საქართველო ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებს უერთდება

საქართველო ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებს უერთდება

ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველო ნატო-ს პირველი პარტნიორი ქვეყანა გახდება, რომელსაც 2015 წლიდან ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებში გაერთიანება შეეძლება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ნატო-ს სწრაფი რეაგირების ჯგუფს უერთდება. ეს განცხადება რასმუსენმა ნატო-ს არაწევრ და პარტნიორ სახელმწიფოებთან ალიანსის თანამშრომლობაზე საუბრისას გააკეთა.

„საქართველომ შემოგვთავაზა მომავალში, სწრაფი რეაგირების ძალებში გაერთიანება და ჩვენ ეს წინადადება მივიღეთ. ქართული ქვედანაყოფები ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში 2015 წელს გაწევრიანდებიან და ეს პირველად მოხდება” - აღნიშნა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას რასმუსენმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა აგვისტოში, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკურ საბჭოს უკვე გადაწყვეტილი აქვს 2015 წელს საქართველოს ჩართვა ნატოს რეაგირების ძალებში. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ღირებულად მიიჩნევენ ქართულ ჯარს და საქართველოს თავდაცვის სისტემას. როგორც ირაკლი ალასანია ამბობს, რასმუსენის განცხადება არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების დონე უმაღლესია.

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება და აღიარება იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების დონე და პროფესიონალიზმი არის უმაღლესი, ისეთივე, როგორიც ნატო-ს წევრი ქვეყნების. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობა ნატოს წევრ ქვეყნებთან და გავხდეთ ნაწილი სწრაფი რეაგირების ძალებისა, რომელიც სწორედ იმისკენაა მოწოდებული, რომ ნებისმიერ ცხელ წერტილში, როდესაც იქმნება პრობლემური სიტუაცია, სწრაფი რეაგირება მოახდინოს.

ჩვენი გაწევრიანება იქნება კიდევ უფრო სოლიდური ნაბიჯი, როგორც ნატო-ს მომავალი წევრი ქვეყნისა. ეს შესაძლებლობა უკვე მიეცა უკრაინას. მაგრამ ვიცით, რომ უკრაინა დიდი რესურსის და მათ შორის - სამხედრო პოტენციალის ქვეყანაა, ჩვენი გაწევრიანება კი იქნება კიდევ დიდი, სოლიდური ნაბიჯი გადადგმული საქართველოს მიერ, როგორც მომავალი ნატოს წევრი ქვეყნის მიერ”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

სამხედრო ექსეპერტი თორნიკე შარაშენიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს მონაწილეობა სერიოზული პოლიტიკური განაცხადია. როგორც შარაშენიძე განმარტავს, განსხვავებით ავღანეთში ყოფნისგან, სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობა ქართველი სამხედროებისთვის რისკის შემცველი არ არის.

„ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური განაცხადი, უპირველეს ყოვლისა. ჩვენი მონაწილეობა არ იქნება მაინც და მაინც დიდი, მაგრამ თუნდაც მცირე ჩართულობა სერიოზული პოლიტიკური განაცხადია და ეს საკმაოდ ზრდის ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის შანსებს. აქ საქმე გვაქვს არა იმდენად სამხედრო, არამედ უფრო პოლიტიკურ კომპონენტთან“, - განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფებმა შებამისი გამოცდილება მიიღეს ავღანეთში, პრაქტიკულად მათ მიაღწიეს ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას. აქიდან გამომდინარე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ სწრაფი რეაგირების ძალებში ქართული შენაერთის გაერთიანება სრულად არაა პრობლემა.

„პირველ რიგში, ეს პოლიტიკურად არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. საქართველო, პრაქტიკულად,  სამხედრო კომპონენტით, ნატოს წევრი გახდება. სამხედრო კომპონენტით ვერთიანდებით ნატოში, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ნიშნავს მეხუთე მუხლის გავრცელებას ჩვენზე, მაგრამ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი მესიჯია. სწრაფი რეაგირების ძალებში გაერთიანება უკვე ნიშნავს, რომ პარტნიორობა უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

„მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური ასევე, სამხედრო თვალსაზრისით“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე რომლის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები მონაწილეობას მიიღებს სწრაფი რეაგირების ძალებში და ეს არის სამეთაურო-საშტატო გამოცდილება, რაც მისივე განცხადებით, გარკვეულწილად გულისხმობს მონაწილეობის გაფართოებას სხვადასხვა პროგრამებში. ასეთი პროგრამებია - „პარტნორობა მშვიდობისათვის“ და სხვადასხვა მოსამზადებელი თუ ერთობლივი პროექტები, რომელსაც ნატოს სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური ქვედანაყოფები სწავლობენ ოპერაციებში ურთიერთ ქმედებას.

„სამხედრო კუთხით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომ ჩვენ ამაში ვმონაწილეობთ. თუმცა, გამოცდილების თვალსაზრისით ეს არის სხვა ტიპის გამოცდილება. ავღანეთში მიღებული გამოცდილება, ეს არის საბრძოლო გამოცდილება, გარკვეულწილად სამეთაურო რგოლის გამოცდილებაც. მაგრამ ეს სამხედრო-პოლიტიკური გამოცდილებაა ოფიცრებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ცალკეული პრობლემატიკის დამუშავებაში.

ეს არის ურთიერთ გაგების გაღრმავება ოფიცრებს შორის. თავის მხრივ ქართველები მიიღებენ დამატებით გამოცდილებას სხვადასხვა დონის შტაბებში ურთიერთქმედებთან დაკავშირებით. ასეთი კომენტარი წავიკითხე, რომ ეს არისო აღიარება ქართული სამხედროებისო. ეს არაა პოდიუმი ან სპორტული შეჯიბრება.

სამხედროები, სამუშაო რეჟიმში მკაფიოდ აყალიბებენ პრობლემას და ამ პრობლემის გადაწყვეტას ახერხებენ მუშა რეჟიმში. პოლიტიკოსები, სამწუხაროდ ამ ყველაფერს იყენებენ თავისი პოლიტიკური პიარისთვის, რომელიც ხშირ შემთხვეაში მოსახლეობის დაბოლებას უფრო გავს, ვიდრე რეალურ საქმეს. ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს, სამუშაო თემაა“, - მიაჩნია გიორგი თავდგირიძეს.