"ამ ადამიანს სიხარბე დაღუპავს", - ასე აფასებს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე. როგორც გიორხელიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, ხუდონჰესი საბჭოთა პროექტია და იგი ამ სახით არ უნდა აშენდეს.
"ჭკუის ნასახი რომ არ აქვს, ეს ცნობილი უნდა ყოფილიყო ისედაც!.. ხუდონი საბჭოთა პროექტით არ უნდა აიგოს, არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც არანაირ საფრთხეს არ უქმნიან ხაიშს, სვანეთს და ეკლესიებს... ბიჭო, შენ სად გაიზარდე",- წერს დემურ გიორხელიძე და ვარაუდობს, რომ კალაძე მას ტელე-დებატებში არ დაუჯდება.
ჩვენ დავუკავშირდით დემურ გიორხელიძეს და დავინტერესდით, რას ნიშნავდა ხუდონჰესის ახალი პროექტი?!
ექსპერტის განმარტებით, ის კამპანია, რომელიც მიმდინარეობს, თითქოს საქართველოში ჰესები არ უნდა აშენდეს და ექვს მეგავატზე მეტი ელექტროსადგური არ უნდა იყოს, უცოდინარი ხალხის წამოწყებულია, რომლებმაც არ იციან ტექნოლოგია და რეალური მდგომარეობა. კერძოდ, დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ხუდონჰესი სულაც არ არის დიდი ჰესი, ეს საშუალო ჰესების რიგს განეკუთვნება და ახალი ტექნოლოგიებით, გვირაბების სისტემით, სადერივაციო ნაგებობებით ისეთნაირად შეიძლება მისი აშენება, რომ პრობლემა არავის შეექმნას. მით უმეტეს, ასეთი პროექტი უკვე გვაქვს საქართველოში, რომელიც მალე რეალიზაციას უნდა დაექვემდებაროს და მაშინ არც ხაიშელები იქნებიან გასასახლებელნი, არც ეკლესიებს დაემუქრება საფრთხე, არც კატასტროფული წყლის სარკე (50 კვ. კილომეტრი) გვექნება, რომელიც საერთოდ შეცვლიდა სვანეთში კლიმატს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ისიც არ ვიცოდით, ხუდონჰესის ძველი პროექტით აშენების შემთხვევაში, რა გავლენას მოახდენდა ეს მთის ქანებზე, წყალი სად მოძებნიდა გასავალს ამ ქანებში და როგორ დაარბილებდა ამხელა კლდეებს.
„ასე რომ, სრულიად გაუგებარი იყო კალაძის მიერ შემოთავაზებული ვერსია. 27 წლის წინათ დაკონსერვებულიც კი არ ყოფილა ხუდონჰესის მშენებლობა, უბრალოდ, ის იყო მიტოვებული მშენებლობა. მართალია, თავის დროზე 400 მილიონი საბჭოთა მანეთი დაიხარჯა ამ საქმეზე, მაგრამ ჩვენ რას ვითვლით ამ მანეთებს?! ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ და შეგვიძლია ეს ჰესი გავაკეთოთ ისე, რომ არავითარი საფრთხე არ შეიქმნას. არ მესმის, რატომ არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ასე ხისტად, ასე უყურადღებოდ ეს ახალგაზრდა კაცი - კახი კალაძე განწყობილი, რომელსაც არანაირად არ უჭირს. მე ეს არ მომწონს მის პოზიციაში, თორემ მისი თანამდებობის მსურველი დღეს გონიერი ადამიანი ვერ იქნება. ის ცუდად დაამთავრებს თავის მინისტრობას, ეს გარდაუვალია, რადგან მან არ იცის, როდესაც ასეთ დიდ თანამდებობაზეა ადამიანი, უკვე საზოგადოებრივი ინტერესი ჩნდება და არა - სხვა ინტერესთა ჯგუფების გავლენა, რომლის ნაწილიც შეიძლება თვითონ იყოს. სანამ მინისტრი თავის ჭკუაზე მოვა, მან ისეთი რამ არ უნდა გააკეთოს, რასაც უდიდესი ზიანის მოტანა შეუძლია. სწორედ ეს არის საპროტესტო, თორემ მინისტრად დღეს არის კაცი და ხვალ არ იქნება,“ - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.
მისივე თქმით, ამ ე.წ. ინდოელი ინვესტორის უკან რუსულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ჩანან და მთელი საიდუმლო სწორედ ესაა, რომ ხუდონჰესი რუსეთის დიდ ინტერესებშია, რათა ენერგეტიკაზე პერიოდული ზემოქმედება მოახდინონ. მათ სურთ ეს გზა და ეს რესურსი თურქეთში სარეალიზაციოდ. ეს მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ენერგეტიკის განვითარების კონცეფცია მიბმული იყო საქართველოს მრეწველობის განვითარებასთან.
For.ge დაუკავშირდა ხუდონჰესის აქამდე უცნობი პროექტის ავტორს, ენერგეტიკოსს, ოლეგ ბაშარულს.
თითქმის 35 წლის განმავლობაში სვანეთის მოსახლეობა მუდმივი მოლოდინის რეჟიმში იყო, რადგან ხუდონის განახლების შემთხვევაში, დატბორვის ზონაში ხვდებოდა ხაიშსა და ტობარში მდებარე ორივე ეკლესია და საფლავები. ამჟამად, თქვენი პროექტის მიხედვით, ხაიშელების აყრა თავისი ძირძველი ტერიტორიიდან აღარ მოხდება და ეს პროექტი ხუდონ-ჰესის ძველ პროექტს ჩაანაცვლებს. რას ეფუძნება ახალი პროექტი?
- ეს დაკავშირებულია ახალ სამშენებლო ტექნიკასთან. მათ შორის, არსებობს გვირაბგამყვანი ხაზები და უკვე კეთდება ისეთი გვირაბები, როგორიც საფრანგეთსა და ინგლისს შორისაა. ასეთი გვირაბები შეიძლება გამოყენებულ იქნას წყლის დასაგროვებლადაც, ნაცვლად ამ კაშხლებისა. თუ გვირაბში დაგროვდება წყალი, ეს ორმაგი პლუსია, რადგან, ჯერ ერთი, შეხება არ ექნება გარემოსთან, მეორეც, გვირაბი სეისმოლოგიურად გაცილებით უფრო მდგრადია, ვიდრე ჩეულებრივი კლდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, კაშხალი არ აშენდეს, რათა ეკოლოგიურად გადარჩეს ის ტერიტორიები. ხოლო სიმძლავრეებს ამოვიღებთ იმავე წყლით, ვიდრე იმ ძველ პროექტშია.
გარდა ამისა, ის ძველი პროექტი მორალურადაც მოძველებულია. საერთოდ, გასულ საუკუნეებში ყოველწლიურად ტექნიკის ცვლილების იმხელა დინამიკა გვქონდა, რომ ძველი პროექტი თუ არ იყო განხორციელებული, მასზე უარს ამბობდნენ. ყოველ შემთხვევაში, 3-4 წლის შემდეგ პროექტი უკვე მორალურად ცვდებოდა და აღარ იყო საჭირო მისი გამოყენება, რადგან უფრო ახლით და თანამედროვეთი ცვლიდნენ. ხუდონჰესი კი უკვე 50 წელია, რაც დაპროექტებულია. თანაც, დაპროექტებული იყო საბჭოთა ცნობიერებით, რაც ითვალისწინებდა, რომ უზარმაზარ სახელმწიფოში ყოველთვის მოინახებოდა ისეთი ადგილი, სადაც თავის მოქალაქეებს შესთავაზებდნენ უკეთეს პირობებს და გადაასახლებდნენ, რადგან, მოგეხსენებათ, მთლიან ტერიტორიად ითვლებოდა საქართველო, რუსეთი და საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკა. ამიტომ ასეთი პატარ-პატარა სოფლების გადასახლება-გადმოსახლება შესაძლებელი იყო და სახელმწიფო სტრუქტურასა და დემოგრაფიაზე გავლენას არ ახდენდა.
ახლა ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან პატარა ტერიტორია გვაქვს. ჩვენი ეთნიკური ქართული ჯგუფები - სვანები, მეგრელები და სხვები, განლაგებულნი არიან ამ პატარა ტერიტორიაზე და ბუნებრივად მიბმულნი არიან იმ ტერიტორიებთან, საიდანაც ეს ჯგუფები წარმოიქმნა. მათი ზნეობა, ჩვეულება, კულტურა, - ეს ყველაფერი მიბმულია ტერიტორიასთან და ამის მოშლა ქართველი ერის გაქრობას ნიშნავს. საქართველოს სილამაზე ისაა, რომ გვყავს კახელი, თუში, ხევსური, სვანი, მეგრელი, გურული და სხვა. ამიტომ ხუდონჰესის ძველი პროექტი მარტო ეკოლოგიურად არ იქნება ზიანის მომტანი. გასათვალისწინებელია გენეტიკური მდგომარეობაც, ამით ქართველი ერის ზნეობაც გაქრება. მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში, როდესაც ყველაფერი ძალიან ჩქარა იშლება. ჯერ კიდევ ამ გარიყულ კუთხეებს უჭირავთ ყველაფერი ქართული. თუ ასეთი ხელისუფლებები დარჩა, საბოლოოდ დაგვიყვანენ იმ დონეზე, რომ ფერეიდნელი ქართველებიღა დარჩებიან ქართველებად.
ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ხაიშელების თავისი ტერიტორიიდან აყრა აღარ მოხდება. ზუსტად ამ ამბავთან დაკავშირებით, ხაიშელებთან და, ზოგადად, სვანებთან ვურთიერთობ და ვიცი, რომ ფიცი დადეს სვანებმა და ხუდონჰესის აშენებას არ დაუშვებენ. ფიცის გატეხვა კი სვანეთში არ შეიძლება. ამდენად, კალაძის პროექტის მოწონება უბრალოდ არ შეიძლება.
თქვენი პროექტი დასრულებულია? თუ გააცანით ის სვანებს?
- ჩემს პროექტს დამუშავება სჭირდება. ჩვენ იდეოლოგიურად ვამტკიცებთ, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია და უკეთესი იქნება ჩვენი პროექტი, მაგრამ უნდა მიხვიდე ადგილზე, ის მთები უნდა ნახო, დაბურღო, როგორი ქანებია, შეისწავლო და იმის მიხედვით, უნდა გათხარო. ასე ჰაერიდან ზეპირად ლაპარაკი არ შეიძლება.
ჰესების მშენებლობის ასეთი თანამედროვე ტექნოლოგია კიდევ სად გამოიყენეს? საინტერესოა ისიც, რატომ არ იყო ამ თემაზე ადრე საუბარი, მით უფრო, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ამ ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელია, რათა სხვა ტერიტორიიდანაც არ მოხდეს ხალხის აყრა და მათი უბედურების ხარჯზე სხვა ქვეყნების გაჩირაღდნება.
- ზუსტად ასეთივე ტექნოლოგიები გამოყენებული და დაპროექტებული მაქვს სამცხე-ჯავახეთშიც; მაგრამ იქაც ხელისუფლების არასწორი ქმედებით, თურქებმა დაიწყეს ფარავანჰესის მშენებლობა არასწორი პროექტით, რაც დიდი უბედურების მომტანია, რადგან შეიძლება ამ პროექტმა დაანგრიოს ჩვენი ძეგლები. მთლიანობაში, ამან შეიძლება შეიწიროს ორი უძველესი კულტურული ძეგლი-მე-11 და მე-9 საუკუნეების, ვარძია და ხერთვისი. ეს ორი ძეგლი თუ დაინგრა, ამ ჰესის ღირებულება ნულის ტოლფასიც არ იქნება.
სამცხე-ჯავახეთშიც ჰესი ისეთივე სტილით უნდა გაკეთდეს, როგორსაც ვამბობ ხუდონზე. ეს გაკეთებულია ნახაზზე. სხვათა შორის, ამ ტექნოლოგიას სამცხე-ჯავახეთისთვის როცა ვაპროექტებდით, ხუდონზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი და ეს თემა ახლა გააქტიურდა, რადგან რაღაც ეჩქარებათ. ამ დროს სულ არ არის დაჩქარების საჭიროება, რადგან დღესდღეობით გენერაცია გვყოფნის. ბოლოს და ბოლოს, წარმოებები არ გვაქვს, რომლებიც უნდა გახდეს აქ გამომუშავებული ელექტროენერგიის მთავარი მომხმარებელი. ამიტომ ჯერ წარმოებები შექმნან და მერე თავისით აშენდება ეს ჰესი. მოკლედ, სულელების მთავრობაა, სულელურად მართავენ ხალხს და ხალხიც სულელებად აქციეს.
ენგურჰესმა სვანეთში მოჭარბებული ტენიანობა გამოიწვია და ამის გამო სვანები დღემდე უჩივიან ცალკეულ დაავადებებს. თქვენი პროექტი ამ მხრივ საიმედოა?
- ამ პროექტით ცუდი არაფერი მოხდება, შეხებაც არ ექნება გარემოსთან. ორთქლი აღარ გამოვა სვანეთში, როგორც ეს ენგურის შემთხვევაში მოხდა, სადაც ენგურის გავლენა დღესაც გრძელდება, რადგან ის წყალსაცავი დღესაც არსებობს. ხოლო, თუ გაირღვა ხუდონი, რომლის აშენებასაც ესენი აპირებენ, ეს გამოიწვევს ენგურის კაშხლის გარღვევასაც და, საერთოდ, - მთელი დასავლეთ საქართველოს თურქეთში გატანას. ეს არის უბედურება, მაგრამ ამათ ინსტიტუტიც არ აქვთ დამთავრებული, გამრავლების ტაბულა არ იციან და მინისტრებად სხდებიან, ეს ანგრევს ქართველობას. ქართველ ხალხს კი ჰგონია, რომ მხარ-თეძოზე წამოწვებიან და საჭმელს აჭმევენ, ამიტომაც აძლევენ ხმას ასეთ ადამიანებს.
ხუდონის მშენებლობისას კახა კალაძე საუბრობს კოლოსალურ თანხაზე, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ გაცილებით იაფადაც შეიძლება გაკეთდეს ეს ყველაფერი, რადგან საბოლოოდ დიდი თანხა აისახება მოსახლეობისაგნ ამოღებულ ელექტროენერგიის გადასახდზე. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება, მშენებლობის დროს გაწეული ფინანსური ხარჯების ჩათვლით, 1,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს თანხა ექვს წელზე გადანაწილდება და წელიწადში 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ ფონზე თქვენი პროექტის განხორციელება რა დაჯდება?
- ყველაფერს აქვს თავისი ფარდობითობა, თავისი ფასი და თავისი მოცულობითი სამუშაო. ახალი პროექტი იმაზე მეტი არაფრით დაჯდება, რაც ძველი პროექტის ღირებულებაა. თუ კიდევ გავითვალისწინებთ, რომ გადასახლებული სოფლებისთვის დაახლოებითი დანახარჯი 200 მილიონი დოლარი უნდა იყოს, ბევრად იაფი დაჯდება ახალი ტექნოლოგიით აშენება. ამიტომ აჯობებს, კალაძემ პირველი და მეორე კლასის არითმეტიკა ისწავლოს და მერე დაიწყოს საუბარი მათემატიკაზე.
ექსპერტები კახი კალაძის პირად ინტერესებზე მიუთითებენ ამ საქმეში. კომპანია „ტრანსელექტრიკის“ წარმომადგენლები მართლაც არიან ინდოელი ინვესტორები, თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები დგანან მათ უკან?
- ინდოელების უკან, ალბათ, დგანან რუსეთის წარმომადგენლები, მაგრამ ეს ზუსტად არ ვიცი. მთავარია ის, რომ თვითონ პირობებია აბსოლუტურად მიუღებელი საქართველოსთვის. პირველი ეტაპია ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავება - დამტკიცება. იმ ძველი პროექტით, ტექნიკური დოკუმენტაცია დამტკიცებულია, ანუ პირველი ეტაპი შესრულებულია; ე.ი. ინვესტორი როცა შემოვა, ვალდებული იქნება, პირველი ეტაპის შესრულებული სამუშაოს ფული გადაიხადოს. ახლა ის ფული სად წავა და როგორ წავა, სახელმწიფო ბიჯეტში შევა თუ სადღაც წავა, ეს მე არ ვიცი. ეს უკვე შემსრულებლებზეა დამოკიდებული.
დავუბრუნდეთ თქვენს პროექტს, ეს პროექტი ქართველმა სპეციალიასტებმა უნდა განახორციელონ თუ უცხოელებმა?
- ისინი ჩამოიყვანენ უცხოელებს, ჩვენ კი დავასაქმებთ ქართველებს. ამათ ჯერ კიდევ ჟვანიას ხელისუფლებაში მოსვლით და უფრო ადრეც, სანამ ჟვანია პარლამენტში იყო, დაიწყეს შეტევა ქართულ ინტელექტზე. პრივატიზაცია ისე დაიწყეს, რომ აბსოლუტურად დაუბალანსებელი იყო სახელმწიფო ქონების გაყიდვა. ჟვანიამ სპეციალურად არ შეუშვა გაკოტრების კანონი. არადა, თავდაპირველად დამატებითი ხელშეკრულება არსებობდა, რომლის საფუძველზეც, მყიდველი ვალდებული იყო, შეენარჩუნებინა წარმოება და შემოეტანა ახალი ტექნოლოგიური ხაზები, გაეუმჯობესებინა პროდუქციის ხარისხი და თანამშრომლების ანაზღაურება.
ჟვანიამ ეს დამატება კანონში გააუქმა და დარჩა ის, რომ ყველაფერი გაიყიდა. მწარმოებლებმა მეორე დღიდანვე დაიწყეს შენობების აგურებად გაყიდვა, ანგრევდნენ წარმოებებს და ყიდდნენ. ამით კი პროფილაქტიკებსა და მაღაზიებს ხსნიდნენ იმ ადგილებში. ვერცერთი ჰესი, ვერცერთი სავაჭრო დუქანი ვერ შეცვლის წარმოებას, რადგან ამ ორგანიზაციებს არ აქვთ იმ რაოდენობით მუშა-ხელის მოთხოვნილება, რომელიც გამოიწვევს უმუშევრობის დაძლევას. ამხელა ხუდონჰესი, მაქსიმუმ, 60 კაცს თუ დაასაქმებს, 60 კაცი კი სოფლისთვის არაფერია. ამიტომ, როცა გაქვს ენერგიის რეზერვი, უნდა ეცადო, შენი საკუთარი პროდუქცია გადაამუშავო, მიიღო წარმოების პროდუქტი და ამ პროდუქტით გადაუხადო შენს მოქალაქეებს, ვიდრე დაიწყო სისულელეების ბჟუტური. შვიდი ეკლესია, მათ შორის, ერთი არის მე-9 საუკუნის, ხოლო სამი -მე-10 საუკუნის და დანარჩენი - თამარ მეფის აშენებული, იტბორებოდა ხუდონჰესის ძველი პროექტით, თავის ოთხ სოფელთან ერთად.