როგორ გაქრა სიცოცხლე მარსზე

როგორ გაქრა სიცოცხლე მარსზე

მარსს უხსოვარი დროიდან წითელ პლანეტას უწოდებენ. კაშკაშა წითელი დისკი, გამოკიდებული ღამის ზეცაში, ყოველთვის იწვევდა ადამიანში განგაშის შეგრძნებას.

რატომაა მარსი წითელი? საიდან აქვს მას სისხლის ფერი? რაც უნდა უცნაური იყოს, პლანეტის და სისხლის შეფერილობა ერთი და იგივე მიზეზითაა წითელი ფერის – რკინის ჟანგის შემცველობის გამო. რკინის ჟანგი სისხლის ჰემოგლობინს წითელ ფერს აძლევს.

ამერიკულმა კოსმოსურმა სადგურმა პლანეტის ზედაპირზე დაჯდომის შემდეგ პლანეტის ფერადი ფოტოსურათები გადმოსცა. მართალია, მარსის ატმოსფერო გაიშვიათებულია, აქ ქვიშის ქარიშხლები უჩვეულოდ ძლიერია. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ასტრონომები ასეთი ქარიშხლების გამო თვეობით ვერ ახერხებენ პლანეტის ზედაპირის დანახვას.

ამერიკულმა სადგურებმა მარსის გრუნტის ქიმიური შემადგენლობა გადმოსცეს. პლანეტის სიღრმეში სჭარბობს რკინით გამდიდრებული ანდეზიტისა და ბაზალტის ფენები. ნიადაგის ფენაში რკინის ჟანგის შემცველობა 20 პროცენტს აღწევს. ასეთი ტიპის ნიადაგები დედამიწაზეც ხშირად გვხვდება. ისინი ყალიბდება თბილ კლიმატურ პირობებში, წყლისა და ატმოსფეროში თავისუფალი ჟანგბადის პირობებში.

სავარაუდოდ, მარსზეც წითელი ფერის ნიადაგი მსგავს პირობებში ჩამოყალიბდა. მარსი იმიტომაა წითელი, რომ მისი ზედაპირი ჟანგის მძლავრი ფენითაა დაფარული, რომელიც მის ქვედაფენებს "ჭამს". საერთოდ, ასეთი ზედაფენა პლანეტაზე იშვიათობას წარმოადგენს და უიშვიათესი მოვლენაა მზის სისტემაში. ის მხოლოდ მარსსა და დედამიწაზე არსებობს.

ეს ყოველივე კი იმის საფუძველს იძლევა, რომ ოდესღაც მარსის ატმოსფეროში თავისუფალი ჟანგბადი იმაზე ნაკლები არ იყო, რაც დედამიწაზეა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოდესღაც მარსზე სიცოცხლე იყო!

მარსზე წყალი ბევრი იყო. ამას ადასტურებს კოსმოსური აპარატების მიერ გადაღებული ფოტოსურათები, რომლებზეც მდინარეების ყოფილი კალაპოტები კარგადაა გამოკვეთილი, ასევე წყლის უზარმაზარი საცავები, რომლებიც სახელგანთქმულ კოლორადოს კანიონს ჩამოჰგავს. გაყინული ზღვები და ტბები მარსზე ამჟამად ალბათ წითელი ქვიშითაა დაფარული.

როგორც ჩანს, მარსმა, დედამიწასთან ერთად, დიდი გამყინვარების ეპოქა გადაიტანა. დედამიწაზე უკანასკნელი დიდი გამყინვარება 12–13 ათასი წლის წინ მოხდა. მარსის ფოტოსურათები მოწმობს, რომ იქ მუდმივი გამყინვარების გრანდიოზული ფენის ლღობა მიმდინარეობს. იმის გამო, რომ მარსის კლიმატი დედამიწისაზე გაცილებით ცივია, ეს პროცესი გაცილებით ნელა მიმდინარეობს.

ამრიგად, წყლისა და ჟანგბადის ერთობლივ მოქმედებას, როდესაც კლიმატი გაცილებით თბილი იყო, შესაძლოა გამოეწვია ის, რომ მარსი წითელი ფერის ჟანგით დაიფარა, ახლა კი იგი მრავალი მილიონი კილომეტრიდან წითელი თვალივით ჩანს. და კიდევ ერთი პირობა: ეს რკინის ჟანგი შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოქმნილიყო, თუ წითელ პლანეტაზე უხვად იქნებოდა მცენარეული საფარი.

ამერიკელმა მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულებში აღმოაჩინეს მეტეორიტი, რომელიც რაღაც საშინელმა აფეთქებამ მარსის ზედაპირიდან გამოისროლა. ამ ქვაში შენარჩუნდა ის, რაც პრიმიტიული ბაქტერიების ნარჩენებს ჰგავს. მათი ასაკი დაახლოებით 3 მილიარდი წელია, ანტარქტიდის ყინულის ჯავშანმა ჩამოყალიბება კი მხოლოდ 16 მილიონი წლის წინ დაიწყო. მაგრამ უცნობია, რამდენი ხანი იყო კოსმოსში მარსის ნამტვრევი, ვიდრე დედამიწაზე ჩამოვარდებოდა. მრავალი სპეციალისტის აზრით, ძლიერი აფეთქებები მარსზე არც ისე დიდი ხნის წინ, 30–35 მილიონი წლის წინ ხდებოდა.

მაინც რას შეეძლო გაენადგურებინა სიცოცხლე ამ პლანეტაზე? ძნელი სავარაუდოა, რომ ეს დიდმა გამყინვარებამ გამოიწვია, ვინაიდან დედამიწის ისტორია საკმაოდ დამაჯერებლად ადასტურებს, რომ სიცოცხლეს შეუძლია შეეგუოს გამყინვარებას და გადარჩეს. სავარაუდოდ, წითელ პლანეტაზე სიცოცხლის მოსპობა გიგანტური ასტეროიდის შეჯახებამ გამოიწვია. ამ დარტყმებზე მეტყველებს წითელი მაგნიტური რკინის ჟანგი, რომელიც რკინის ჟანგის ნახევარზე მეტს შეადგენს.