შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი: გამოძიების ფარგლებში მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს გატაცებული მოქალაქის დაბრუნება

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი: გამოძიების ფარგლებში მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს გატაცებული მოქალაქის დაბრუნება

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია აცხადებს, რომ სოფელ კირბალის მიმდებარედ, შემთხვევის ადგილას, სადაც ის ავტომანქანა დგას, სადაც თამაზ გინტური მოკლეს, ქართველი სამართალდამცავები ვერ გადადიან, რადგან ოკუპირებული ტერიტორიაა და ამ დროისთვის სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს ოსურ მხარესთან.

„დაწყებულია გამოძიება. ასევე ინფორმირებულია სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ ყველა შესაბამისი ორგანო. ჩვენც გამოძიების ფარგლებში მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, უზრუნველვყოთ მოქალაქეების უსაფრთხოება და შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს გატაცებული მოქალაქის დაბრუნება. აღნიშნული ტერიტორია არის ოკუპირებული, ფიზიკურად ვერ გადავდივართ სამართალდამცველები და სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს ოსურ მხარესთან“, - აღნიშნა თელიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.