Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი კლინიკაში მოხვდა მექსიკაში, სადაც მსოფლიო ბიზნეს ფორუმზე სიტყვით უნდა გამოსულიყო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, 73 წლის ვოზნიაკმა ფორუმზე გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გონება დაკარგა. მანამდე კი მეუღლეს უთხრა, რომ თავს უცნაურად გრძნობს და თავბრუ ეხვევა. ამის შემდეგ ის სანტა-ფეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ახლა ბიზნესმენი სტაბილურ მდგომარეობაშია.
ამერიკელმა ბიზნესმენმა სტივ ვოზნიაკმა სტივს ჯობსთან და რონალდ უეინთან ერთად კომპანია Apple-ი 1976 წელს დააარსა. მან შეიმუშავა კომპიუტერები Apple I და Apple II, რომლებმაც რევოლუცია გამოიწვიეს პერსონალური კომპიუტერების სფეროში და კომპანია ბაზრის ერთ-ერთი ლიდერად აქციეს. ვოზნიაკი Apple-იდან 1980-იან წლებში წავიდა და სხვა პროექტებზე დაიწყო მუშაობა.