთან იყო.

გამომგზავრებისას აეროდრომზე უნგრული თოჯინა მომართვა სამახსოვროდ. ეს ჩვენი ეროვნული სიამაყეაო, ამიხსნა. მადლობა გადავუხადე ძვირფასი სუვენირისათვის და შევპირდი, მეც გამოგიგზავნით საქართველოდან ჩვენს ეროვნულ სიამაყეს მეთქი.

- წარმომიდგენია! ქართველები ყველანი პოეტურები ხართ, მოუთმენლად მოველი თქვენს სუვენირს, მე მას წიგნების კარადაში მოვათავსებ.

უნგრეთს დავემშვიდობეთ. გაიარა ერთმა წელმა და ახლა საქართველოში ავღნიშნეთ უნგრული კულტურის დღეები. უცხოელი კოლეგების გაცილების დღეს უცებ გადავწყვიტე, იანოშ რიგოსათვის შეპირებული სამახსოვრო გამეგზავნა.

ქართული ჩურჩხელებითაც მინდოდა თავი მომეწონებია და ქაჯეთის ციხეში გადახვეულ ნესტან-დარეჯანის და ტარიელის ბარელიეფისათვის დამემატებინა. ბაზარში გამახსენდა, რომ სახლიდან ერთი კილო სიმინდის ფქვილიც დამავალეს, ესეც ვიყიდე, ნაყიდ ქაღალდის პარკში მოვათავსე და აეროდრომისკენ გავემგზავრე.

ცოტა შემაგვიანდა, მაგრამ მაინც მოვასწარი სტუმრისათვის გასაგზავნი ამანათი გადამეცა. კმაყოფილი დავბრუნდი შინ.

დედაჩემს უნდოდა ჩანთიდან სიმინდის ფქვილი ამოეღო და ხელში “ვეფხისტყაოსნის” ბარელიეფიანი პარკი შერჩა. იმ სიჩქარეში უნგრეთში სწორედ ფქვილიანი პარკი გამიგზავნია და ახლა, ალბათ, წიგნების კარადას ამშვენებს”.